ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქართული კულტურული ძეგლები და ბუნება – რა აინტერესებთ უცხოელ ტურისტებს საქართველოში?
21 აგვისტო, 2017

საქართველოში ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ტურიზმის ადმინისტრაციაში ვარაუდობენ, რომ წელს ამ მხრივ რეკორდი დამყარდება და ქვეყანაში უცხოელი ტურისტების რაოდენობა 7 მილიონს მიაღწევს. 

ქვეყანაში რომ ტურისტული ბუმია, ფაქტია. თბილისის ისტორიულ უბნებში დღის ნებისმიერ მონაკვეთში არაერთ უცხოელს ტურისტს ნახავთ. მათი ინტერესის სფეროს კი უფრო მეტად ქვეყნის კულტურა და ისტორია წარმოადგენს, ვიდრე მუსიკალური ფესტივალები. როგორც კომერსანტთან საუბრისას ტურისტულ სააგენტოებში განაცხადეს, უცხოელი საქართველოში  სწორედ ქართული კულტურის, ძეგლების და ბუნების სანახავად ჩამოდიან. 

საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარე“ ია თაბაგარი კომერსანტთან საუბრისას აცხადებს, ყველა ქვეყნის წარმომადგენელს სხვადასხვა ინტერესი აქვს და საქართველოში სამოგზაურო ტურსაც ამის მიხედვით ირჩევენ.

„ტურისტებს მოგზაურობის დროს სხვადასხვა მიზანი აქვთ, ეს გამომდინარეობს იქიდან, თუ რომელი ქვეყნის წარმომადგენელს რა ინტერესები აქვს. ზოგს უბრალოდ ზაფხულში  საქართველოში მოგზაურობა უნდა, ხოლო ზოგიერთს კი შემეცნებით, ან სათავგადასავლო ტურში მონაწილეობის მიღება სურს.

საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს აინტერესებთ კულინარია, ეკო და აგრო ტურიზმი, ასევე ქართული ღვინო და მისი კულტურა. რაც შეეხება დასვენებისა და გართობის ტურიზმს, ეს დიდხანს არ გრძელდება. ჩვენი ქვეყანა მრავალფეროვანია და ყველას თავისი ინტერესი გააჩნია.

ტურისტების დიდი სეგმენტი მარტვილის კანიონს ირჩევს, შემდგომ მოდის სვანეთი, ყაზბეგი, თუშეთი და ზღვისპირა ქალაქები.“ - განაცხადა ია თაბაგარმა.  

ია თაბაგარის განცხადებით, „ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია ტურისტის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მონახულების მიზანი არ იყოს და აქ მხოლოდ ის ფაქტორი გამოიკვეთოს, რომ ადამიანებს საკუთარი ქვეყნიდან გასვლა უდნათ და მარტივად, იაფად დასვენებას ამჯობინებენ. ასეთ დროს ქვეყანა ინტერესს მიღმა რჩება.“

ტურისტული კომპანია „ექსპლორ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ნიკა ერქომაიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ძირითადად უცხოეთიდან კულტურული ძეგლების სანახავად და საქართველოს ისტორიის გასაცნობად ჩამოდიან.

„ტურისტებს სხვადასხვა მოთხოვნები აქვთ. ძირითადად, ჩვენ ქვეყანაში უცხოეთიდან კულტურული ძეგლების სანახავად და საქართველოს ისტორიის გასაცნობად ჩამოდიან. ასევე მოსწონთ, ბუნება ანუ სათავგადასავლო ტურიზმი. მნიშვნელობას ანიჭებენ ჩვენ კულინარიასა და ღვინოს.

ჩვენი ჯგუფები ზღვისპირა ქალაქებშიც ხვდებიან, თუმცა იქ დაახლოებით ორი დღის განმავლობაში ჩერდებიან. ჩვენ ძირითადად დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაზე ვმუშაობთ. გვსტუმრობენ ჩინელებიც, იაპონელებიც და კორეელებიც, ასევე ამერიკელებიც.“ - განაცხადა ნიკა ერქომაიშვილმა.

ანალოგიურ განცხადებას აკეთებს ტურისტული კომპანია „კავკასუს თრეველის“ დამფუძნებელი საბა კიკნაძე. მისი თქმით, უცხოელ ტურისტებს ძირითადად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ბუნების ნახვა სურთ.

„ჩვენთან ძირითადად კულტურული, არქეოლოგიური, ისტორიული ტურის გამო ჩამოდიან, რადგან ასეთი სპეციფიკა გვაქვს. ასევე ტურისტებს საქართველოს ბუნების ნახვა სურთ. ჩვენ თითქმის ყველა ქვეყნიდან გვსტუმრობენ და საქართველოში ამ მიმართულებით დასვენებას ამჯობინებენ.“ - განაცხადა კიკნაძემ.

„ტურისტებს ქართული კულტურა ძალიან მოსწონთ: ქართული ცეკვა, მუსიკა. ტრადიციული სოფლები მესტიასა და ყაზბეგში. ძირითადად ჩვენ კორეელები შემოგვყავს.“ - განაცხადა „გლობალ ჯორჯია ტურის“ მენეჯერმა გიორგი შავლაძემ.

რაც შეეხება ბოლო სტატისტიკას, ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2017 წლის ივლისში საქართველოს თითქმის მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია (982,487ვიზიტორი) რაც 217,724-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +28.5%). აღსანიშნავია, რომ მსგავსი მონაცემები საქართველოს ისტორიაში, ჯერ არც ერთ თვეში არ დაფიქსირებულა. თითქმის 33 %-ით არის გაზრდილი ტურისტების რიცხვიც. ივლისის თვის მაჩვენებლებით, იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 519,349 შეადგინა, რაც 128,651-ით მეტია 2016 წლის ივლისის მაჩვენებელზე (ზრდა+32.9%)

ავტორი: ლიკა გურაბანიძე

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.