ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქსნის ხეობა, როგორც არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა
20 ივლისი, 2018

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ განახორციელა ქსნის ხეობის (ამჟამად ოკუპირებული ტერიტორიის) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ინვენტარიზაცია.

კულტურის სამინისტროს ინიციატივით შექმნილი კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელი 2018 Facebook-ის ოფიციალური გვერდი წერს, რომ ახალგორის რაიონიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობა სამ დასახლებაშია განაწილებული - წეროვანში, ფრეზეთსა და წილკანში, სადაც განხორციელებული საველე სამუშაოების შედეგად გამოვლინდა 32 სოფლის ყოფისა და კულტურის ამსახველი მასალა:

- ცხავატური მეთუნეობა; 
- ხის დამუშავების ხალხური წესები (ხეზე ჭრა, წვნა);
- ხალხური ფეიქრობა;
- ულამი (უსასყიდლო შრომითი ურთიერთდახმარების ტრადიცია;
- ქართული ხალხური დღეობები ქსნის ხეობაში (ზემო წელი);
- ლუდის დუღების ხალხური ტექნოლოგია ქსნის ხეობაში;
- სამეურნეო ნაგებობების (ფურნე, თონე, ბაკი, ბერა, ბოსელი) აშენება-მოწყობის პრაქტიკული ცოდნა;
- მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული ცოდნა;
- მეხილეობა-მებოსტნეობასთან დაკავშირებული ხალხური გამოცდილება, მყნობის წესები;
- არყის გამოხდის წესები;
- გარეული მეხილეობის ტრადიცია;
- პროდუქტების დამზადებისა და შენახვის ხალხური გამოცდილება;
- ტრადიციული საკვები;
- ხალხური სამედიცინო ცოდნა;
- სხვადასხვა მოვლენასთან დაკავშირებული ხალხური რწმენა-წარმოდგენები; 
- ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშები და სხვ.

„თითქმის ყველა გამოვლენილი ელემენტი გამოირჩევა ქსნის ხეობის ზემო წელის სამეურნეო-კულტურული ყოფის თავისებურებებით. მათ შორის განსაკუთრებით საინტერესოა ცხავატური მეთუნეობა, მხოლოდ მისთვის ნიშანდობლივი გამორჩეული მახასიათებლებით, წერნაქით შემკობის ტრადიციითა თუ ქალი მეთუნეებით. აღსანისნავია ულამაზესი ქსნური ორნამენტებით შემკული ფარდაგების ქსოვაც, ქსნელი ხის ოსტატების მიერ გამომუშავებული ე.წ. „წვრილი კვეთის“ სტილი. ქსნის ხეობისთვის დამახასიათებელი გარეული მეხილეობის ტრადიცია, პროდუქტების დამზადება-შენახვის ადგილობრივი წესები, ტრადიციული საკვები და სხვა“, - აღნიშნულია FB გვერდზე.

www.travelingeorgia.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.