პირველი ქართული ვისკის ბრენდის „ჯიმშერის“ ქარხნის მშენებლობა დასკნით ფაზაშია.
როგორც bm.ge-ის კომპანიის დამფუძნებელმა ჯიმი ჩხაიძემ განუცხადა, ქარხნის შენობის მშენებლობა დასრულდა და ახლა უცხოეთიდან სპეციალური დანადგარების შეძენის პროცესი მიმდინარეობს.
მისივე განმარტებით, მიმდინარე წლის ზაფხულში, მარტყოფში ქარხნის აშენებით საქართველოში პირველად პრემიუმ კლასის Single malt-ის ვისკის წარმოება დაიწყება.
ბრენდი ამჟამად ძირითადად საშუალო სეგმენტზე გათვლილ blended malt-ს ქმნის.
კომპანიის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ „ჯიმშერი“ მსოფლიო ბაზარზე კონკურენციას ისეთ ცნობილ ბრენდებს გაუწევს როგორიც Jack Daniel’s, Chivas Regal და Jameson-ია.
„მთავარია ის, რომ ისტორია და ტრადიცია იქმნება. მჯერა, რომ მოვა დრო, როცა მსოფლიო ბაზარზე ჩვენ სიტყვას ვიტყვით. ქარხნის მშენებლობის პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. ულტრათანამედროვე დანადგარებს ველოდებით, რომელიც ტრადიციული ვისკის წარმოებისთვის არის გათვლილი. ჩვენ ამ ტექნოლოგიით უცხოეთის ბაზარზე გათვლილ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას მივიღებთ,“ – აღნიშნა ჩხაიძემ.
„ჯიმშერის“ ქარხანა ახალი Single malt-ის გარდა, აქამდე არსებული სამივე სახეობის ვისკის წარმოებას განაგრძობს. შეგახსენებთ, მარტყოფში „ჯიმშერის“ ქარხნის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო და მასში კომპანიამ საკუთარი ინვესტიცია, ჯამში, 10 მილიონი დოლარი ჩადო.