თანამედროვე ცხოვრების აჩქარებული რიტმი დიდ გავლენას ახდენს ადამიანის სულიერ თუ ფიზიკურ მდგომარეობაზე. ამიტომ ხშირად გვიჩნდება სურვილი, რომ პერიოდულად მშვიდ, წყნარ გარემოში, ქალაქგარეთ დავისვენოთ და აგროტურიზმით დავკავდეთ.
აგროტურიზმი ტურიზმის სახეობაა, როდესაც ტურისტის მიზანია იცხოვროს ადგილობრივი მოსახლესავით, იმუშაოს მასთან ერთად მინდორში, მოწველოს ძროხა, დაამუშაოს მიწა, იკვებოს მასთან ერთად ანუ გარკვეული დროით მასპინძლის ოჯახის წევრი გახდეს.
აგროტურიზმს, რომელსაც ასევე უწოდებენ „სამეურნეო ტურიზმს“ (ინგლისურად გამოიყენება ტერმინები: Agritourism, Agritainment, Agricultural Tourism, Agrotourism, Farm Tourism)) რამდენიმე განსაზღვრება გააჩნია.
ყველაზე ადეკვატურად გამოიყენება შემდეგი განმარტება: „აგროტურიზმი გულისხმობს რაიმე სახის აქტივობას, კერძო მეწარმეობას ან ბიზნესს, რომელიც ითვალისწინებს კონკრეტული რეგიონის მეურნეობისა და ტურიზმის უმთავრეს მიმართულებებსა და თავისებურებებს და უზრუნველყოფს ვიზიტორებისათვის დაგროვილი გამოცდილების შეთავაზებას, რაც აძლიერებს რეგიონის ეკონომიკურ აქტივობას და გავლენას ახდენს როგორც მეურნეობის, ისე რეგიონის, თემის შემოსავლებზე“.
სოფლის ტურიზმი (ფერმერული ან ბუნების ტურიზმი) გულისხმობს ტურისტთა ჯგუფების მოგზაურობას სოფლად, ზოგჯერ ცენტრებიდან მოშორებულ დასახლებებში ადგილობრივი ტრადიციებისა და სოფლის ცხოვრების გასაცნობად. ამ შემთხვევაში ტურისტული ობიექტების მეპატრონეები სოფლის მაცხოვრებლები არიან. ფერმერული ტურიზმი ითვალისწინებს ტურისტების დაბინავებას ფერმერთა სახლებში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გასაცნობად.
მაგალითად, ტურისტები ფერმერებთან ერთად გადიან პლანტაციებში, ვენახში, აკვირდებიან მათ შრომას და თვითონაც ეხმარებიან. ზოგს მეთევზეთა დასახლებებში ცხოვრება და მათთან ერთად სათევზაოდ სიარული მოსწონს.
აგროტურიზმი, როგორც ტურიზმის ერთ–ერთი ძირითადი მიმართულება XX საუკუნის მეორე ნახევარში ევროპის დიდ ინდუსტრიულ ქვეყნებში ჩამოყალიბდა, სადაც მცხოვრებთა მნიშვნელოვან ნაწილს სოფლიდან ჩამოსული მოსახლეობის მესამე თაობა წარმოადგენდა. სოფლად დასვენების მსურველნი არჩევდნენ მიმზიდველ რეგიონებს საზღვარგარეთ, იხდიდნენ ქირას. შესაბამისად, მასპინძელ ოჯახებს შემოსავალი უჩნდებოდათ.
ევროპაში აგროტურიზმი კარგად არის განვითარებული. ამ დარგს ეკონომიკური კრიზისიც ვერაფერს აკლებს. მაგალითად, როცა იტალიაში კრიზისმა შეამცირა სხვადასხვა სფეროს შემოსავალი, აგროტურიზმში ჩართული ფერმერების შემოსავალი უცვლელი დარჩა.
მსოფლიოში ტურიზმით მიღებული შემოსავლების 20%-დან 40%-მდე სწორედ სოფლის ტურიზმზე მოდის. ამჟამად აგროტურიზმის მიმართულებით მსოფლიოში ლიდერი ქვეყნებია: ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, შვეიცარია, ხორვატია, კვიპროსი, საბერძნეთი და ბულგარეთი.
მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ფერმერებსა და ტურისტებს შორის ურთიერთობა WWOOF-ის (ინგ.World Wide Opportunities on Organic Farms) პროგრამის მეშვეობით ხდება. ამჟამად ამ პროგრამაში მსოფლიოს 52 ქვეყანაა ჩართული. ორგანიზაციის ინტერნეტ მისამართია: http://www.wwoof.net.
აგროტურიზმი იმით გამოირჩევა, რომ დასვენება შესაძლებელია შედარებით მცირე დანახარჯით. ტურისტმა შეიძლება იცხოვროს ძველ, გლეხურ სახლში და ოფიციანტების ნაცვლად დიასახლისი გაუმასპინძლდეს. სტუმრები მიირთმევენ ადგილობრივ ნატურალურ პროდუქტს.
ტურისტს აინტერესებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოფა და კულტურა, ტრადიციები, კულინარია, რწმენა-წარმოდგენები, ლეგენდები და ისტორიები. ეს ის შემთხვევაა, როცა ტექნიცისტური ყოფიდან ადამიანი გადადის ნატურალისტურ ყოფაში, რაც ვიზიტორისთვის უცხოა და, ხშირ შემთხვევაში, ხელმიუწვდომელი დროის სიმცირისა თუ მის გარშემო არსებული სხვა საყოფაცხოვრებო მდგომარეობის გამო.
დიდ ქალაქებში ფორმირებული სასიცოცხლო, ურბანისტული გარემოს განუყოფელი ნაწილია ადამიანი და მისი საქმიანობით შექმნილი ტექნოსფერო. ამ გარემოში მეტად თვალსაჩინოა ანთროპოგენური ზემოქმედების უარყოფითი შედეგები, რაც წარმოშობს რთულ და მრავალფეროვან ანთროპოეკოლოგიურ პრობლემას.
ე.წ. „ეკოლოგიური კრიზისის“ პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ინდუსტრიული პროცესების შედეგად ბუნება მეტისმეტ გარდაქმნასა და, ბოლოს, გადაგვარებას განიცდის ისე, რომ მასში თანდათანობით ისპობა სიცოცხლის ელემენტარული პირობები, ამიტომ თანამედროვე ადამიანების უმრავლესობა ესწრაფის დასვენებას რეკრეაციულ და მყუდრო გარემოში, რაც უფროდაუფრო ცოტა რჩება დედამიწაზე.
აგროტურიზმის სისტემა ვიზიტორს საშუალებას აძლევს, მოსწყდეს ტექნიცისტურ სამყაროს და ინტენსიური, მეგობრული ურთიერთობები დაამყაროს ადგილობრივებთან. მასპინძლები ემსახურებიან სტუმრებს ოფიციანტებად, მზარეულებად.
თანამედროვე ტურისტს, რომელიც გამოექცა ურბანისტულ გარემოს და ტექნიცისტურ ყოფას, აინტერესებს შინაური საჭმელების გაკეთება და დაგემოვნება. სტუმრები მიირთმევენ სხვადასხვა სახის შინაურ ყველს, ლორს, ხაჭაპურს, ხინკალს, ჩურჩხელას, ჩირს, აგრეთვე ადგილობრივ ღვინოებს.
არის სხვაობა ფასებში. სოფელში შეიძლება დაისვენო უფრო იაფად და ამასთანავე იმ გარემოში სადაც ვენახი, ხეხილის ბაღი ანდა ფერმებია. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ხშირ შემთხვევაში ასეთი ადგილები ეკოლოგიურად სუფთა და ესთეტიკურად ლამაზ გარემოშია მოქცეული, ეს კიდევ ერთ დადებით კომპონენტს წარმოადგენს ტურისტისთვის.
ოჯახური ვიზიტის შემთხვევაში ბავშვებს უწყობენ სეირნობას ცხენებით. მშობლები კი სიამოვნებით აკვირდებიან რძის მოწველას, ყველის დამზადებას, ვაზის მოვლას, ასწავლიან ეროვნული კერძების მომზადებას ან, ინტერესის შემთხვევაში, მიჰყავთ სათევზაოდ.
ზემოჩამოთვლილი შესაძლებლობებიდან თითქმის ყველას განვითარებაა მოსახერხებელი საქართველოში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს გააჩნია კიდევ ერთი განსაკუთრებულობა – ესაა მისი ეთნოგრაფიული მრავალფეროვნება.
ბუნება, ბუნებრივი გარემო, თუნდაც ლანდშაფტის დონეზე, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მასში საუკუნეთა განმავლობაში მცხოვრები ხალხის ხასიათისა და კულტურის თავისებურებათა ჩამოყალიბებას. ეს რომ ასეა, ამაში იოლად დავრწმუნდებით, როცა განსხვავებულ ბუნებრივ გარემოსა და მასში მობინადრე ხალხის კულტურის თავისებურებათა შედარებით განხილვას მოვახდენთ.
ქართველთა განსახლების ისტორიული ტერიტორია, ისე როგორც ყველა ხალხისა, შედგებოდა სხვადასხვა ტერიტორიული ერთეულისაგან. ამ ტერიტორიულ ერთეულებს შეიძლება ისტორიულეთნოგრაფიული, ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეები ვუწოდოთ (ქართულ საისტორიო წყაროებში ამ
ისტორიულ-ტერიტორიული ერთეულების აღსანიშნავად „თემი“ გამოიყენებოდა. აღნიშნულ ტერმინს ხმარობდა დიდი ქართველი ისტორიკოსი ივანე ჯავახიშვილიც), რომლებიც ისტორიის სხვადასხვა პერიოდში ჩამოყალიბდა, ზოგიერთი საკმაოდ ადრე, ზოგიც კი შედარებით გვიან.
თითოეული ისტორიულ-ეთნოგრაფიულ ერთეული სპეციფიური ეთნოგრაფიული თავისებურებებით ხასიათდებოდა, რაც მათ დღემდე შემოინახეს. თითოეულ ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მხარეში მაცხოვრებელ ქართული ეთნოსის წარმომადგენლებს, როგორც მიღებულია დღევანდელ ეთნოგრაფიულ ლიტერატურაში, ჩვენც შეიძლება ეთნოგრაფიული ჯგუფი ვუწოდოთ.
ქართული ეთნოსით დასახლებული ტერიტორია უაღრესად რთული რელიეფითა და მრავალფეროვანი ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობებით ხასიათდება. სწორედ ამით და სამეურნეოეკონომიკური განვითარების თავისებურებებით, ისტორიული განვითარების მსვლელობით იყო განპირობებული არცთუ ისე მცირე ისტორიულ-გეოგრაფიული /ისტორიულ-ეთნოგრაფიული ტერიტორიების (მხარეების) არსებობა და შესაბამისად, ქართულ ეთნოსში ეთნოგრაფიული ჯგუფების სიმრავლეც.
სამეცნიერო ლიტერატურაში აღნიშნულია, რომ „ესა თუ ის ქართული ისტორიულგეოგრაფიული „ქვეყანა“ გარკვეულ დროსა და ვითარებაში ჩნდება, სახეს იცვლის დროსა და ვითარების შესაბამისადვე: იზრდება, მცირდება თუ მოიშლება…” (ბერძენიშვილი, 1975, გვ. 345).
საქართველოს ერთი ეთნოგრაფიული ჯგუფის წარმომადგენლებს თუ პურეული კულტურები ჰქონდათ მეტი რაოდენობით, სხვებს მევენახეობის პროდუქტები, ხილეული, მესაქონლეობისა და მეცხვარეობის პროდუქტები გააჩნდათ. ასე რომ, საქართველოს ეთნოგრაფიული ერთეულები დანაკლისს სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ერთმანეთთან სამეურნეო-ეკონომიკური კავშირებით ივსებდნენ.
ეს ისტორიული გამოცდილება პირდაპირი რეკომენდაციია აგროტურიზმის განსავითარებლად. ყველა კუთხეში შესაბამისი ტრადიციული კულტურების განვითარებაა უპრიანი, რასაც თან სდევს ის სულიერი კულტურა რომელიც ჯერ კიდევ შემორჩენილია მოსახლეობაში.
ეთნოგრაფიული მრავალფეროვნება განპირობებული იყო ამა თუ იმ ქვეყნის ბუნებრივგეოგრაფიული პირობებითა და ისტორიული განვითარებით. საქართველოს ბუნებრივ-გეოგრაფიული კლიმატური გარემო კი უაღრესად მრავალფეროვანია.
ამიტომ, ეროვნულ კულტურათა თავისებურებებისა და სხვადასხვაობის წაშლა და დაკარგვა, როგორც ვთქვით, აუნაზღაურებელი დანაკლისი იქნებოდა კაცობრიობისათვის. იგი კაცობრიობის ცხოვრების გაღარიბებასა და გაღატაკებას მოასწავებს ისევე, როგორც სიღარიბისა და სიცარიელის მომასწავებელია ფერთა შეხამების შენაცვლება ერთი საერთო „საშუალო“ ფერით.
აქედან გამომდინარე, თუ დავიცავთ ეთნოლოგიური ყოფის მრავალფეროვნებას აგროტურიზმის თვალსაზრისთ, ძალიან მდიდარ რესურსთან გვექნება საქმე.
ის, რომ საქართველოში ჩამოსულ ტურისტს კახეთიდან აჭარამდე ერთიდაიმავე მენიუსა და შაბლონურ ტურებს ვთავაზობთ, ეს მხოლოდ რესურსების არასწორად გადანაწილებაზე მეტყველებს და, შესაბამისად, ტურიზმის განვითარებასაც ხელს უშლის.
ყველა კუთხეს აქვს თავისი დამახასიათებელი სამზარეულო, რომელიც ბევრი ქართველისთვისაც კი უცნობია. შესაძლებელია ამ მივიწყებული კერძების გაცოცხლება, ასევე, ზოგიერთი კერძის ძველი ტექნოლოგიისა, რომელსაც ოჯახურ პირობებში იყენებდნენ მაგ. კარაქი ყველი…) ან ერთი კერძის სხვადასხვა ტექნოლოგიით მომზადება (მაგ.: კორკოტი და წანდილი).
პურის თემა ხომ ამოუწურავია საქართველოში! ყველა კუთხეში სხვადასხვანაირად აცხობდა ქართველი პურს და შესაბამისად ერთიმეორეზე უკეთესი და განსხვავებული სახის პური გვხვდება.
მივიწყებულია ბევრი ხელობა ან უკვე გამოუსედეგარად ითვლება, იმიტომ რომ პროდუქტი, ზოგადად, მზა სახით შემოდის და წვალების გარეშე შეიძლება მისი ყიდვა. მაგრამ თვითონ ხელნაკეთი ნივთის დამზადების პროცესი არანაკლებ მიმზიდველია ვიზიტორისთვის.
ძალიან მოთხოვნადია მეთუნეობა, თექა, მოქსოვილი პაჭიჭები თუ წინდები, ხის ჭურჭელი, მინანქარი, ქართული საკრავები, თავსაფარები და ყველანაირი სუვენირი, რომელიც ხელითაა გაკეთებული. ბევრ რაიონში გაიხსნა სოციალური საწარმოები და აღსანიშნავია, რომ ტურისტებისთვის განკუთვნილ პროდუქტზე ორიენტირებული ყველა წარმოება წარმატებული აღმოჩნდა.
აგროტურიზმი შესაძლოა ასეთ სფეროზეც აეწყოს. ამის მაგალითები მრავლადაა ევროპაში, სადაც ფერმის ან აგროპროდუქტის გვერდით წარმატებით მუშაობს სახელოსნო.
უნდა ითქვას ისიც, რომ ყველა სოფლის გარშემო არსებობს უამრავი საინტერესო ტოპონიმი და ლეგენდა, რაც ასევე აუცილებელი ატრიბუტია ტურისტული ბიზნესისთვის. ასეთივე დანიშნულება ეძლევა აგროტურიზმში ძველ თამაშობებს (ლახტი, ჯირითი, ჭიდაობა).
ფერმერი კარგად იცნობს ადგილობრივ გზებს, გადასასვლელებსა და გეოგრაფიულ ლანდშაფტს, რაც კიდევ ერთი, დამატებითი სერვისის შესაძლებლობას ქმნის: შესაძლებელია გაკეთდეს საფეხმავლო ან საცხენოსნო მარშრუტი.
თუ აგრობიზნესის ობიექტი ზამთრის კურორტთან ახლოსაა, ფაქტიურად, სეზონურობის პრობლემა ბათილდება და მთელი წლის განმავლობაში აგროტურისტულ საწარმოს ერთნაირი შედეგი ტურისტების ზრდის მიუხედავად მაინც პრობლებად რჩება მომსახურების სფერო საქართველოში.
ქართული სტუმართმოყვარეობა ცნობილია თავისი მაქსიმალისტური ხასიათით, მაგრამ ვერ მოხდა ამის რეალიზაცია ტურისტული ბიზნესის სფეროში. რა თქმა უნდა არის წარმატებები, მაგრამ საერთო სურათი ნელა მიიწევს წინ. ამ სფეროს წარმატებას ვხედავ სწორედ აგროტურისტულ ბიზნესში, რადგან მასპინძელი თავის ტრადიციულ ამპლუაში გრძნობს თავს და არა იძულებით სიტუაციაში.
იგი გააკეთებს ძალიან დახვეწილად იმას, რაც უკეთებია ტრადიციულად საუკუნეების მანძილზე, ის მეტად იქნება ორიენტირებული თავის როლზე. ამის მაგალითი ბევრია და სტატისტიკაც მოწმობს, რომ უფრო მეტი კმაყოფილი ტურისტია გამოსული საოჯახო სასტუმროდან, ვიდრე რესტორნიდან ან დიდი სასტუმროდან.
ეს მრავალფეროვნება იმდენად მიმზიდველია, რომ ტურისტს კვლავ და კვლავ აბრუნებს ქვეყანაში და ყოველი მოგზურობა ხდება განსხვავებული და ინფორმაციული.
აქვე უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ტურიზმით შემოსული ფული პროპორციულად არ ნაწილდება, როცა შეიძლება რომ სოფელშიც გაჩნდეს სამუშაო ადგილი და მეტი შემოსავალი. ეს თავის მხრივ გლეხს დააკავებს სოფელში და ეთნოლოგიური კულტურაც მეტად შენარჩუნდება.
აქედან გამომდინარე, როცა სოფლის მოსახლე ამ ბიზნესით დაინტერესდება, უფრო მეტად გაუფრთხილდება მის გარშემო არსებულ ეკოსისტემას. თუ იგი მიხვდება რომ ტყე, გარდა სასიცოცხლო დანიშნულებისა, აძლევს შემოსავალს მისი განადგურების გარეშე, ესეც ერთი სიკეთე იქნება მისთვის და ქვეყნისთვის.
მიუხედავად ამდენი რესურსისა, მაინც საჭიროა მუნიციპალური მთავრობისგან მხარდაჭერა და ძალისხმევა ასეთი პროექტების მიმართ. უპირველესად, მოსაწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, გზები და სამედიცინო პუნქტები. ამ ღონისძიებებს ისინი ლობირებას უნდა უწევდნენ დონორი ორგანიზაციების წინაშე.
ასეთი ტიპის ბიზნესს რესტორნებში შერეულ ცეკვა-სიმღერის რეპერტუარს სთავაზობენ, რომლის წარმოშობაზე და შინაარსზე არ ეძლევა ინფორმაცია ვიზიტორს, რაც არასერიოზულ დამოკიდებულებას უფრო ჰგავს. რადგან შესაძლებელია გაცილებით მეტი ინფორმაცია გადაეცეს ვიზიტორს კულტურით, თუკი მას სწორად მივაწვდით. გასათვალისწინებელია, რომ ასეთი ცეკვა და პოლიფონია ყველა კუთხეს აქვს და, რაც მთავარია, ხშირად მათ შორის არიან ოჯახური ანსამბლებიც. სამწუხაროდ, ნელნელა მათი რიცხვი მცირდება.
საბოლოო ჯამში ეთნოლოგიური ყოფა და კულტურა ის რესურსია, რომელმაც უნდა გაამდიდროს აგროტურისტული ბიზნესი საქართველოში, აქციოს ის ორმაგად წარმატებულ და მზარდ ბიზნესად.
თავის მხრივ სოფელი დამაგრდება და მიგრაციას შეუშლის ხელს, ამასთანავე შეინარჩუნებს თვითმყოფად კულტურას და ეთნოლოგიური ყოფის ელემენტებს, რომლებიც დავიწყების პირასაა მისული. ეს გამოიწვევს სამთო კურორტებზე სეზონების გაბათილებასაც, ტურისტები უფრო კარგად გაეცნობიან ჩვენს მთას და სოფელს, რაც სამზარეულოდან დაწყებულ კულტურულ სივრცეს უფრო კარგად დაანახვებს ვიზიტორს; გაჩნდება სოფლად სამუშაო ადგილები, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ცხოვრების დონის ამაღლებას და გლეხი დაიწყებს გარემოს დაცვაზე ზრუნვას.
ავტორი: გიორგი ჩერქეზიშვილი / საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი/.
Agrokavkaz.ge