მესხური ღვინო ტრადიციული ქართული ღვინისგან რადიკალურად განსხვავებულია – ერთი მესხი მეღვინის წარმატების ისტორია
ბაზარზე ქართული ღვინის ახალი საექსპორტო პოტენციალით მესხური ღვინო ჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ მესხეთი საქართველოს მეღვინეობის ტრადიციულ მხარედ ითვლებოდა, პოლიტიკურმა პროცესებმა რეგიონში მევენახეობის კულტურა გაანადგურა. წლების შემდეგ მესხეთი კვლავ ყურადღების ეპიცენტრშია. მესხური ღვინის განსხვავებული გემოვნური თვისებებით ინტერესდება ყველა, ყველაფერი კი 2009 წელს წელს ნათენაძეების ოჯახში დაიწყო.
საქმეს სათავეში გიორგი ნათენაძე ჩაუდგა. ახალგაზრდა ბიჭი, სკოლის დამთავრების შემდეგ მესხური ვაზის ჯიშების მოძიებას იწყებს. ის რაც შორიდან მარტივი ჩანდა, რეალურად წლების განმავლობაში გაგრძელდა. ისტორიები, ლეგენდები, ჩანაწერები – საბოლოოდ 24 მესხური ვაზის ჯიში აღმოაჩინა.
„ვაზის ჯიშების მოძიება პირველად, 2002 წელს დავიწყე. მეგონა, რეგიონში მესხური ჯიშები აღმოვაჩინე თუმცა, რასაც ვაგროვებდი ყველა ჰიბრიდული ჯიში აღმოჩნდა. ამის გამო მესხური ვაზის დეტალური შესწავლა დავიწყე, ისტორიების კითხვა, ბიბლიოთეკებში სიარული, ლეგენდების გაცნობა, მოსახლეობაში ცნობების მოძიება და ჩაწერა. 2009 წელს სამედიცინო კვლევების ცენტრი გაიხსნა, მათთან დავიწყე თანამშრომლობა, ერთად ვადგენდით სახეობას და იდენტიფიკაციას ვუკეთებდით. შესაბამისად ერთობლივი ძალებით, მოგროვებული ვაზის ჯიშებისგან თავისი დასახელებით 24 აღმოვაჩინეთ“, – გვიყვება გიორგი ნათენაძე.
როგორ თვითონ ამბობს, ვაზის სიყვარული მამამ ასწავლა, სწორედ მამის სურვილი იყო ჯავახეთში ისტორიული მესხური ვაზი აღდგენილიყო. ნათენაძეებმა პატარა მარანში ღვინის წარმოება დაიწყეს, რა დროსაც „მესხური ბრენდი“ შეიქმნა. დაახლოებით 1500 ბოთლ აწარმოებდნენ, ისიც ძირითადად ექსპორტზე იყო ორიენტირებული, ღვინო პოპულარიზაცია – დეგუსტაციისთვის იყო განკუთვნილი. ამბობს, რომ მარანს წლების განმავლობაში მოგება არ ჰქონია, მეღვინე გვიყვება, რომ ჯამში დღემდე 11 სახეობის ღვინო აქვს დაყენებული, აქედან სარეალიზაციოდ მხოლოდ 4 სახეობა იწარმოება.
„ჩვენ სამცხე-ჯავახეთში, ახალციხეში ვცხოვრობთ. ღვინის წარმოება, 2009 წელს, პატარა საოჯახო მარანით დავიწყეთ. მამაჩემის იდეა იყო, რომ მესხური ვაზის ჯიშები აღგვედგინა. ამისთვის არავის ეცალა, თვითონ პოლიტიკაში იყო გადართული, ამიტომ მე ჩამითრია. ვარძიის უკან სოფელი გვაქვს, ჭაჭკარი. აქ 4 საუკუნის საოჯახო ვაზი გვაქვს, ღვინოს ამ მოსავლისგან ვაყენებთ, ალბათ ამ სიყვარულმა გვიბიძგა იმისკენ, რომ ეს მესხური ვაზის ჯიშები ნელ-ნელა წინ წამოგვეწია. პირველ რიგში ჩვენ თვითონ უნდა გაგვეცნო, რადგან ფაქტობრივად 4 საუკუნის განმავლობაში ვაზის მესხურ ჯიშებს არავინ იცნობდა. საქმე, რომ დავიწყე, მივხვდი, მესხეთში მეღვინეობის პოპულარიზაცია, რთული იქნებოდა, რადგან ეს კულტურა დაკარგული იყო. მთელი 4 საუკუნე, რეგიონი ოსმალების ბატონობის ქვეშ იყო, რა დროსაც აქ მიწები აღარ მუშავდებოდა. ღვინის წარმოება აკრძალული იყო, დაიკარგა როგორც ჯიშები, ასევე მისი დასახელებები. როგორ ხდება ღვინის დაყენება ჩვენ რეგიონში და რა ტრადიციები არსებობდა ეს არ ვიცით, ამიტომ ყოველ წელს ექსპერიმენტებს ვატარებთ, სხვადასხვა ჯიშებს სხვადასხვანაირად ვაყენებ, რათა გავიგო რა როგორ დავაყენო, შესაბამისად ამ ექსპერიმენტების დროს დიდ შედეგებს მივაღწიეთ“, – ამბობს მეღვინე.
სანამ წარმატებას მიაღწევდა იხსენებს, რომ ძალიან მძიმე წლები გაიარა. გვიყვება, რომ ყოველგვარი შემოსავლის გარეშე ტყე-ტყე და სოფელ სოფელ დადიოდა, რათა ვაზის ჯიშები აღედგინა და ღვინო ეწარმოებინა. ნათენაძებს არ ჰქონდათ დაფინანსება თუმცა, 2009 წელს ოჯახმა რამდენიმე ქვევრის შეძენა შეძლო, დაწურული ღვინო კი გამოფენაზე გაიტანეს – შრომამ შედეგი გამოიღო, ღვინო ყველას მოეწონა.
„ღვინო თბილისში საერთაშორისო გამოფენაზე გავიტანეთ და დავინახეთ, რომ ჩემ ღვინოსთან უზარმაზარი რიგები იდგა. ქართველი მეღვინეები და უცხოელი იმპორტიორები ჩვენ დახლს მოაწყდნენ, ღვინო მოეწონათ, გაუკვირდათ მესხური ღვინო, რომ არსებობდა. ამ ფაქტმა ძალა მომცა, მას შემდეგ გაყიდული ყოველი ბოთლი ღვინის თანხას ვზოგავდი იმისათვის, რომ უფრო მეტი ღვინო გვეწარმოებინა. ძირითადად ექსპორტზე ვიყავი ორიენტირებული, ღვინოს საქართველოში არ ვყიდდი. ვცდილობდი ექსპორტზე გამეტანა, მე თვითონ ჩავსულიყავი ყველა იმ ქვეყანაში სადაც ვყიდდი და იმპორტიორებს შევხვედროდი. ამან განაპირობა ის, რომ თუ რაიმე წიგნი ან ფილმია გამოშვებული ვაზზე და ქართულ ღვინოზე, ყველგან ჩვენ მარანზეა საუბარი, ყველგან გვიცნობდნენ. ცნობადობა იმდენად დიდია, რომ მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა“, – გვიყვება გიორგი ნათენაძე.
„მესხური ბრენდის“ წარმატებასთან ერთად ახალგაზრდა მეღვინემ ოცნების ასრულებაც შეძლო. 2015 წელს ჯავახეთში ტერასების აშენება დაიწყო, სადაც 2016 წელს პირველი ვაზი დარგა, ხოლო 2018 წელს ნათენაძეებს 4 საუკუნის შემდეგ ტერასებზე პირველი რთველი ჰქონდათ. მისი თქმით, პროექტი ძვირადღირებულია, თუმცა კომპანიამ მოახერხა, 10 ჰექტარზე უიშვიათესი ვაზის ჯიში გაეშენებინა.
ნათენაძეების ღვინის მარნის დამფუძნებელი გვიყვება, რომ მსოფლიო ქართული ღვინოს იცნობს, თუმცა, როდესც მესხურ ღვინოს აგემოვნებენ, ამბობენ რომ ქართულ ღვინისგან რადიკალურად განსხვავებულია. მისი თქმით, მესხური ღვინის გემოვნური თვისებებით ძალიან განსხვავებულია, არის შედარებით რბილი და აქვს დაბალი ალკოჰოლი. საინტერესო და ჰარმონიული არომატებით მესხური ღვინო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დიდი წარმატებით იყიდება.
„ჩვენი ღვინო მსოფლიოს 9 ქვეყანაში დიდი წარმატებით იყიდება. ეს ქვეყნებია ბელგია, იტალიაში, დანია, კანადა, შვედეთი, ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და ესპანეთი. მომავალ წელს იაპონიის ბაზარზე შესვლასაც ვგეგმავ. ახლა 5 000 ბოთლს ვაწარმოებთ, ეს არის ის მაქსიმუმი რომელსაც 11 წლის განმავლობაში მივაღწიე. ჩემი ღვინო არის, აბსოლუტურად ნატურალური, პრემიუმ ხარისხის და აქვს მაღალი ფასი“, – განაცხადა გიორგი ნათენაძემ.
პოპულარობასთან ერთან კომპანიის მიმართ ნდობაც გაიზარდა. „მესხური ბრენდი“ სხვადასხვა დაფინანსების იღებს, მონაწილეობს გამოფენებში და მსოფლიოს მესხურ ღვინოს აცნობს. მეღვინე გვიყვება, რომ დღეს საქართველო პოპულარული ქვევრის ღვინომ გახადა. მისი თქმით, რუსეთის ემბარგოს შემდეგ, ქვეყანას დიდი შანსი მიეცა მსოფლიო ბაზარზე გასულიყო. შედეგად მისი თქმით, ღვინის ხარისხი დახვეწა, დღეს კი საქართველოს ღვინის წარმოებაში თავის ღირსეული ადგილი უკავია.
„სხვადასხვა გამოფენაზე მივიღეთ მონაწილეობა. მცირე მარნებით, რომლებშიც ქვევრის ღვინოს ვაწარმოებთ, ძალიან ვეხმარებით ქვეყანას, მსოფლიო მასშტაბით მოხდეს ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია. ჩვენ თვითონ დავდივართ ყველა ქვეყანაში, მივდივართ ბარებში და რესტორნებში, ქვეყნის ისტორიას ვუხსნით, ვაჩვენებთ ფილმებს, შედეგად ცნობადობა ძალიან იზრდება. მაგალითად 2015 წელს საფრანგეთში ვიყავით და საქართველოზე ძალიან მცირე ინფორმაცია ჰქონდათ, დღეს უკვე 800 მეგობარი მყავს საფრანგეთიდან, რომლებიც ქართული ქვევრის ღვინის ფანები არიან, მუდმივად რაღაცებს გვეკითხებიან, ეძებენ ქართულ ღვინოს საფრანგეთში. ქვევრის ღვინოს წინ წამოწევამ, ფაქტობრივად ქართულ ღვინოს პოპულარობა მთელს მსოფლიოში მოუტანა. ქვევრი არის ის მთავარი ნიშა, რომელმაც მსოფლიოში ადგილი დაგვამკვიდრებინა. ქვევრი არის ის, რასაც უკვე მთელი მსოფლიო ეძებს. მეღვინეები სხვადასხვა ქვეყნებიდან ქვევრებს უკვეთავენ და ღვინოს ქართული წესით აყენებენ, ამით მსოფლიომ აღიარა ის, რომ საქართველო ღვინის აკვანია“, – განმარტავს გიორგი ნათენაძე.
ნათენაძეების მარანი მომავალ წელს სიახლეებით ხვდება – ბიზნესი ფართოვდება. ამჯერად მიზანი მხოლოდ ღვინის წარმოება არ არის, მათ მესხეთში ტურიზმის განვითარება აქვთ დაგეგმილი. პროექტის რომლის ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს აღემატება, 350 კვ.მ. მოეწყობა და მარნის გარდა რესტორნის და სასტუმროს მოწყობას გულისხმობს.
„მარანი ახალციხის ციხესთან ძალიან ახლოს მდებარეობს, შეიძლება ითქვას, რომ ტურისტულად კარგი ადგილმდებარეობა აქვს. აქ ტურისტებს მთელი ციკლის ნახვა შეეძლებათ, ყურძნის დაკრეფიდან დაწურვამდე. მარანში ნახავენ ქვევრში მორევის და დაღვინების, ასევე ჭაჭის გამოხდის პროცესს. მონაწილეობას ღვინის ბოთლის ჩამოსხმაში მიიღებენ. ასევე ვგეგმავთ, მცირე რაოდენობით, ნატურალური ქვევრის ლუდი ვაწარმოოთ, ამ ხაზისთვისაც მარანში სივრცე ცალკე იქნება გამოყოფილი. ასევე მოეწყობა რესტორანი, ვმუშაობ მესხური კერძების მოძიება აღდგენაზე. ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მესხურ გასტრონომიას, სხვადასხვა ასოციაციებთან ბევრს ვმუშაობ, რათა მესხური კერძების პოპულარიზაცია მოვახდინოთ. თუ კი დღეს სადმე მესხური კერძი გვესმის ეს დიდი შრომის შედეგია“, – აცხადებს გიორგი ნათენაძე.
გიორგი ნათენაძე ამბობს, რომ პროექტზე მუშაობა შარშან დაიწყო. მძიმე ფინანსურ პერიოდს კორონავირუსიც დაემთხვა და პროექტი გარკვეული პერიოდი გაჩერდა. თუმცა მისი თქმით, სხვადასხვა სესხებით და გრანტებით „მესხურმა ბრენდმა“ მარნის მშენებლობა გააგრძელა.
„ახლა მოსაპირკეთებელი სამუშაოები მიმდინარეობს რის შემდეგაც მეორე ეტაპზე გადავდივარ, რაც მარნის თავზე სასტუმროს განთავსებას გულისხმობს. 2 სართულიანი სასტუმრო იქნება, სადაც დაახლოებით 20 ნომერი მოეწყობა. ამ საქმეში ჩემი ძირითადი პარტნიორია საქართველოს ბანკი. კორონავირუსმა რა თქმა უნდა პრობლემები შექმნა, თუმცა ძალიან სწრაფად დავძლიეთ. მოლაპარაკება ჩემ იმპორტიორებთან დავიწყე. შევეცადე, რომ ღვინის ფასისთვის 20-30% დამეკლო, შესაბამისად იმპორტიორებს ვთხოვე, რომ თანხის 30% წინასწარ ჩაერიცხათ, რათა მშენებლობა გამეგრძელებინა. მომავალი წლის მაისში მინიმუმ ათი ნომერი გვექნება, ამ დროისთვის ალბათ კოვიდ რეგულაციები გარკვეული იქნება და აღარ ვიქნებით ტურისტებისთვის ჩაკეტილი ქვეყანა. ღვინის ტურიზმი არის ის აუცილებელი სეგმენტი, რომელმაც უნდა იმუშავოს და საქართველოში ტურისტები შემოიყვანოს. დღეს ძალიან პოპულარულია გასტრო ტურიზმიც, ყველა რეგიონმა უნდა იფიქროს, საკუთარ კუთხეში არსებული კერძების და ღვინის წინ წამოწევაზე, რათა გასტრონომიული ტურიზმი უფრო მეტად ამუშავდეს“, – განაცხადა გიორგი ნათენაძემ.
ბიზნესმენი აცხადებს, რომ მისთვის ყველაზე დიდი პრობლემა ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობაა. ახალგაზრდა მეღვინე ამბობს, რომ ქვეყანაში ბიზნესის მიმართ ნდობა ნაკლებია და ეს მიმართულება დახვეწას საჭიროებს. მისი თქმით, ნათენაძეების ღვინის მარნის განვითარების შეფერხება სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა თუმცა, მესხურ ოჯახს დღეს ძალიან ბევრი ადამიანი იცნობს, როგორც საქართველოში ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ და თუ ლონდონის, რომის ან თუნდაც ნიუ-იორკი, ღვინის მაღაზიებში მესხური ღვინოს გადააწყდებით, იცოდეთ, რომ ქართულ ღვინისგან რადიკალურად განსხვავებული, შედარებით რბილი ღვინის დაგემოვნების შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვათ.
Commersant