ქართულ ღვინოზე შვეიცარიაში მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. ამის დასტურია ქართველი მეღვინის, გიორგი ალადაშვილის მაგალითიც. “რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის” ღვინო ამჟამად ჟენევაში, ბაზელში, ივეღდონსა და ლოზანას 2 მაღაზიაში იყიდება. ლოზანაში ერთერთი მაღაზიაა “Boiron La passion du vin”, სადაც ამ ეტაპზე ხიხვის ჯიშის ღვინოა წარმოდგენილი სარეალიზაციოდ და როგორც მაღაზიის მენეჯერი აცხადებს აღნიშნული ღვინით დაინტერესება ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გაიზარდა.
““რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის” ღვინო უკვე თითქმის 6 თვეა, რაც ჩვენს მაღაზიაში იყიდება. თავდაპირველად მაღაზიის მეპატრონემ ჩაატარა დეგუსტაცია და მომენტალურად დათანხმდა, რომ ეს ღვინო დარჩენილიყო ჩვენ მაღაზიაში. ზუსტად ვერ გეტყვით ამ დრომდე რამდენი ბოთლია გაყიდული, მაგრამ ფაქტია, რომ რამდენიმე ადამიანი უკვე სისტემატიურად მოდის ხოლმე და ყიდულობს ქართულ ღვინოს” – აცხადებს ჟოელ მოღა, მაღაზიის მენეჯერი.
ლოზანაში გაყიდული პროდუქციის დინამიკაზე უფრო დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის გიორგი ალადაშვილი, რომლის თქმითაც 6 თვის წინ თუ 7 ყუთი ხიხვი შეიტანა ზემოაღნიშნულ მაღაზიაში, მეორე ეტაპზე უკვე 10 ყუთზე იყო მოთხოვნა, ახლა კი ყოველი ახალი მომარაგების დროს რაოდენობა 2-3-ით იზრდება. როგორც მაღაზიის მენეჯერი, ისე თავად გიორგი აღიარებენ, რომ “Boiron La passion du vin”-ში პროდუქციის შეტანა არ არის მარტივი. ღვინო აუცილებლად უნდა იყოს ბიო, ხოლო გემოები მაქსიმალურად დაბალანსებული.