პირველად საქართველოში, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მართვაში „სოფიტელის“ ბრენდი შემოდის
„ქობულეთში 200 მილიონი დოლარის ღირებულების 5 ვარსკვლავიანი დასასვენებელი კომპლექსის მართვაში ფრანგული კომპანია „აკორ ჯგუფი“ შემოვა, რომელიც საქართველოში პირველად „სოფიტელის“ ბრენდს შემოიყვანს“ – ამის შესახებ „კომერსანტს“ პროექტის განმახორციელებელი კომპანია „კრისტალ ბილდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვანო ლომიძემ განუცხადა.
ლომიძის განცხადებით, კომპლექსის მშენებლობა 2021 წელს დასრულდება.
„სასტუმროს მართვაში „რედისონის“ შემოყვანა იგეგმებოდა, თუმცა „აკორ ჯგუფმა“ უფრო კომფორტული პირობები შემოგვთავაზა. არ მეგონა, თუ „აკორ ჯგუფი“ ყველას ასე აჯობებდა. ჩემთვის მთავარია ვარსკვლავების სისტემა და შენობის კომფორტულობა. ასევე, შეიცვალა კაზინოს მმართველი ბრენდიც. 5 ვარსკვლავიან სასტუმროში ამერიკული კაზინო „ლას ვეგასის“ გახსნა იგეგმებოდა, „აკორ ჯგუფის“ შემოსვლის გამო კი „სოფიტელის“ ბრენდის ქვეშ შემავალი კაზინო აშენდება. ასევე, სივრცეში ფრანგული კაბარე „ლიდო“ განთავსდება,“ — აღნიშნავს ვანო ლომიძე.
პროექტი 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას ითვალისწინებს, სადაც იქნება 220 ნომერი, ღია და დახურული ტიპის აუზები, გასართობი ობიექტები, სამორინე, რესტორნები, კაფე-ბარები, ასევე, საერთაშორისო ბრენდის სავაჭრო ცენტრიც განთავსდება. სასტუმროს მშენებლობას საფუძველი 2017 წელს ჩაეყარა.
პროექტს უნგრული სამშენებლო კომპანია „ქეში“ ახორციელებს და მისი მშენებელობა უცხოური ინვესტიციით ხორციელდება.
კომპანია „კრისტალ ბილდინგის“ დამფუძნებლები არიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი ინვესტორები, მათ შორის, აზერბაიჯანიდან და აშშ-დან.
ფრანგული „აკორ ჯგუფი“ მსოფლიოში ცნობილი სასტუმროებისა და რესტორნების ოპერატორ ისეთ ბრენდებს აერთიანებს, როგორებიცაა, „სოფიტელი“, „ნოვოტელი“, „გრანდ მერკური, „იბისი“. საქართველოში „აკორ ჯგუფი“ უკვე ფლობს რამდენიმე სასტუმროს, მათ შორის, 4 ვარსკვლავიან სასტუმრო „მერკურის“ თბილისში, რომელიც 2015 წელს გაიხსნა.
ლიკა გურაბანიძე
commersant.ge