23 ივლისს, Black Sea Arena-ზე ქართველი მომღერლის, ქეთი მელუას კონცერტის ჩატარება სახელმწიფო ბიუჯეტს 350 000 ლარამდე უჯდება.
როგორც "საქმის კურსს“ "ბლექ სი არენას“ დირექტორმა ანი კავლელიშვილმა განუცხადა, აღნიშნული თანხა პროექტ Check in Georgia-ის ფარგლებში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
"პროექტის ღირებულება 350 000 ლარამდეა. ამ თანხაში შედის ყველა ის საორგანიზაციო საკითხი, რომელიც კონცერტთან დაკავშირებით იქნება მოსაგვარებელი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ბილეთის ფასი ლოიალური ყოფილიყო, რაზეც ვარსკვლავთან შეთანხმებას მივაღწიეთ - ბილეთების ფასი 20 ლარიდან დაიწყება, საშუალო ღირებულება 30-35 ლარი იქნება. VIP დარბაზებისთვის განკუთვნილი ბილეთები კი, 120 ლარად გაიყიდება“, - განაცხადა კავლელიშვილმა.
კონცერტის ორგანიზატორები დარწმუნებულები არიან, რომ ქეთი მელუას კონცერტი Black Sea Arena-ს სცენაზე ერთ-ერთი საუკეთესო იქნება.
“ზაფხულის დღესასწაული", - ასე ეწოდება შოუს, რომლითაც ქეთი მელუა ქართველი მაყურებლის წინაშე წარსდგება. სპეციალური მოწვევით, კონცერტში მონაწილეობას მიიღებს გორის ქალთა კაპელა.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის, Check in Georgia-ის ფარგლებში მხოლოდ ერთი კონცერტი გაიმართა - ბლექსი არენას სცენაზე 20 მაისს აეროსმიტმა იმღერა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 5 მლნ ლარი გამოიყო.
www.bm.ge