ქართული ბრენდის მწარმოებლებისთვის 2024 წლიდან ასამოქმედებელი ვალდებულება გადავადდა.
ვალდებულება გულისხმობდა 2024 წლის 2 იანვრიდან ეტიკეტზე, „აღნიშვნა ქართული ბრენდის“ მითითებას იმ შემთხვევაში, თუ ბრენდის საწარმოებლად გამოყენებული იქნებოდა საქართველოში მოყვანილი პროდუქციის არანაკლებ 85%.
გადავადების ინიციატორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა.
დღეის მდგომარეობით, ქართული ბრენდი არანაკლებ 50%-ით საქართველოში მოყვანილი ყურძნისგან დამზადებული ღვინის დისტილატის გამოყენებით უნდა იყოს წარმოებული. თუმცა, როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, კერძო სექტორთან კონსულტაციის შედეგად გამოიკვეთა, რომ 85%-იანი მაჩვენებლის მიღწევა სექტორს გაუჭირდება.
მიზეზი საფასო სხვაობაა - დღესდღეობით ბრენდის მწარმოებლები ევროპის ქვეყნებიდან ახორციელებენ ბრენდის წარმოებისთვის საჭირო დისტილატების იმპორტს, რაც გაცილებით იაფი უჯდებათ, ვიდრე საქართველოში შესყიდვა. მწარმოებლებს საბოლოო პროდუქტი - ბრენდი ევროკავშირის, ჩინეთისა და უკრაინის ბაზრებზე გააქვთ. თუმცა, მოსალოდნელია, რომ ახალი ვალდებულება ქართულ ბრენდს გააძვირებს და საექსპორტო ფასებზე ნეგატიურად აისახება.
„ნამდვილად არის ფასთაშორისი სხვაობა ისეთი, რომ საბოლოო პროდუქტის ფასის გაძვირებას გამოიწვევს. არსებული გარემოებები ასეთია, რომ საქართველოში კლიმატური პირობები წელსაც, ყურძნის მოსავლიანობაზე აისახა. ამიტომ, რადგანაც ქართულ ბრენდზე მოთხოვნა მზარდია, რადგანაც სექტორს აქვს სურვილი, რომ უარი არ თქვას ამ ვალდებულებების დაკმაყოფილებაზე, სახელმწიფოსთვისაც მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული რაციონალური ვადები იყოს იმისათვის, რომ ექსპორტს ხელი არ შევუშალოთ“ - აცხადებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“.
მიღებული გადაწყვეტილებით, ქართული დისტილატების სავალდებულო მოცულობა ბრენდის წარმოებაში მომდევნო 5 წლის განმავლობაში ეტაპობრივად, 5-10%-ით გაიზრდება, რაც კერძო სექტორს საშუალებას მისცემს ეტაპობრივად განახორციელოს რეფორმა.
bp.ge