ქართველი არქიტექტორის შეკვეთილის სასტუმროს პროექტმა საერთაშორისო კონკურსის ჯილდო მოიპოვა (ფოტო)
არქიტექტორმა გიორგი ხმალაძემ გავლენიანი არქიტექტურული კონკურსის Architizer-ის პრიზი აიღო, შეკვეთილის გამაჯანსაღებელი-დასასვენელი პროექტისთვის.
საერთაშორისო კონკურსი ყოველწლიურია. გიორგი ხმალაძეს პროექტმა, - ბათუმის მაკდონალდსის შენობამ 2014 წელს კონკურსზე პირველი ადგილი აიღო. შეკვეთილის სასტუმრომ კი ჯილდო იმ კატეგორიაში აიღო, რომელშიც ჯერ აუშენებელი პროექტებია განთავსებული.
გიორგი ხმალაძე "ბიზნესკონტაქტთან" საუბრისას ამბობს, რომ კონკურსზე წლის პროექტის ტიტულს ერთი პროექტი იღებს, ფინალისტების ჯილდო ე.წ. Special Mention კი შეკვეთილის პროექტს ერგო.
"პროექტში გამარჯვება ცნობადობის ამაღლების კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია. მაკდონალდსის პროექტს, ქვეყნის შიგნით ყველა იცნობდა, თუმცა კონკურსის შემდეგ, ის მის ფარგლებს გასცდა. შედეგად, სხვადასხვა უცხოური პროექტებიდანაც გაჩნდა დაინტერესება, ამის შემდეგ მოხდა ჩვენი მიწვევა დახურულ კონკურსებზე აბუ-დაბიში, შეკვეთა მივიღეთ ბაქოდან, - ეს ყველაფერი ჩვენს პროფესიაში ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამბობს გიორგი ხმალაძე.
რაც შეეხება შეკვეთილის პროექტს, არქიტექტორი ამბობს, რომ ადგილი სრულად გამწვანებულია და ის რამდენიმე ზოლად არის დაყოფილი. პირველ ზოლში ფიჭვნარის ტერიტორიაა. ადგილზე სასტუმრო განთავსდება, რომელშიც დამსვენებლებს სხვადასხვა გამაჯანსარებელი პროცედურების მიღება შეეძლებათ.
„პროექტის ინსპირაცია ის გამოწვევები იყო რაც ადგილზე დაგვხვდა. კერძოდ, ადგილი გატყიანებულია, მხოლოდ რამდენიმე მონაკვეთია სადაც ხეები არ არის. ბუნებრივი გარემოსთვის ხელის ხლება მინიმალურად გვსურდა, ამიტომ პროექტიც მას მოვარგეთ. განაშენიანებისთვის იმ ადგილს ვიყენებთ, სადაც ტყის ზონა არაა. დამკვეთისთვის მნიშვნელოვანი იყო ზღვის ხედი, ამიტომ გადავწყვიტეთ მთელი შენობა აგვეწია ზემოთ, ხეების კენწეროების დონეზე", - ამბობს გიორგი ხმალაძე.
პროექტის დამკვეთი კლინიკა მედია.