ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქუჩა, რომელიც პოეტად დარჩა
25 ნოემბერი, 2015

ქუჩა, რომელიც ,,პოეტად  დარჩა“...

პოეტი-აკადემიკოსი იოსებ გრიშაშვილი წერდა: ,,ყოველ ქუჩას თავისი ისტორია აქვს. ქუჩაც ადამიანივით ცოცხლობს, იცვლის ფერს, სახეს და ადამიანივით კვდება... ჩვენი თბილისის ქუჩები თავისი შთაგონებით სხვადასხვა ჯგუფებად შეიძლება დაიყოს: ჯეელი ქუჩა, ბებერი, უიღბლო, ფეოდალური, რევოლუციური, ტალახის ქუჩა, გლეხის ქუჩა, პოლიციის ქუჩა... ‘’ თუ როგორი ბუნებისაა იგი, განაპირობებენ აქ მცხოვრები ადამიანები; მათ ელფერს - შენობები და რა თქმა უნდა, სახლის კედლებსა თუ ქუჩის გზაჯვარედინებზე შემორჩენილი მოგონებები, რომელიც არცთუ იშვიათად ალამაზებს არათუ ქუჩის, არამედ მთელი ქალაქის ბიოგრაფიას. ქუჩას, რომელზეც გიამბობთ, იქნებ რომანტიული დაერქვას, ეკლექტური, მისტიური, იქნებ... იგი  ქალაქის ერთ-ერთ ძველ უბანში - სოლოლაკში, თავისუფლების მოედანსა და ლ.ასათიანის ქუჩებს შორის მდებარეობს და თავისი არსებობის მანძილზე, სოლოლაკის სხვა ქუჩების მსგავსად, გასული საუკუნის ქართველი და უცხოელი ინტელიგენციის თავშეყრის, პოლიტიკურ-სამეცნიერო, საგანმანათლებლო დისკუსიების ადგილადაა მიჩნეული. ამ ქუჩაზე აიგო იმ პერიოდის ცნობილი არქიტექტორების საშემოსავლო თუ კერძო სახლები. ქუჩას 1999 წლიდან  გალაკტიონის სახელი ჰქვია (1959 წლიდან გ. ტაბიძის). XIX საუკუნიდან ვიდრე 1959 წლამდე მან არაერთხელ შეიცვალა დასახელება. თავიდან განის барон П. В. фон Ган (1793 – 1862), რუსი მოხელე, ხანის, ხოლო შემდეგ ა. წერეთლის სახელს ატარებდა. თუმცა, თბილისში არსებული სხვა ქუჩების მსგავსად, თავად გალაკტიონის ბიოგრაფიასთან მას თითქმის არაფერი აქვს საერთო. 

ვნახოთ, რას გვიამბობენ შენობის ფასადები. ამ მხრივ, ქუჩას (გალაკტიონის N22) სომეხი ვაჭრის დაკვეთითა და წარმოშობით გერმანელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული უნიკალური, ქართული სტილის შენობა ამშვენებს. ეს ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს ქუჩის ორიგინალურ ხასიათს. მართლაც, სოლოლაკის ქუჩები ხშირად ტოლერანტული ქუჩების სახელით მოიხსენიება.

გალაკტიონის N22-ში აგებული სახლი ჩვენამდე მოღწეული საცხოვრებელი ტიპის პირველი ნაგებობაა, რომლის ფასადი იმ პერიოდისათვის უჩვეულო ქართული ორნამენტებითაა შემკული და ეროვნული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშის, სამთავისისა და სხვა ქართული ტაძრების კედლების მორთულობას იმეორებს. ატარებს რა მკვეთრად გამოხატულ ეროვნულ ხასიათს, ეს სახლი პირველია იმდროინდელ, ევროპული ტიპის საცხოვრებელ ნაგებობათა შორის. სწორედ XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან იწყება თბილისის სახლების, საკუთრივ საცხოვრებელ სახლებად და შემოსავლიან, გასაქირავებელ სახლებად კლასიფიცირება (ქართველი მეცნიერი, ხელოვნების ისტორიკოსი ვ. ბერიძე). შემოსავლიან სახლებს სოლოლაკის ამ ქუჩაზე ძირითადად იმ დროის ფინანსისტი მაგნატების თამამშევების, მანთაშევების, ბებუთოვების  და სხვების დაფინანსებით აგებენ. ამ შენობის ავტორის ალბერტ ზალცმანის მიერ, გალაკტიონის ქუჩაზე კიდევ ორი შენობა გალაკტიონის N6 (ქუჩის ბოლოდროინდელი რეკონსტრუქციის შემდეგ აიღეს) და გალაკტიონის N9  აიგო. რუსთაველის მოედანზე მისი პროექტითაა აშენებული ამჟამინდელი ეროვნული გალერეაც (ყოფილი,,დიდების სასახლე“). არქიტექტურის ისტორიკოსის, მკვლევარ მაია მანიას შრომებიდან ვიგებთ, რომ თბილისში, ემიგრანტ ფრიდრიხ ზალცმანის ოჯახში დაბადებული ალბერტ ზალცმანი სწორედ ამავე ქალაქში, მშენებლობისას, ხარაჩოზე გარდაიცვალა. XIX საუკუნის პეტერბურგის საიმპერატორო სამხატვრო აკადემიის ცნობილი პედაგოგის ალექსანდრე შტანკენშნაიდერის კლასში აღზრდილი და პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსი ალბერტ ზალცმანი ღირსეულად ატარებს თბილისელის წოდებას, როგორც ეს ქართველ მეცნიერთა და მკვლევართა მიერ თბილისური არქიტექტურის მიმართ მიძღვნილ არაერთ ნაშრომშია ნახსენები. მით უფრო, რომ არქიტექტორი სოლოლაკის ამ ქუჩაზე აშენებული ე.წ. თამამშევისეული სახლით არა მხოლოდ ,,ეროვნული სტილის“ შემქმნელია, არამედ იგი საფუძველს უყრის რომანტიული მიმდინარეობის განვითარების მთელ საფეხურს თბილისში. (მ. მანია. ევროპელი არქიტექტორები თბილისში).

მივუყვეთ ქუჩის ანატომიას. იგი თავისუფლების მოედანთან იწყება და მარცხენა ფრთაზე თბილისის საკრებულოს ფსევდომავრიტანული სტილის ამჟამად რესტავრირებული ფასადით იწონებს თავს.  შენობამ ბევრჯერ იცვალა სახე. დღემდე მოღწეული ნაგებობის ავტორად  მიჩნეულია ევროპელი არქიტექტორი შტერნი. თავისუფლების მოედანსა და გალაკტიონის ქუჩის კუთხეში მდგარი ამ შენობის შემდეგ, ქუჩის მომდევნო მარგალიტი მის მარჯვენა ფრთაზე არტ-ნუვოს სტილის, სარქისიანისეული ნაგებობაა. აღსანიშნავია, რომ არქიტექტორ ლაზარ სარქისიანის კარიერა ამ პერიოდისათვის შესაშურია. მან პირველი გილდიის ვაჭრის, მენავთობე ალექსანდრე მანთაშევის დაკვეთით ააგო ორი შემოსავლიანი სახლი, რომლიდანაც ერთ-ერთი სწორედ გალაკტიონის ქუჩის 3/5-ის მშვენება, 1905 წელს აშენდა. (მეორე აღმაშენებლის 27-შია).

არტ-ნუვო, სიტყვასიტყვით Art nouveau (ფრანგ.) ახალ ხელოვნებას ნიშნავს და პარიზში მდებარე სამუელ ბინგის გალერეის Maison de l'Art Nouveau ­ს სახელთანაა დაკავშირებული. იგი, როგორც მსოფლიო ხელოვნების სხვადასხვა სფეროს მიმდინარეობა, 1861 წელს ინგლისიდან ვრცელდება. საქართველოს საცხოვრებელი სახლების პროექტებში კი 1902 წლიდან მკვიდრდება და რევოლუციის წლებამდე ცოცხლობს. უნდა აღინიშნოს, რომ თბილისში, არტ-ნუვოს ბევრი ნიმუში არ გვაქვს. გალაკტიონის 3/5-ში მდებარე სახლის, ისევე როგორც ამ სტილის სხვა სახლების თავისებურება საქართველოში ისაა, რომ აქ უცხოურ არქიტექტურასთან ადგილობრივი ფორმებია შერწყმული.  ამის შედეგია ევროპული სტილის ფასადებისა და ქართული აივნების ორიგინალური სინთეზი არტ-ნუვო დეკორაციებით, სახლის კიბის მოაჯირით, ტიმპანებისა თუ პორტიკების მოპირკეთებით.

გალაკტიონის N9 ავტორ ზალცმანის მიერ დაპროექტებული სახლის ფასადით გვეგებება. იგი ბაროკულ-რენესანსული სტილისაა და შენობის ტანში გაჭრილი გასასვლელი გვირაბით  ქუჩას თბილისურ, შიდა ეზოსთან აკავშირებს. ეზოს ორმხრივ ჭვირულმოაჯირიანი ხის აივნები შემოუყვება. სიღრმითა ფლიგელში ხის კიბეა დატანებული. სახლის პარადული შესასვლელი ქუჩის მხრიდანაა მოწყობილი. სახლის თავდაპირველ მეპატრონედ ვინმე შაჰნაზაროვი სახელდება.

თბილისში თამბაქოს მწარმოებლების - ძმები სეილანოვების სახლის მიგნება გალაკტიონის N18-ში, მისივე კარების ზღურბლთან შემორჩენილი წარწერით შეიძლება. ,,1911“  შენობის აგების წელია. სომეხი ფინანსისტების საგვარეულო გერბის სიმბოლიკა სახლის მესამე სართულის შიდა კედლებს შემორჩა, კარგად შეიმჩნევა სახლის გადახურვის ვიტრაჟული წყობაც.

 რესტავრაციის შემდეგ, სახლი არაერთი ვიზიტორის ყურადღების ცენტრშია. (სამწუხაროდ, ამას ვერ ვიტყვით მაღალი ღირებულების მოხატულობისა და შიდა ინტერიერის მქონე, ბევრ სადარბაზოზე თბილისში). სეილანოვების სახლმა იმ დროისათვის  სადარბაზოებისა და ოთახის კედლების სახელგანთქმული მომხატველის ბენო ტელინგატერის შემოქმედება შემოგვინახა. ტელინგატერი ბაქოს თეატრების დეკორატორადაც მუშაობდა. სეილანოვების სახლის სადარბაზოს გარდა მას ეკუთვნის აღმაშენებლის N93-ს სახლის სადარბაზოს მოხატულობაც. ორივე სადარბაზო მსგავსია საერთო პროგრამით, სიუჟეტური და დეკორატიული მოტივებით (ვესტიბიულში ქვეყნების ალეგორიული გამოსახულებები და კიბის უჯრედში დეკორატიული ორნამენტები, კლასიციზმის და ბაროკოს მოტივები შერწყმულია რომანტიკულ პეიზაჟებთან).  

ერთი სიტყვით, იმ დროის უცხოელმა ოსტატებმა და მათ შორის ბ. ტელინგატერმა ინტერიერის გაფორმების ის საერთაშორისო სტანდარტები დაამკვიდრეს თბილისში, რომელიც ევროპის დიდ ქალაქებში გვხვდება.

გალაკტიონის N17-ში მდებარე სახლი XX საუკუნის დასაწყისში აიგო და მოდერნის სტილისაა. შენობის ავტორის ვინაობა უცნობია. თუმცა ცნობილია ის, რომ აქ 1920-21 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკაში რუსეთის საელჩო განთავსდა. ამავე სახლში, 1921-26 წლებში გრიგოლ (სერგო) კონსტანტინეს ძე ორჯონიკიძე ცხოვრობდა. მე-11 არმიის რევოლუციური სამხედრო საბჭოს წევრმა, ამიერკავკასიის რესპუბლიკების გასაბჭოების აქტიურმა მონაწილემ, სსრკ სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ (1930 წლიდან), მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარმა (1932 წლიდან), ოფიციალური ვერსიით თავი მოიკლა 1937 წლის 18 თებერვალს.

უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მეზობელ სახლში - გალაკტიონის N21-ში 1931 წელს, 43 წლის ასაკში ფილტვების ანთებით გარდაიცვალა ცნობილი საზოგადო მოღვაწე, საქართველოში მეტალურგიის დარგის დამაარსებელი გიორგი ნიკოლაძე, ნიკო ნიკოლაძის ერთადერთი ვაჟიშვილი. ოჯახის წევრების მოგონებებიდან ვიგებთ, რომ გიორგის გარდაცვალების მომენტში ნიკოლაძეების სახლს სერგო ორჯონიკიძე სტუმრობდა. ოჯახის წევრებს ს. ორჯონიკიძის სატელეფონო საუბრის საგულისხმო მომენტი დაამახსოვრდათ: ,,Не надо, он умерает…” – იყო პასუხი მოულოდნელად გამოჩენილი სტუმრისთვის განკუთვნილ სატელეფონო ზარზე.

თანამედროვე გადასახედიდან ძნელია დადგენა იმისა, მეტალურგიულ მოღვაწეობაში ჰყავდა თუ არა გიორგი ნიკოლაძეს კონკრეტული  ოპონენტები. თუმცა, შესაძლოა მივყვეთ მოვლენათა ფაქტობრივ ჯაჭვს: გიორგი ნიკოლაძე ფილტვების ანთებით ქალაქ დონბასში დაავადებულა. მის მიერვე ქალაქ თბილისში, დიდუბის რაიონში მეტალურგიული ქარხანა დაარსებულა, რომელსაც თავადვე დირექტორობდა. გიორგის გარდაცვალებიდან ერთ წელიწადში კი სერგო ორჯონიკიძე მძიმე მრეწველობის სახალხო კომისარი ხდება.

ნიკოლაძეების ოჯახს, რომელსაც სამსართულიანი სახლის მთელი მესამე სართული ეკავა და თავის დროზე ნიკო ნიკოლაძის მიერ იყო შეძენილი, ძვირფასი მოგონებების მთელ არქივს ინახავს.  თითქმის მუზეუმის სტატუსის მქონე სახლი სათუთად უფრთხილდება თითოეულ ნივთს, რომელიც, თავისთავად, ერის საუკეთესო შვილების ბიოგრაფიებთანაცაა კავშირში.

შვილის გარდაცვალებმადე სამი წლით ადრე, ამავე სახლში გარდაიცვალა ნიკო ნიკოლაძე. 1928 წლის 4 აპრილს, მთაწმინდის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონისაკენ მიმავალ სამგლოვიარო პორცესიას მთელი ქალაქი მიჰყვებოდა. უდიდესი ქართველის, ნიკო ნიკოლაძის საპატივცემლოდ თბილისის ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში გლოვის ზარები რეკდა...

ნიკო ნიკოლაძის საკუთარი სახლის მეზობლად, გალაკტიონის N20-ში ამჟამად კულტურული ურთიერთობების ცენტრი ”კავკასიური სახლია” განთავსებული. აქ ადრე მცხოვრები სმირნოვები, ნიკოლაძეების ოჯახის ახლობლებად იყვნენ მიჩნეული.

სახლი 1860 წელს შვედი არქიტექტორის,  ოტო სიმენსონის პროექტითა და თამამშევების დაკვეთით აშენდა. თამამშევის ქალიშვილი ელიზავეტა მიხეილ სმირონვს გაჰყვა ცოლად და მშობლებისგან მზითევში ეს სახლი მიიღო. მიხეილის დედა - ალექსანდრა ოსიპოვა სმირნოვა-როსეტი, დედის მხრიდან ციციშვილთა შთამომავალი, რუსეთის ორი იმპერატრიცის ულამაზესი ფრეილინა, ისეთი გამოჩენილი ადამიანების მეგობარი იყო, როგორებიც იყვნენ ჟუკოვსკი, ჩაიკოვსკი, ლისტი, ლერმონტოვი, გლინკა, ბელინსკი, ადამ მიცკევიჩი, პროსპერ მერიმე და გოგოლი.  არცთუ იშვიათად მათი მუზა ალექსანდრა როსეტი მოგვიანებით ცოლად სმირნოვს გაჰყვა.

დედის მიერ პეტერბურგში დაარსებული სალონი მისმა შვილმა მიხეილმა XIX საუკუნის 70-იან წლებში ამჟამინდელი გალაკტიონის ქუჩის N20-ში გადმოიტანა და რუსეთის, ევროპისა და საქართველოს გამოჩენილი ადამიანების, მწერლების, მეცნიერების, მსახიობების, მუსიკოსების თავშეყრის ადგილად აქცია.

ალექსანდრა როსეტ-სმირნოვას ვაჟისათვის პეტერბურგიდან ქონების დიდი ნაწილი გამოუგზავნია. რუსეთიდან გამოგზავნილი უნიკალური ექსპონატების გარდა, სმირნოვებთან რუსეთის პოეზიის გენიად წოდებულ ალექსანდრე პუშკინთან დაკავშირებული იმდენი ნივთი დაგროვილა რომ საბჭოეთის პერიოდში, აქ მუზეუმი გახსნილა, რომელსაც შენობის ოთხი ოთახი ჰქონდა დათმობილი. მუზეუმი ამჟამად არ ფუნქციობს. ქართულ კულტურასთან დაკავშირებული არაერთი საინტერესო ექსპონატებიდან აღსანიშნავია
სმირნოვების ოჯახის ხშირი სტუმრის ილია ჭავჭავაძის ორი პირადი წერილი, ნიკოლოზ ბარათაშვილის ლექსების პირველი კრებული... სულ 4 ათასამდე ძვირფასი ნივთი. სახლის ჯადოსნურობა ქუჩის მოგონებას გეზს უცვლის და მაგნიტივით გადაეცემა სახლებს, რომლებიც ფაქტობრივად ამთავრებენ ქუჩის ისტორიას. გალაკტიონის ქუჩას ჩრდილოეთით ასათიანის ქუჩა ესაზღვრება.

გალაკტიონისა და ლადო ასათიანის ქუჩების კუთხეში (ლ.ასათიანის 21/23 და ლ. ასათიანის 21/24), ერთმანეთის პირისპირ ორი სახლია. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ეს შენობები ორი ვაჭრის მეტოქეობის წყალობით აშენდა. ერთმა მათგანმა, რომელიც მეზობელი სახლის მეპატრონესავით მდიდარი არ იყო, და იცოდა, რომ ანალოგიურად უხვად დეკორირებულ ფასადს ვერ გააკეთებდა, ასეთ ხერხს მიმართა: საკუთარი სახლის ფანჯრების ღიობის თავზე ენაგამოყოფილი მასკარონები (გროსტესკული, სტილიზებული ნიღბები) გამოაქანდაკებინა და ასეთი რამ შეუთვალა მეზობელს: მე რომ გამოვალ ჩემს აივანზე, შენი მდიდრული სახლის ფასადით დავტკბები, კარგ ხასიათზე დავდგები და საქმეც კარგად წამივა, შენ კი შენი სახლიდან ამ დამცინავად ენაგამოყოფილ სახეებს დაინახავ, გუნება გაგიფუჭდება და საქმეებიც ცუდად წაგივაო.

ლეგენდამ თითქოს სრულად ვერ მოაღწია ჩვენამდე, თუმცა, ისტორიულმა მოვლენებმა ბოლო მოუღო არა მხოლოდ ერთი ვაჭრის, არამედ მთლიანად, სავაჭრო ფენის არსებობას მთელს საბჭოეთში. სახლის თავდაპირველმა მეპატრონემ, ვაჭარმა ქალბატონმა ეველინა ტერ აკოპოვამ ქონების დიდი ნაწილი დაკარგა. თავის დროზე იგი ხისმჭრელ საამქორებს ფლობდა ქალაქის სხვადასხვა უბანში და მათ შორის კუნძულ მადათოვზეც. მისი სახელი სადარბაზოს შემოსასვლელში, იატაკზეა აღბეჭდილი. გასაბჭოებიდან დღემდე,  ნატიფრელიეფიან სახლს ფასადის უნიკალური იერი მაინც შემორჩა. არც იატაკის მოზაიკას დაუკარგავს ხიბლი. მისი ავტორის, იტალიელი ხელოსნის, ანჟელო ანდრეოლეტის სახელი ოქროსფრად ამოტვიფრული, ზედ სადარბაზოს კარის ზღურბლზე გვხვდება.

სახლის მობინადრეთა მოგონებებიდან ვიგებთ, რომ გალაკტიონისა და ასათიანის  ქუჩის კუთხეში მდებარე ნატიფრელიეფიანი სახლი სტალინისა და ბერიას ინსპირირებული შეხვედრების ადგილი ყოფილა. მოგვიანებით, სახლის ერთი ფლიგელი ცნობილ საზოგადო მოღვაწეს, ვალერიან გუნიას დაეთმო. აქვე ცხოვობდა მისი სიძე - პავლე საყვარელიძე - დამოუკიდებელი საქართველოს პირველი კონსტიტუციის ავტორი. როგორც ნინო გუნიამ - ვალერიან გუნიას შვილიშვილმა გვიამბო, პავლე საყვარელიძე ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი იყო და ემიგრაციაში წამსვლელების სიაშიც ეწერა, თუმცა, ბოლო წუთს, საქართველოში დარჩენა გადაუწყვეტია და ბათუმის პორტიდან მობრუნებულა... ბერიასდროინდელ რეპრესიებს შეეწირა პავლე საყვარელიძე და ნინო გუნიას მამა, ვალერიანის შვილი.

სახლის მემორიალური დაფიდან ვიგებთ, რომ ვალერიან გუნია, საქართველოს სახალხო არტისტი, რეჟისორი, დრამატურგი, კრიტიკოსი 1938 წელს გარდაიცვალა. მისი შვილიშვილის მონათხრობით, 37-ში დახვრეტილ ვაჟიშვილზე დარდს გადაჰყვა.

მასკარონები ეხლაც კარგად ატყვია მოპირდაპირე მხარეს აღმართული ყოფილი ვაჭრის სახლს. რატომღაც შენობაზე ინფორმაცია დღემდე მწირია. რაც შეეხება ნატიფფასადიანი სახლის ბოლოდროინდელ ამბებს, ქუჩის უკანასკნელი, საცდელ- სარესტავრაციო კვლევებისას, მუშებმა შემთხვევით, XVIII საუკუნისდროინდელი მეომრების ძვლებს მიაკვლიეს. სავარაუდოდ, აღა-მაჰმად ხანის შემოსევისას ქალაქის გალავნის მცველების ნეშტებს. მართლაც, ქალაქის გალავანი, გალაკტიონის ქუჩიდან რამოდენიმე მეტრში, ახლანდელი დადიანის ქუჩას მიუყვებოდა იქ, სადაც მთვარდებოდა კალაუბანი და იწყებოდა გარეთუბანი თავისი სოლოლაკით. გალაკტიონის ქუჩა კი, როგორც ,,უდროობის გმირი“ დღემდე გრძნობს წარსულის ტკივილს, იქნებ სწორედ ესაა ის, რაც მას თავად პოეტთან ასე ძლიერ აახლოებს.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.