ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქართულ სოფლებს ყველაზე მეტად ინტელექტუალური მხარდაჭერა სჭირდება
15 ოქტომბერი, 2021

სასურსათო თვითუზრუნველყოფა, ხარისხი და ტექნოლოგიური განვითარება მთავარი პრობლემებია, რაც აგროსექტორის გამოწვევებს შორისაა. ამ ჩამორჩენის მიზეზად სპეციალისტები ინოვაციების სიმცირეს მიიჩნევენ. აჭარის რეგიონში მცხოვრები ექსპერტი, პროფესორი პაატა აროშიძე სოფლის მეურნეობის საჭიროებებს კარგად იცნობს. ამბობს, რომ  ინტერელექტუალური მხარდაჭერა არსებულ  პრობლემას მნიშვნელოვნად მოაგვარებს. შესაბამისად, აგროექსპერტის მთავარი რეკომენდაციაა,  ევროკავშირის ფინანსური დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ინოვაციების დანერგვას და ტექნოლოგიურ წინსვლას მოხმარდეს.

„სოფლებისთვის, ამ შემთხვევაში, აჭარისთვის, მნიშვნელოვანია ინტელექტუალური დახმარება, ყველაზე მეტ დაბრკოლებას ცოდნის დეფიციტი გვიქმნის. ევროკავშირის პროგრამები  აგროსექტორის განვითარებისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, თუმცა ამ ეტაპზე სასურველი იქნება, თუკი  დარგის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებს მოხმარდება.

ფერმერებს სისტემატურად უნდა უტარდებოდეთ ტრენინგები, რაც  მათ საქმიანობაზე  დადებითად აისახება.  ამიტომ თუ რეალურად დაინტერესდებიან, სარგებელს მიიღებენ.  ევროკავშირის  საქმიანობა ამ მიმართულებით კარგია, თუმცა ეს პროცესი დღეს არ დაწყებულა, საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს. ჩვენ არაერთი შემთხვევა გვაქვს, როცა პროექტის დაფინანსება დასრულდა და მისი არსებობაც მალე შეწყდა, რადგან შესაბამისი განათლება არ იყო, ამიტომ ვამბობ ასე დაჟინებით, რომ სწავლებაში ჩადებული თანხა  უფრო მეტ შედეგს გამოიღებს“, - ამბობს აროშიძე.

მისი თქმით, პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს ამა თუ იმ სოფლის საჭიროებებს და ადგილობრივ თვითმმართველობებთან კომუნიკაცია გაძლიერდეს.

აგროექსპერტის შეფასებით, მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა, როგორიცაა ისრაელი, ჰოლანდია, გერმანია და აშშ, დიდ წარმატებას მიაღწიეს სწორედ ტექნოლოგიური განვითარებით, რაც საქართველოსთვის ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება.

„სოფლის მეურნეობაში ინოვაციები ახალი თემა არ არის, მაგრამ მთავარია საქართველოს ეკონომიკა მთლიანად ინოვაციური ხაზით წავიდეს, მათ შორის სოფლის მეურნეობა. 30 წლის წინანდელ მდგომარეობასთან შედარებით ტექნოლოგიურად ფაქტობრივად არაფერი შეცვლილა. დარგი ისევ ძველი ტექნოლოგიებით ვითარდება. ზუსტად ისე ხდება მიწის დამუშავება, მოსავლის მიღება და შემდეგში გადამუშავება, როგორც ვთქვათ, 40 წლის წინ ხდებოდა. ამ დროს აგრარული სფერო გაცილებით წინ წავიდა ინოვაციების თვალსაზრისით მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში. გერმანია რომ ავიღოთ, აშშ, ჰოლანდია და კანადა, მათ ამ გამოწვევას კარგად გაართვეს თავი სწორედ ინოვაციური პროექტების მხარდაჭერით. ამას თუ მივაღწევთ, არსებული პრობლემის დაძლევა არ გაგვიჭირდება. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ძალიან დიდ ფულს ხარჯავენ  სწორედ ტექნოლოგიური უზრუნველყოფის მიმართულებით, ნებისმიერი ევროპული ქვეყანა ამ მხრივ ძალიან წინ წავიდა. ისრაელი ამ თვალსაზრისით, 50 წლის წინაც შორს იყო და, მით უმეტეს ახლა, მაღალ დონეზე დგას. დარგი მეცნიერულად ვითარდება, საქართველოში კი მოსავლიანობას მიწის ხარისხის მიხედვით ვზომავთ, რაც არასწორი მიდგომაა. რეალურად თუ განვითარდება დარგი, სახელმწიფოს დიდი სარგებელს მოუტანს, თორემ ფული იხარჯება, 2 მილიარდზე მეტია სუბსიდირების ხარჯი და შედეგი რეალურად არ არის. ამის მიზია ის, რომ დღესაც ტრადიციული გაგებით ვითარდება დარგი, რასაც ჩვენი მამა-პაპანი აკეთებდნენ“, - აცხადებს პაატა აროშიძე. 

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საპილოტე პროგრამის ფარგლებში 40 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება, - ამის შესახებ მთავრობის 12 ოქტომბრის სხდომის შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 2021-22 წლებში 20 მილიონი ლარის მიმართვა მოხდება სოფლის განვითარების სააგენტოში.

პროგრამა ითვალისწინებს როგორც ახალი საწარმოების შექმნას, ასევე არსებული საწარმოების განვითარებას, მოდერნიზაციას, გაფართოებას.

ირაკლი ქარსელაძის ინფორმაციით,  დაფინანსების ფარგლებში შესაძლებელი იქნება მანქანა-დანადგარების, ინვენტარის შეძენა, შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების დაფინანსება და განხორციელება და ა.შ. 

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.