„ქართული ღვინო საერთაშორისო ბაზარზე დემპინგური ფასით იყიდება“ - მეღვინეობა ვაზიანი
ქართული ღვინო საერთაშორისო ბაზარზე დემპინგური ფასით იყიდება, - ამის შესახებ კომპანია „მეღვინეობა ვაზიანის“ დირექტორმა ნათია მეტრეველმა განაცხადა.
მისი თქმით, ექსპორტის რაოდენობა შემოსავლებთან ადეკვატური რომ არ არის მხოლოდ წელს არ ხდება.
როგორც ცნობილია, 2021 წლის პირველ კვარტალში ოფიციალური მონაცემებით, 5%-ით იყო გაზრდილი საქართველოდან ექსპორტი, ღვინის ექსპორტიდან შემოსავალი კი 2%-ით შემცირდა. მისი თქმით, ეს ტენდენცია ბოლო წლებია ასეა და მიზეზი ისაა, რომ რეალურად მცირდება საექსპორტო ფასები.
„ჩვენი კომპანიები დემპინგური ფასებით ცდილობენ საერთაშორისო ბაზარზე თავის დამკვიდრებას. ეს კი რა თქმა უნდა, ხარისხის ხარჯზე ხდება. ჩვენი კომპანიის ინიციატივით, ქართული საექსპორტო ღვინის შემოწმების პროცესში დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთვებიან. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საუბარია ისეთ კომპანიებზე როგორიც არის ფრანგული Bureau Veritas-ი ან შვეიცარიული SGS -ი.
ქართული ღვინის საექსპორტო ხარისხი თუ გაუმჯობესდება, წესით ნელ-ნელა ადეკვატურ ფასს უნდა დაუბრუნდეს. საქართველოს სტრატეგია იყო, რომ ქართული ღვინო საერთაშორისო ბაზარზე წარმოდგენილი იყოს მაღალ საფასო სეგმენტში ისეთი ქვეყნების გვერდით, როგორიც არის საფრანგეთი და იტალია. სამწუხაროდ, ამ რეალობას ძალიან დიდი ხანია ავცდით. იმედი მაქვს, რომ ვითარება გამოსწორდება,“ - აცხადებს მეტრეველი.
შედარებით განსხვავებული სტატისტიკაა 2021 წლის 4 თვეში. ღვინის ექსპორტი 15%-ით, ექსპორტით მიღებული შემოსავალი 7%-ით გაიზარდა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2021 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოდან მსოფლიოს 55 ქვეყანაში 28,3 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 15%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 65 მლნ-მდე დოლარია, ზრდამ, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 7%-ს მიაღწია.
business-partner.ge