ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქართული ღვინის წარსული, აწმყო და მომავლის გზები...
12 აგვისტო, 2016

ქართული ღვინის  ისტორია

ენათმეცნიერების ნაწილი აღნიშნავს, რომ სიტყვა „ღვინის" სემანტიკური მნიშვნელობა მხოლოდ ქართულ ენაში დასტურდება და იგი სავარაუდოდ ზმნა „ღვივილიდან" არის მიღებული. ამ სიტყვის ფუძე - „ღვ" - წმინდა ქართულია და მრავალ ქართულ სიტყვაში გვხვდება.

საქართველოს ღვინის კულტურასთან რვაათასწლიანი უწყვეტი ისტორია აკავშირებს, რასაც მრავალი არქეოლოგიური აღმოჩენა და ისტორიული ფაქტი ადასტურებს. საქართველოს მუზეუმებში დაცულია მეღვინეობასთან დაკავშირებული, ათასწლეულებით დათარიღებული მრავალი ექსპონატი.

არქეოლოგებმა თბილისის სამხრეთით, ქვემო ქართლში, მარნეულის ველზე, დანგრეული გორას ნასახლარში ძვ. წ. მე-6 ათასწლეულის ვაზის რამდენიმე წიპწა აღმოაჩინეს და მორფოლოგიური და ამპელოგრაფიული ნიშნების მიხედვით ვაზის კულტურულ სახეობას - "Vitis Vinifera Sativa”-ს მიაკუთვნეს.

კულტურული ვაზისა და ღვინის უძველესი კვალი აღმოჩენილია დანგრეული გორის მეზობლად მდებარე ნეოლითური ხანის სხვა ნამოსახლარებშიც (შულავერის გორა, გადაჭრილი გორა, ხრამის დიდი გორა, არუხლოს გორა, ხიზანაანთ გორა და სხვა). ვაზის წიპწების გარდა, ნაპოვნია კულტურული ხორბლისა და პარკოსნების ნაშთები, სამეურნეო იარაღები და თიხის ჭურჭელი, რითაც მტკიცდება, რომ ძვ. წ. VI-V ათასწლეულში, ნეოლითის ხანაში, აქ დასახლებული ადამიანი უკვე განვითარებულ სამეურნეო საქმიანობას, მათ შორის – მევენახეობასა და მემარცვლეობას ეწეოდა.

ღვინის უნიკალური ჭურჭელი - ქვევრი

ნამოსახლარების გათხრებისას აღმოჩენილი საღვინე თიხის ჭურჭლის ნატეხები მიანიშნებს, რომ უკვე ნეოლითის ხანაში საქართველოს ტერიტორიაზე მწარმოებლური მეურნეობის არა საწყისი, არამედ უკვე კარგად განვითარებული ეტაპი იყო.

სხვადასხვა არქეოლოგიური გათხრის დროს აღმოჩენილი ნეოლითური ხანის ქვევრის ტიპის ჭურჭელი, კულტურული ვაზის ნამარხი წიპწები, თიხის საღვინე ჭურჭლის ფრაგმენტებში დალექილი ღვინის მჟავა და კულტურული ვაზის მტვერი, ველურ და აბორიგენულ ჯიშთა მრავალფეროვნება, ღვინის უნიკალური ჭურჭელი - ქვევრი და ქვევრის ღვინის დაყენების დღემდე შემორჩენილი უძველესი ტექნოლოგიები მიუთითებს, რომ საქართველო უძველესი მეღვინეობის ქვეყანაა.

შულავერ-შომუთეფეს პერიოდის ფაქტებიდან ყველაზე დიდ ყურადღებას ხრამის დიდ გორაზე ნაპოვნი ქვევრის ტიპის ჭურჭელი იპყრობს, რომელსაც მეცნიერები ქვევრის წინაპრად მიიჩნევენ. იგი ამჟამად საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია ექსპონირებული და მსოფლიოში უძველეს საღვინე ჭურჭლადაა მიჩნეული.

ღვინო-მისტიკური,წმინდა  სითხე

ღვინოს ჯერ კიდევ წარმართული პერიოდიდან ჰქონდა რიტუალური და მისტიკური დანიშნულება. ქართველების ხალხურ სარწმუნოებაში მევენახეობის მფარველ ღვთაებად „აგუნა“, ანუ „ანგურა“ იყო მიჩნეული. აგუნასთვის მსხვერპლშეწირვის რიტუალი თეატრალიზებული სახით გურიაში დღესაც არის შემორჩენილი.

ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად, როდესაც ღვინო მაცხოვრის სისხლს დაუკავშირდა, ვენახმა და ღვინომ საქართველოში კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. ქრისტიანობის გამავრცელებელი წმინდა ნინო საქართველოს ვაზის ლერწისგან შეკრული ჯვრით მოევლინა. მონასტრებში ყოველთვის დიდი რაოდენობით ღვინო დგებოდა და დღესაც ბევრ მონასტერშია შემორჩენილი ძველი მარნები. ქართველები ღვინოს წმინდა სასმლად თვლიდნენ და ხშირად წმინდანებსაც სწირავდნენ. წმინდანისთვის და ეკლესიისთვის შეწირულ ღვინოს „ზედაშეს“ უწოდებდნენ.

ვაზის ჯიშები საქართველოში

საქართველოს ტერიტორიაზე ველური ვაზი Vitis Vinifera Silrestris დღესაც არის გავრცელებული. გასული საუკუნის 80–იანი წლებიდან ტყის ვაზი საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი, როგორც სახელმწიფო დაცვის ობიექტი. ველური ვაზის პარალელურად, საქართველოში აღწერილია კულტურული ვაზის 500-ზე მეტი ქართული ჯიში, რომელთაგან 430–მდე დაცულია სახელმწიფო და კერძო საკოლექციო ვენახებში.

ღვინის დაყენების ტექნოლოგიები

ქართველი კაცი მევენახეობასა და მეღვინეობას უძველესი დროიდან ეწევა _ ამ პერიოდში შეიქმნა ვაზისა და ღვინის მდიდარი კულტურა და დიდი ჯიშური მრავალფეროვნება, განხორციელდა ველური ვაზის გაკულტურება, დამუშავდა ვენახის გაშენებისა და მოვლის სისტემები, დაიხვეწა საღვინე ჭურჭელი და მოხდა ქვევრის კულტურის დამკვიდრება, შემუშავდა ღვინის დაყენების კახური და იმერული ტექნოლოგიები. ღვინომ შეიძინა საკრალური დატვირთვა და გადაიქცა ქართველი ერის ეკონომიკური კეთილდღეობის ერთ-ერთ ბაზისად საუკუნეების განმავლობაში.

ქართული ღვინის წარსული მოგზაურობა ევროპაში

ქართული ღვინის ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პერიოდად XIX საუკუნე მიიჩნევა. ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ალექსანდრე ჭავჭავაძის დიდი მონდომებით ქართული ღვინო ევროპულ ღვინოს დაუახლოვდა. ზოგიერთი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო, რომლებიც დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს, ჯერ კიდევ XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან მზადდებოდა ჭავჭავაძის მამულში. 90-იანი წლების დასაწყისში უკვე რეგულარულად აწარმოებდნენ ღვინოებს: „წინანდალს“, „მუკუზანს“, „ნაფარეულს“, „თელიანს“. ამავე პერიოდში სოფელ რუისპირში ცნობილმა გერმანელმა ღვინის სპეციალისტმა ლენცმა შექმნა ღვინის მარანი და გააშენა ვაზის ქართული და უცხოური ჯიშები.

XIX საუკუნის 70-იან წლებში ქართული ღვინო ივანე მუხრან-ბატონის მარნებიდან საქართველოს ფარგლებს გარეთ გადიოდა. ქართული ვაზის ჯიშების მეცნიერული შესწავლა XIX საუკუნის შუა პერიოდიდან დაიწყო. 70-იან წლებში პარიზსა და ლონდონში გამოცემულ აღწერებში პირველად გამოჩნდა ქართული ვაზის ჯიშების დახასიათებები.

XIX საუკუნეში არაერთი მსოფლიო გამოფენა მოეწყო, სადაც საქართველოც მონაწილეობდა. ამ დროს გაეცნო ევროპა ქართულ ღვინოებსა და ბრენდებს. 1900 წელს პარიზის გამოფენაზე ქართულ მეღვინეობას უკვე დიდი ადგილი ჰქონდა დათმობილი. როგორც იმდროინდელი გაზეთები წერდნენ, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო „კახეთის საუფლისწულო ვენახების“ ღვინის სარდაფების ფოტოები, ხელსაწყოები, ყურძნის მტევნების საკმაოდ დიდი კოლექცია: რქაწითელი, საფერავი, თავკვერი, თითა და სხვა, ასევე ღვინის ნიმუშები ბოთლებით, ტიკები და სხვა. მას შემდეგ ქართული ღვინო საერთაშორისო ასპარეზზე გავიდა და ბევრ წარმატებასაც მიაღწია.

ქართული ღვინის მომავალი გზა

XX საუკუნის დასასრულიდან მოყოლებული ქართული ღვინო გამუდმებით ვითარდება. ქართველმა მეღვინეებმა საკმაოდ წარმატებულად შეაღწიეს ევროპის, ამერიკისა და აზიის ბაზრებზე, ქართულ ღვინოზე გაიზარდა მოთხოვნა, მას აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი და წინა პირობა, რომ მსოფლიო ღვინის ბაზარზე ერთ-ერთი საპატიო ადგილი დაიკავოს.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.