სინგაპური - ეს ის ახალი მიმართულებააა, რომელიც კომპანია MadaMwine-ის საექსპორტო პორტფელს დაემატება. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ MadaMwine-ის დამფუძნებელმა მანანა ახვლედიანმა განუცხადა, სინგაპურთან მოლაპარაკებები უკვე წარმატებით დასრულდა, გაფორმებულია ხელშეკრულებაც და საწყის ეტაპზე, იქ 1200 ბოთლი ღვინო გაიგზავნება.
„ევროპული ბაზრების გარდა, სადაც MadaMwine-ის ღვინო წლებია წარმატებით იყიდება, წელს სინგაპური და ჰონგ-კონგი დაგვემატება. გარდა ამისა, აღსანიშნავია რომ პოლონეთმა გაზარდა შეკვეთა და იქ 2400 ბოთლი ღვინის გაგზავნას ვაპირებთ“, - აღნიშნა მანანა ახვლედიანმა.
მისივე ინფორმაციით, MadaMwine-ის მიერ წარმოებული პროდუქცია 100 პროცენტით საექსპორტოა და მასზე მოთხოვნა, ძირითადად, ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთშია.
შეგახსენებთ, კომპანია MadaMwine ქართული ღვინის ბაზარზე 2016 წლის ბოლოს გამოჩნდა და მომხმარებელს, ამჟამად, სხვადასხვა ხასიათისა და სოციალური მდგომარეობის ქალისთვის შექმნილ 5 სახეობის ღვინოს სთავაზობს. მათ შორის, სადიასახლისოს, რომელსაც კერძის მომზადების დროს იყენებენ ქალბატონები. კომპანიამ, ასევე გამოუშვა „როზე“, რომელსაც მაღალი გრადუსი არ აქვს და ახალგაზრდებზეა გათვლილი.
საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილი მოთხონის გამო, უახლოეს პერიოდში, MadaMwine წარმოების გაზრდას გეგმავს.
business-partner.ge