ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
კუბდარი, ხინკალი, გებჟალია, აჯაფსანდალი – ანტრე ლონდონში ახალი კონცეფციით წარსდგა
08 ივლისი, 2021

ლონდონში ნოთინგ ჰილ გეითის #138 ში ქართული საცხობების ქსელი „ანტრე“–ს 1,3 მლნ გირვანქა სტერლინგის საინვესტიციო ღირებულების რესტორანი ოფიციალურად გაიხსნა.

როგორც „კომერსანტს“ „ანტრეს“ მარკეტინგული კომუნიკაციების სამსახურის უფროსი ლიკა მიქაუტაძე უყვება, პირველივე დღეს ქართული ანტრე ადგილობრივებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. რესტორნების ქსელმა ლონდონის ფილიალისთვის აქცენტი ქართულ სამზარეულოზე გააკეთა, მომავალში კი ქალაქში კიდევ რამდენიმე რესტორნის გახსნა იგეგმება. ლონდონში „ანტრეს“ ფილიალის გახსნის საინვესტიციო მოცულობამ 1,3 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა.

„ანტრეს გახსნამ ძალაიან კარგად ჩაიარა, ჩვენ არ მოგვიწყვია არანაირი მარკეტინგული აქტივობები, არც საინფორმაციო დაფარვა არ გაგვიკეთებია, მიუხედავად ამისა, ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოწვია როგორც ადგილობრივებში, ასევე ტურისტებში.

ასორტიმენტი ქართულ პროდუქციაზე გვაქვს აქცენტირებული, ესაა ქართული საცხობის სახელით შესული „ანტრე“ ლონდონში. გვინდოდა ჩვენი სახე, ჩვენი კულტურა წარმოგვეჩინა ბრიტანულ ქალაქში. მენიუში არის კუბდარი, ხინკალი, გებჟალია, აჯაფსანდალი, ვეგეტარიანული ხარჩო და ა.შ. ძირითადად ამით ვაპირებთ ადგილობრივების მოხიბვლას . საქართველოში ფრანგული კრუასანი და მსგავსი პროდუქტები რაც გვაქვს, ეს ყველაფერი ლონდოში მრავლადაა წარმოდგენილი, ამიტომ ეს არ იქნება მნიშვნელოვანი ხაზი, თუმცა ესეც გვაქვს, წამყვანი პოზიციები მაინც ქართულ საცხობს ექნება. ვეგეტარიანულ პროდუქტებზეც ძალიან დიდი მოთხოვნაა  მსოფლიოში და ამ მიართულებასაც ვავითარებთ, ამ მხრივ წარმატებულ პოზიციას იკავებს ფხალები, ნიგვზიანი ბადრიჯანი და მსგავსი კერძები.  

ლონდონში აუცილებლად ვგეგმავთ დამატებით სხვა ფილიალების გახსნას, ჯერჯერობით დავაკვირდებით პირველი ობიექტის დინამიკას. ცოტა ხანში მეექვსე ფილიალი ბაქოში გახსნება.  

სხვა ქვეყანას რაც შეეხება, ამჟამად ბრიტანეთი ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევაა, ყველა ჩვენი რესურსი ბრიტანეთისკენ გვაქვს მიმართული. ვხედავთ, რომ ქართული ღვინო და სამზარეულო იმსახურებს იმას, რომ ნებისმიერ ქვეყანაში იყოს წარმოდგენილი. „ანტრე“ კი ესაა ობიექტები ადამიანებისთვის ვისაც დინამიური ცხოვრების სტილი აქვს“, - ამბობს ლიკა მიქაუტაძე.

„ანტრე ლონდონი“ კომპანიის საერთაშორისო ასპარეზზე პირველი ფილიალი არ არის. რესტორანი ამჟამად ბაქოში 5 ლოკაციაზე არის წარმოდგენილი.  საქართველოში “ანტრეს“ 15 ფილიალი ფუნქციონირებს.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.