„ქართულ დავოსად“ წოდებული ბაკურიანი ზამთრის სეზონს მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურით და ანტისანიტარიით ხვდება
ზამთრის სეზონს ბაკურიანი ძველი პრობლემებით ხვდება, კურორტზე ინფრასტრუქტურა კვლავ მოუწესრიგებელია. სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ანტისანიტარიაც. კურორტზე გასართობი დაწესებულებების სიმცირეა. როგორც ბაკურიანში მდებარე სასტუმროების წარმომადგენლები „კომერსანტთან“ საუბარისას აცხადებენ, რეგიონი ვითარდება, თუმცა ამისთვის სწრაფი ტემპებია საჭირო.
„კომერსანტთან“ საუბრისას, Hotel Mgzavrebi Bakuriani-ს ქსელის გენერალური მენეჯერი ნიკო ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ სასტუმროში ნომრები ახალი წლისთვის უკვე დაჯავშნილია, ხოლო ამჟამად სასტუმროს ნომრების 50%-ზეა ჯავშანი. რაც შეეხება რეგიონში არსებულ პრობლემებს, ლორთქიფანიძის აზრით განსაკუთრებით მწვავედ ინფრასტრუქტურული პრობლემები დგას.
„ჩვენ სასტუმროში ნომრები ახალი წლისთვის 50%–ით არის დაჯავშნილი. მიუხედავად იმისა, რომ ბაკურიანში როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რეგიონი ძალიან ბევრი პრობლემის წინაშე დგას – მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა, ინტერნეტიზაციის პრობლემებია და გასართობი ადგილები თითქმის არ არის. თუმცა ამჟამად ჩვენთან კოხტაგორის მთისკენ მიმავალი გზის დაგება ხდება. რა თქმა უნდა, ბაკურიანი ვითარდება, თუმცა გზასთან დაკავშირებული პრობლემები მაინც არსებობს. ხშირია ქვეითთა გადასასვლელების არ არსებობა.
რაც შეეხება გასართობ ადგილებს ბაკურიანში ამის პრობლემა ნამდვილად დგას, თუმცა სასტუმრო ცდილობს, რომ ეს სერვისი დამსვენებლებს თავად შესთავაზოს“, - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
რეგიონში მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე და გასართობი ადგილების ნაკლებობაზე საუბრობს სასტუმრო Snow Plaza-ს მენეჯერი ნანა ომანიძეც. გარდა ამ პრობლემებისა მენეჯერი ბაკურიანში არსებულ ანტისანიტარიასაც უსვამს ხაზს.
„ამ ეტაპზე ჯავშნების საკითხთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
რაც შეეხება რეგიონში არსებულ პრობლემებს, გზების მოწესრიგება პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ. ასევე ანტისანიტარიასთან დაკავშირებული პრობლერმებია. ტურისტისთვის მტვრიან გარემოში დასვენება გაუსაძლისია, რაც სასტუმროზეც აისახება. რეგიონში ასევე გაზიფიკაციის და ელექტროენერგიის პრობლემა დგას. ამ პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით მთავრობის მხრიდან ახალი არაფერი მომისმენია.
ასევე მეტი გასართობი ადგილი უნდა არსებობდეს, რომელიც მთელი წლის განმავლობაში იმუშავებს და ამას მხოლოდ სეზონური სახე არ ექნება“, - განმარტა ომანიძემ.
ბაკურიანში არსებულ პრობლემებზე საუბრობს, Hotel Crystal-ის დამფუძნებელი ქეთევან ხარაძეც. ხარაძეს მიაჩნია, რომ ბაკურიანს ამ ეტაპზე კურორტის სახე არ აქვს.
„ინფრასტრუქტურის პრობლემა როგორც სხვა სასტუმროებს რა თქმა უნდა, ჩვენც გვაწუხებს. ასევე ბაკურიანში არ არის გასართობი ადგილები. აღნიშნული პრობლემების გამოსწორებასთან დაკავშირებით რაღაც კეთდება, თუმცა სამომავლოდ რა იქნება, არ ვიცით. პრობლემების მოსაგვარებლად საჭიროა დაბის განვითარება და სასურველია, რომ ამ მიმართულებით სწრაფი ნაბიჯები გადაიდგას. ბაკურიანი უნდა დაემსგავსოს ნამვილ კურორტს და არ უნდა ჰგავდეს სოფელს.
რაც შეეხება ჯავშნებს, ძირითადად მას ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან ვიღებთ“, - აღნიშნა ქეთევან ხარაძემ.
„კომერსანტთან“ საუბრისას, ბაკურიანის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი მარიკა მანკიევი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე რეგიონში ძირითად პრობლემას სველი წერტილების არარსებობა წარმოადგენს.
ავტორი: ლიკა გურაბანიძე
commersant.ge