ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქობულეთში ინტურისტის შენობაში თანამედროვე სტანდარტების სასტუმრო-კომპლექსი მოეწყობა
15 სექტემბერი, 2017

ქობულეთში სასტუმრო „ინტურისტის“ შენობაში თანამედროვე სტანდარტების სასტუმრო-კომპლექსი მოეწყობა. როგორც ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ რადიო „კომერსანტთან“ განაცხადა, პროექტი მუნიციპალიტეტში უკვე შეტანილია.

„პროექტის მიხედვით დაგეგმილია კომპლექსის მოწყობა. გარკვეული კითხვები იყო არსებული კორპუსის მდგრადობასთან დაკავშირებით, როგორც ვიცი, უცხოელი სპეციალისტები ჰყავდათ ჩამოყვანილი და დადგინდა, რომ შენობა მდგრადია. პროექტი განხილვის სტადიაშია და შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ დამტკიცდება", -აცხადებს სულხან ევგენიძემ.

მისივე თქმით, სხვა დეტალები პროექტის შესახებ მისთვის უცნობია. ირკვევა, რომ დოკუმენტაცია ერთ-ერთი კერძო კომპანიის სახელით არის შესული, თუმცა კონკრეტული კომპანიის დასახელებისგან გამგებელი თავს იკავებს.

როგორც ცნობილია სასტუმრო „ინტურისტი“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის კომპანიის საკუთრებაშია. მერობის კანდიდატმა, რამდენიმე დღის წინ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ მან 2012 წელს, პოლიტიკაში მოსვლისთანავე, საქართველოში ყველაფერი გაასხვისა, რაც მის საკუთრებაში იყო. 

”მე, მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში რა შემოსავალიც მქონდა, მაქსიმალურად ვცდილობდი, ჩემს ქვეყანაში დამებანდებინა. არადა, ჩვენთან ყველაფერი სხვაგვარად იყო ხოლმე - აქ იპარავდნენ და საზღვარგარეთ გაჰქონდათ. აბა, სად უნდა მეკეთებინა ბიზნესი, თუ არა საქართველოში?! ბიზნესი არ იყო დიდი, მაგრამ იყო გამართული და მომგებიანი. თუმცა, 2012 წელს, როცა პოლიტიკაში მოვედი, ყველაფერი გავასხვისე, გავყიდე. ერთადერთი, რაც დამრჩა, არის სასტუმრო ქობულეთში, რომელსაც  ყურადღებას ვერ ვაქცევ", - განაცხადა კალაძემ.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.