„გარდაბანი გრუპ“ - ქართული პრემიუმ ღვინის წარმატებული ექსპორტიორი ინგლისის ელიტურ ობიექტებში
შუაგულ ლონდონში, მსოფლიოს უძვირესი ღვინოების ცნობილ მაღაზიაში სულ ცოტა ხნის წინ თავისი ნიშა ქართულმა ღვინომაც დაიკავა. ევროპის წამყვანი ბრენდების გვერდით ქართული ღვინოს წარმოჩენა, რომელსაც მსოფლიო ეს-ეს არის ეცნობა, საკმაოდ რთული საქმე იყო. ქართული ღვინის მწარმოებლებს წარმატების ამ გზაზე ,,გარდაბანი გრუპი“ დაეხმარა. როგორც კომპანიის დამფუძნებელი, ბიზნესმენი ნათიკ მუსაევი ,,კომერსანტთან“ ინტერვიუში ამბობს, ,,გარდაბანი გრუპი“ 2 წლის წინ დააფუძნა და დღეს იგი ქართული ღვინის დისტრიბუციის სეგმენტში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. გარდა ამისა, იგი ერთ-ერთი პირველია, რომლის თაოსნობითაც მოხერხდა ქართული ღვინის შეტანა ლონდონის ელიტურ ადგილებში.
ამდენად, უდიდესი სიახლე ქართული მეღვინეობის ისტორიაში - ინგლისის წამყვან მაღაზიაში, „პრივატ კლუბებსა“ და რესტორნებში ქართული ღვინის მოხვედრა სწორედ ,,გარდაბან გრუპის“ სახელს უკავშირდება.
„ტერმინი Fine Wine ძირითადად საფრანგეთთან ასოცირდება, ტოსკანასთან. ჩვენი მიზანი იყო, ეს ტერმინი საქართველოსთანაც დაგვეკავშირებინა და უმაღლესი ხარისხის ქართული ღვინო წარმოგვედგინა ლონდონის ელიტურ ობიექტებში. ამიტომაც გადავწყვიტეთ ,,ხომლის მარნის“ პროდუქციის ჩამოტანა. ჩვენი პირველი ნაბიჯი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. „Hedonism Wines“ არა მხოლოდ ინგლისში, მთელ მსოფლიოში ცნობილი ღვინის მაღაზიაა, რომელიც ლონდონის ცენტრში მდებარეობს. მათ ექსკლუზიური კლიენტურა ჰყავთ, აქ იყიდება ღვინოები, რომელთა ფასიც 500 000 გირვანქა სტერლინგს აღწევს. ადამიანები ამ მაღაზიაში ღვინოს კოლოსალურ ფასად ყიდულობენ და ფაქტი, რომ მათ „ხომლის მარანი“ მიიღეს, რასაც ზოგიერთი კომპანიები წლებს ანდომებენ, ჩვენ 3-4 თვე დაგვჭირდა, ძალიან წარმატებული შედეგია“, - ამბობს ნათიკ მუსაევი.
დაახლოებით 5 წელია, რაც ინგლისში ქართული ღვინო პოზიციონირებს, თუმცა მისი პოპულარობისთვის განსაკუთრებით აქტიური ნაბიჯები გადაიდგა პანდემიისას, 2020 და 2021 წლებში, როდესაც ხალხი სახლში დაჯდა ლოკდაუნის გამო, ბიზნესმა რაღაც ახლის ძიება დაიწყო. ასე თანდათან ინგლისში, ღვინის მოყვარულებში ქართული ღვინო ტრენდი გახდა, თუმცა დღემდე ჯერ კიდევ ბევრი არ იცნობს.
,,როდესაც მაღაზიაში შემოდის, მაგალითად, ბრიტანელი და სასურველ ღვინოს არჩევს, ცხადია, თავში არ მოსდის, რომ ქართული პროდუქცია შეიძინოს. ჩვენ ვცდილობთ, გავაცნოთ მისთვის ახალი პროდუქტი, რაც მარტივი არ არის, თუმცა ამაში დიდ ძალისხმევას ვდებთ. ჯერ საწყის ეტაპზე ვართ ქართული ღვინის პოპულარიზაციის მხრივ, რასაც დრო სჭირდება. ეს გზა ღვინის სეგმენტში ყველა წარმატებულმა ქვეყანამ გაიარა. ასე იყო იტალიური ღვინის შემთხვევაშიც, რომელიც ინგლისში 40 წლის წინ გამოჩნდა. მაშინ იტალიელები ზუსტად იმ გზას გადიოდნენ, რომელსაც ჩვენ ახლა გავდივართ. 40-50 წლის წინ აქ ფრანგული ღვინო იყო ტრენდში. ბრიტანელები ფრანგულ ღვინოს სცემდნენ პატივს და მაშინ ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ შესაძლებელია იტალიური ღვინო პრემიუმ ხარისხის ყოფილიყო. ასეთი მდგომარეობა აქვს დღეს ქართულ ღვინოსაც, თუმცა წარმატებისთვის 40 წელი ნამდვილად არ დაგვჭირდება. თანამედროვე სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ტექნოლოგიები განვითარებულია და მიზნის მისაღწევად 5, მაქსიმუმ 10 წელი დაგვჭირდება. სწორედ ეს დრო დასჭირდა ახალზელანდიურ ღვინოს. 10 წლის წინ ის არ იყო ისეთი პოპულარული, როგორიც დღესაა. მაგრამ უკვე საუკეთესო ნიშა უჭირავს. იგივეს გაკეთება შეიძლება ქართულ ღვინოსთან მიმართებითაც, რათა გემოვნებიანმა მომხმარებელმა დაფიქრებისა და ყოყმანის გარეშე შეუკვეთოს ქართული ღვინო, ეს ჩვენი ამბიციაა“, - ამბობს ნათიკ მუსაევი.
,,გარდაბან გრუპის“ სტრატეგიის პრინციპია ნულიდან დაწყება. კომპანიის დამფუძნებლის თქმით, პირველ ეტაპზე ქართულ პროდუქტს წარმოსაჩენად კარგი რეპუტაცია უნდა შეუქმნან, რაც ჯერჯერობით მაინც რჩება გამოწვევად.
,,ბევრი ქართული ღვინო შემოდის ბრიტანეთში, მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგიერთი მათგანი რუსეთის და ჩინეთის ბაზრებისთვისაა შექმნილი, რაც ნიშნავს, რომ მათი ხარისხი არ არის მაღალი. ამიტომ, ასეთი ღვინოების გამოჩენა ინგლისის ბაზარზე ქართულ პროდუქტს რეპუტაციას შეულახავს. ამდენად, ჩვენი კომპანიის მიზანია, პრემიუმ ხარისხის ღვინოების ჩამოტანა საქართველოდან. მაგალითად, მომხმარებლის უფრო ფართო წრისთვის ჩვენ ჩამოგვაქვს „ასკანელი“, რომელიც პრემიუმ ბრენდია, ცოტა ხნის წინ რებრენდინგი გააკეთეს და ღვინის ხარისხიც ევროპულ ბაზართანაა ადაპტირებული. დღესდღეობით ის ინგლისში კარგად იყიდება და მომხმარებელს ძალიან მოსწონს. ასე რომ, „ასკანელი“ პრემიუმ ბრენდია. მეორე ბრენდი, რომელიც ჩვენ შემოგვაქვს ინგლისის ბაზარზე, ეს არის „შატო სვანიძე“. ესეც ლუქს კლასის ღვინოა და პრემიუმ რესტორნებზეა გათვლილი. ჩვენ ვყიდით „შატო სვანიძეს“ ელიტურ რესტორნებში, როგორიცაა „Nobu“ - რესტორნებისა და სასტუმროების მსოფლიო ქსელია და გათვლილია პრემიუმ სეგმენტზე. ასევე შეგვაქვს ფრაგულ რესტორანში „Bagater“, რომელიც სუპერ ელიტური ადგილია ინგლისში და იქ ქართული ღვინის შეტანა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო - მოგეხსენებათ, როგორ აფასებენ ფრანგები თავის ღვინოს და იტალიურსაც კი არ აღიარებენ. ამდენად, ეს ჩვენთვის უზარმაზარი გამოწვევა იყო, რაც გადავლახეთ და შედეგად რესტორანში ქართული ღვინო საკმაოდ წარმატებით იყიდება. ამ ბრენდების ღვინოები უკვე სხვა ქსელებშიც შეგვაქვს“, - აღნიშნავს ნათიკ მუსაევი.
რაც შეეხება ,,ხომლის მარანს“, ის ინგლისის რჩეული ღვინოების მაღაზიაში შედარებით ძვირი ღირს, მაგრამ თანდათან იმყარებს პოზიციას.
,,ინგლისში ძალიან პოპულარულია „პრივატ ქლაბები“, სადაც მხოლოდ კლუბის წევრებს აქვთ შესვლის უფლება. 200-300 წელია, ინგლისში ასეთი კლუბები მუშაობენ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ,,ხომლის“ ადგილი სწორედ ასეთ კლუბებშია. თუმცა ვფიქრობთ, „Hedonism Wines“ კარგი სტარტია, რაც დაარწმუნებს მომხმარებელს, რომ ქართული ღვინო შეიძლება იყოს პრემიუმ ხარისხის, ელიტური, როგორც მაგალითად ფრანგული ბორდო. ჩვენი მიზანია ქართული ღვინის რეპუტაცია პრემიუმს გაუთანაბრდეს. როცა ამას მივაღწევთ, ბაზარს სხვა პრემიუმ კლასის ქართულ ღვინოებსაც შევთავაზებთ“, - აცხადებს მუსაევი.
და ბოლოს, ორიოდე სიტყვა ,,გარდაბანი გრუპისა“ და მის დამფუძნებელზე, რასაც ნათიკ მუსაევი ქართულ ენაზე მოგვითხრობს:
,,საქართველოში დავიბადე, გარდაბანში. 1 წლის ვიყავი, როდესაც ოჯახი რუსეთში გადასახლდა, შემდეგ - აზერბაიჯანში. ჩემი ცხოვრების შემდგომი წლები ინგლისს უკავშირდება. სკოლაც და უნივერსიტეტიც აქ დავამთავრე. კომპანიას „გარდაბანი გრუპ“ დავარქვით, ჯერ ერთი იმიტომ, რომ გარდაბნელი ვარ. ამასთან, ჩემი ბიზნესპარტნიორი იტალიელია და ჩვენი კომპანია იტალიურ და ქართულ ღვინოებზეა ორიენტირებული. ,,გარდაბანი“ შევარჩიეთ იმის გამოც, რომ იტალიური ჟღერადობა აქვს. ბევრს იგი ჩემი იტალიელი ბიზნესპარტნიორის გვარი ჰგონია. კომპანია 2 წლის წინ შევქმენით. ამ მომენტისთვის სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანია ვართ ქართული ღვინის დისტრიბუციის სეგმენტში
ცხადია, სამომავლოდ ინგლისით არ შემოვიფარგლებით, ამ ბაზრის ათვისების შემდეგ გადავალთ შოტლანდიაში, უელსში და სხვა ქვეყნების ბაზრებზეც. ქართულ ღვინოს იტალიაშიც შევიტანთ. დღეს ექსპორტს წარმატებით ვახდენთ აზერბაიჯანშიც. შემდეგი სამიზნე რუსული ბაზარია, მაგრამ სულ სხვა არხებით და სხვა სეგმენტში - ყველაზე ელიტურ ადგილებში შევიტანთ „შატო სვანიძეს“ და „ხომლის მარანს“. ევროპას რაც შეეხება, იტალიის შემდეგ იქნება ჰოლანდია, ვინაიდან ჰოლანდიელები ახალი პროდუქტებისთვის გახსნილები არიან, მათ უყვართ რაღაც ახლის დაგემოვნება.
ჩემი იტალიელი პარტნიორი საქართველოს ფანია, მას ძალიან უყვარს ეს ქვეყანა და ზეპირად იცის ყველა ქართული ვაზის ჯიში. ასე რომ მან ბევრი რამ იცის საქართველოსა და ქართული ღვინის შესახებ. ისიც აღსანიშნავია, რომ ძალიან დიდი პლუსია, როდესაც ჯოვანი ევროპელებს ქართულ ღვინოს წარუდგენს. ჩვენი კომპანიის გაყიდვების დირექტორი ფრანგია - ფრედი ბიზნუტი. ის ყველაზე ავტორიტეტული ექსპერტია ინგლისში ალკოჰოლური სასმელების დისტრიბუციის სფეროში. ესეც უზარმაზარი პლუსია ქართული მეღვინეობისთვის“, - ამბობს ნათიკ მუსაევი ,,კომერსანტთან“.
რაც შეეხება „Hedonism Wines“, როგორც მუსაევი აღნიშნავს, ის ერთ-ერთი პრესტიჟული მაღაზიაა ლონდონში, სადაც მოხვედრაზე ყველა ბრენდი ოცნებობს. ამ მაღაზიაში არსებული ქართული ღვინოების 75% ,,გარდაბანი გრუპის“ შეტანილია და მოთხოვნა სულ უფრო მზარდია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ყველაზე ძვირადღირებული ქართული ღვინო ,,ხომლის უსახელოური“ შუაგულ ლონდონში, მაღაზია Hedonism Wines-ის რჩეული ღვინოების სიაშია. ,,უსახელოური“ ინგლისურ მაღაზიაში წარმოდგენილ ახალ ღვინოებს შორის ყველაზე ძვირია.
„ხომლის მარნის“ თეთრი ღვინის ფასი აქ 500 ევროს შეადგენს, ხოლო წითელი ღვინო ასევე ,,უსახელოურის“ ბრენდით 900 ფუნტ სტერლინგად იყიდება.
commersant.ge