მევენახეები და კომპანიები „ქინძმარაული“, „ახაშენი“, „ყვარელი“ და „მუკუზანი“ მიკროზონების ყურძნის ჩაბარებას მხოლოდ ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე შეძლებენ
2019 წლის რთველის დროს, ყვარლისა და გურჯაანის რეგიონებში, მევენახეები და კომპანიები ღვინის საწარმოებში დაცული ადგილწარმოშობის შემდეგი დასახელების – „ქინძმარაული“, „ახაშენი“, „ყვარელი და „მუკუზანი“ მიკროზონების ყურძნის ჩაბარებას მხოლოდ ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე შეძლებენ, — ამის შესახებ “კომერსანტს“ ღვინის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს.
სააგენტოს განცხადებით, აღნიშნული დოკუმენტის არქონის შემთხვევაში ყურძენი შეფასდება როგორც ჯიშური ღვინის საფერავის მასალა.
ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში ვენახების ამონაწერის გაცემა დაიწყო იმ მევენახეებისა და კომპანიებისთვის, რომლებიც უკვე დარეგისტრირებული არიან ვენახების კადასტრის მონაცემთა ბაზაში.
2019 წლის 31 ივლისამდე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში მევენახეებსა და კომპანიებს დაეხმარებიან ვენახის ამონაწერის განახლებაში.
ვენახების ამონაწერის მიღების შემდეგ, მევენახეებმა და კომპანიებმა უნდა დაამოწმონ ვენახის ამონაწერში მოყვანილი ინფორმაცია და მის შინაარსზე თანხმობა დაადასტურონ.
აღნიშნული პროცესი 2019 წლის 31 ივლისს დასრულდება.
ვენახების ამონაწერი არის ვენახების კადასტრის დოკუმენტი და შეიცავს ინფორმაციას მევენახეებისა და კომპანიების შესახებ (სახელი, საიდენტიფიკაციო ნომერი) და ვენახის მახასიათებლებს (ადგილმდებარეობა, ფართობი ცალკეული ჯიშის მიხედვით, დარგვის წელი, და ა.შ.).
საქართველოს ვენახების ეროვნული კადასტრის შექმნა ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ხარისხის და კონკურენტიანობის გაზრდას მსოფლიო ღვინის ბაზარზე, უზრუნველყოფს რთველის პროცესის გამარტივებას და გამჭვირვალედ ჩატარებას.
დამატებითი ინფორმაციისთვის მსურვეული უნდა დაუკავშირდეს სსიპ ღვინის ეროვნულ სააგენტოს.
Commersant.ge