ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქართულ წარმოებაში ბიო-პროდუქტების წილი 1%-ს არ აღემატება
17 აგვისტო, 2021

საქართველოს სოფლის მეურნეობაში ბიოპროდუქტების წილი 1%-ის ფარგლებშია. იმ ფონზე, როცა მთელ მსოფლიოში ბიოწარმოებაზე მზარდი მოთხოვნაა და საქართველოც, ერთი შეხედვით, აქცენტს ორგანულ წარმოებაზე აკეთებს, დარგი რეალურად დიდ ჩამორჩენას განიცდის. როგორც გაირკვა, საქართველოში ბიოპროდუქტს 142 კომპანია აწარმოებს. დაახლოებით 90 კონვერსიული მეურნეობა სერტიფიცირების სამზადისშია.

დღეს საქართველოში საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ერთადერთი ორგანოა „კავკასსერტი“, რომელიც ბიო სერტიფიკატს გასცემს. კომპანიის ხარისხის მენეჯერის ზურაბ ნადარეიშვილის განცხადებით, ბოლო რამდენიმე წელია გაიზარდა მეწარმეთა რაოდენობა, რომელთაც საკუთარი მეურნეობის ორგანულად გარდაქმნა უნდათ.

„მწარმეთა სიაში ყველაზე მეტი მევენახეობის სეგმენტიდანაა, თუმცა ექსპორტის თვალსაზრისით, ამ მხრივ ლიდერ პოზიციაზე ველურად მზარდი მცენარეებია. კომპანიაში დარეგისტრირებულთა ნახევარი სერტიფიცრებულია, ანუ კონვერსიის პერიოდი გაიარეს. კონვერსიის პერიოდი ნიშნავს, როდესაც მეწარმე გააკეთებს განაცხადს რომ უნდა ბიომეთოდით აწარმოოს პროდუქცია, მერე უნდა გაიაროს გარდამავალი პერიოდი და 3 წლის შემდეგ მიღებული პროდუქტი ითვლება ბიოპროდუქტად. ამ 3 წლის განმავლობაში სერტიფიცირების ორგანო ინსპექტირებებს უტარებს. წლის განმავლობაში სავალდებულოა 1 გეგმიური ინსპექტირება. იმ შემთხვევაში თუ ფიქსირდება დარღვევა ან თუ არის ბიო და სტანდარტული მეურნეობა შერწყმული ერთი მეურნეობის ფარგლებში, რისკი მაღალია და შეიძლება ჩატარდეს გაუფრთხილებელი ინსპექტირებაც“, – ამბობს ზურაბ ნადარეიშვილი.

ბიოსერტიფიკატს კანონიერი ძალა აქვს როგორც საქართველოში, ისე ევროკავშირის ყველა ქვეყანასა და შვეიცარიაში.

რაც შეეხება სერტიფიკატის მიღების და შემდეგ უკვე, ინსპექტირებისთვის გასაწევ ხარჯს, როგორც ნადარეიშვილი ამბობს, საქართველოში მეურნეობები ყველაზე ხშირად დაახლოებით 0-10 ჰა-მდეა. ასეთ შემთხვევაში, ინსპექტირებას სჭირდება 3 საათი, თითო საათი ჯდება 120 დოლარი, მაგალითისთვის კახეთი რომ ავიღოთ,  სავარაუდოდ, ერთი ინსპექტირების საშუალო ფასი 400-450 დოლარია.

ბიო-ყურძნის მწარმოებელი თამაზ ომანაძე ბიო-სერტიფიკატს 2013 წლიდან ფლობს. მისი თქმით, სტატუსის შესანარჩუნებლად ყოველწლიურად 1200 დოლარის ხარჯი აქვს, რაც დამწყები მეწარმეებისთვის გაცილებით მეტია და 1500 დოლარს აღწევს. ომანაძის განცხადებით, იმ ფონზე, როცა მთავრობა ბიო-ყურძნის წარმოების ხელშეწყობაზე საუბრობს, მევენახეების ნაწილი იძულებულია მაღალი ხარჯის გამო სტატუსის მიღებაზე, თუნდაც დროებით, უარი თქვას.

„საქართველოში რამდენიმე მეწარმეა, ვინც 3-წლიანი დაკვირვების ქვეშ იყო, მაგრამ უარი განაცხადა იმის გამო, რომ თანხის გადახდა ვერ შეძლო, საერთოდ გაანებეს თავი. ბიო-ყურძნის წარმოება რომ შეძლონ ფერმერებმა, სახელმწიფოს მხრიდან სჭირდებათ დახმარება,  უკიდურეს სიტუაციაში, მთავრობამ თანადაფინანსება მაინც მოახდინოს. ზეპირი განცხადებებით და დაპირებებით ეს სფერო ვერ განვითარდება. მერვე წელია, ბიოწარმოება დავიწყე, ვუშვებ 5 დასახელების ბიო-ღვინოს და მე მიჭირს ამ ხარჯთან გამკლავება, დამწყები მეწარმეებისთვის ხომ საერთოდ წარმოუდგენელია. დახმარების მაგივრად, ისედაც მცირე სექტორი გაძლებაზეა“, - აცხადებს მეწარმე.

ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა. მათ შორის საქართველოსთვისაც, სადაც, სპეციალისტების შეფასებით,  ბიოპროდუქტების წილი 1%-ზე ნაკლებია.  წარმოების მაღალი ხარჯი, ცოდნისა და ტექნოლოგიური ჩამორჩენა მთავარი პრობლემებია, რაც სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელის კობა კობალაძის შეფასებით, ბიოწარმოებას ხელს უშლის.

„შეიძლება,  ზოგს ჰგონია, რომ შხამ-ქიმიკატებს არ გამოიყენებს და ეს საკმარისია ხარისხიანი პროდუქტის მისარებად, ძალიან ცდება. მთელი აგროღონისძიებებია ჩასატარებელი, რომ ადამიანმა ხარისხიანი, უსაფრთხო პროდუქტი მიიღოს. განათლების გარეშე სოფლის მეურნეობა ვერ განვითარდება, მაგრამ არა მხოლოდ ფერმერებს, სერვისის მიმწოდებელ პირებსაც არ აქვთ შესაბამისი ცოდნა. ფერმერი ასეთ პროდუქტს ტრადიციული მეთოდით ვერ მიიღებს, აგრარული სფერო მთელ მსოფლიოში ვითარდება და ტენდენციას უნდა ავყვეთ. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ  მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენების გარეშე ორგანული პროდუქტის მოყვანა წარმოუდგენელია. ასეთ სიტუაციაში განვითარდება მცენარის დაავადება, მაგალითად, როგორიცაა აპოტექსინი, რომელსაც სიმსივნის გამოწვევა შეუძლია. მთელ მსოფლიოში არის ბიოწარმოების პრობლემა, საქართველოზე ვსაუბრობთ, სადაც 1%-ს ვერ გასცდა ბიოწარმოების მოცულობა, თუმცა განვითარებული ქვეყნებისთვის ეს მაჩვენებელი 15%-ს არ აღემატება, ამ მხრივ მათაც პრობლემა აქვთ“, - განმარტავს მეცნიერი.

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ბიოპროდუქტის რეალიზაცია ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებშია, სადაც მოთხოვნა უმეტესწილად კენკროვან კულტურებსა და სამკურნალო ფოთლებზეა. ევროპულ ბაზრებზე გადის ასევე ბიო თხილი, დაფნა და ჩაი.

რაც შეეხება ბიო-ღვინოს,  ევროპაში ასეთი პროდუქტის  ყველაზე მსხვილი მწარმოებლები ესპანეთი, საფრანგეთი და იტალია არიან. ამ ქვეყნებში ზოგიერთი პრესტიჟული ღვინის მამულიც კი ორგანულ მეურნეობად გარდაიქმნა. საფრანგეთსა და ხორვატიაში ორგანული ბაზრის 10%-ზე მეტი უკავია ღვინოს, ნორვეგიასა და შვედეთში კი - ბაზრის 5%.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.