ავსტრალიელი მოგზაურის შთაბეჭდილებები: ქუთაისში ადამიანების უმეტესობა საბჭოთა პერიოდშია ჩარჩენილი, ისინი უბრალოდ არსებობენ და არ ცხოვრობენ
გმირი, რომელზეც დღეს „კომერსანტი“ მოგიყვებათ სიდნეიში დაიბადა, ბავშვობა ავსტრალიის სამხრეთ-დასავლეთში, ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე, ქალაქ პერთში გაატარა. 2010 წელს კომუნიკაციების მიმართულებით ბაკალავრიატზე ჩააბარა. ამ დროს უკვე იცოდა, რომ მოგზაურობა იყო ის, რისი კეთებაც მთელი ცხოვრება უნდოდა. ჩვენს რესპონდენტს შონი ბრაუნი ჰქვია. გაგიკვირდებათ და იგი ამერიკის, იაპონიის, შოტლანდიის, დიდი ბრიტანეთის შემდეგ, საქართველოში მოხალისედ, სამუშაოდ ჩამოვიდა.
თუმცა, მისი მოგზაურობა საქართველოში წარუმატებლად დაიწყო.
„საბედნიეროდ, საკმაოდ განათლებული ოჯახი მყავს, მოგზაურობა მათაც ძალიან უყვართ. საქართველოს შესახებ ყოველთვის იცოდნენ. აქ ჩამოსვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ საკმაოდ მყუდრო ქვეყანაა, სადაც ბევრი ადამიანი არ მოგზაურობს. საქართველოზე ვიცოდი ის, რომ სტალინის სამშობლოა, ასევე ქართული ღვინის შესახებ მსმენია ბევრი, ვიცოდი ისიც 90- იან წლებში თქვენს ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობა იყო,— გვიყვება შონ ბრაუნი.
იგი საქართველოში Workaway.info-ს პროგრამის ფარგლებში ჩამოვიდა – ამ საიტზე მსოფლიოს ყველა ქვეყნის ჰოსტელები, საოჯახო სასტუმროები, ან ჩვეულებრივი ადამიანები ათავსებენ ინფორმაციას, იმის შესახებ რომ მოხალისეების დახმარება სჭირდებათ, სანაცვლოდ ისინი მოგზაურებს უფასო საცხოვრებლით და ზოგჯერ კვებითაც უზრუნველყოფენ.
კულტურის გაცვლისთვის, ახალი თავგადასავლებისთვის და ახლი გამოცდილებისთვის Workaway.info რომ კარგი პროგრამაა, ამაზე ათასობით მოგზაური თანხმდება, თუმცა როგორც შონი ამბობს, საქართველო პირველი ქვეყანაა, მისი მოგზაურობის პერიოდში, სადაც არ გაუმართლა.
„ქართულ სასტუმრშო, რომელსაც ინფორმაცია Workaway.info-ზე ჰქონდა განთავსებული, დახმარების სანაცვლოდ უფასო საცხოვრებელს შემპირდნენ. ჩამოსვლამდე მასპინძლებთან კომუნიკაცია კარგად მიდიოდა, ეს ვარიანტი იმიტომ ავირჩიე, რომ საკმაოდ კარგი შეფასებები ჰქონდა, (როგორც აღმოჩნდა ეს შეფასებები, ყველა ყალბი იყო). საუბრისას ხალხი საკმაოდ მეგობრული იყო, მიხაროდა ახალ ჰოსტელში დასაქმების პერსპექტივაც. დილის სამ საათზე ჩამოვედი ქუთაისში, საკმაოდ კარგად დამხვდნენ “,- ამბობს მოგზაური.
ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა რაც შონ ბრაუნი ქუთაისში ჰოსტელში — „Dingo Backpackers“- ში მივიდა, რომლის მეპატრონეები იტალიელები რიკარდო და ალბერტო და რუსი მარგარიტა აღმოჩნდნენ. ჰოსტელში მისვლის შემდეგ მოგზაურმა გაიგო, რომ მისთვის დასაძინებლად საწოლი გამოყოფილი არ იყო.
„გავიგე, რომ სტუმრებთან ერთად, ოთხსაწოლიან ოთახში უნდა დამეძინა. ეს ძალიან არ მომეწონა, იმიტომ რომ პრაქტიკულად დავავიწყდი მასპინძლებს. მფლობელი საკმაოდ დაბნეული ჩანდა, როცა ადგილს მათვალიერებინებდა. არ იყო ჩამოყალიბებული, რა უნდა დაევალებინა ჩემთვის. მოგვიანებით გავიგე, რომ თუ ჰოსტელი ძალიან გადაიტვირთებოდა დივანზე ან იატაკზე უნდა დამეძინა. ჩამოსვლის მეორე დღეს – ვკითხე მასპინძლებს, თუ სად უნდა დამეძინა და მითხრეს, 10- საწოლიან, დიდ ოთახი უნდა გადავსულიყავი. როგორც კი ვნახე თავისუფალი საწოლი, აღმოჩნდა, რომ ვიღაცას ეკუთვნოდა, მაშინ გადავწყვიტე იმ ადგილის დატოვება. გავიღვიძე დილით, დავეხმარე საუზმის მომზადებაში, ჩემი ნივთები ავიღე და სხვა ჰოსტელში გადავედი. არაფერი მითქვამს იმიტომ, რომ აშკარად ჩემი არსებობაც აღარ ახსოვდათ“, – განაცხადა შონ ბრაუნმა.
წასვლის შემდეგ შონ ბრაუნსა და Dingo Backpackers“- ის მეპატრონეებს შორის ურთიერთობა გართულდა.
„რიკარდო ცდილობდა ჩემთან დაკავშირებას მაგრამ ვუთხარი, რომ არ ვიყავი დაინტერესებული მათთან მუშაობით, რის შემდეგაც ჰოსტელის ყველა მეპატრონე ალბერტოს ტელეფონის მეშვეობით შეურაცხყოფას მაყენებდა, რაც კამათში გადაიზარდა. თუმცა მერე ძალიან დამღალა ამ ყველაფერმა და დავბლოკე. საკმაოდ შოკირებული და გაბრაზებული ვიყავი იმ ყველაფრით, რაც მითხრეს. შემდეგ სასტუმროდან ნივთების მოპარვაში დამადანაშაულეს, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლე არაა და ძალიან შეურაცხყოფილი დავრჩი. რომ ვკითხე რა მოვიპარე სასტუმროდან, პასუხი ვერ გამცეს. შეურაცხმყოფელი მესიჯი მივიღე Booking.com-ის მეშვეობითაც . სანამ ჰოსტელში ვიყავი მაიძულებდნენ ყალბი ანგარიში გამეკეთებინა Booking.com-ით და კარგი შეფასებები დამეწერა, თუმცა როცა წამოვედი ჯავშანიც გავაუქმე“, – გვიყვება ჯოშ ბრაუნი.
შონ ბრაუნის მონათხრობის გადასამოწმებლად “კომერსანტი“ „Dingo Backpackers“ დაუკავშირდა , თუმცა ჰოსტელის Facebook გვერდზე მითითებულ ნომერზე ჩვენს ზარს და შეტყობინებას არ უპასუხეს. უპასუხოდ დატოვეს ჩვენი შეტყობინება Facebook გვერდზეც, სადაც ავუხსენით რა თემაზე გსურდა საუბარი.
მიუხედავად ქუთაისში მიღებული იმედგაცრუებისა, შონ ბრაუნმა საქართველოში მოგზაურეობა გააგრძელა და ასე ჩამოვიდა თბილისში, სადაც ჩვენ გავიცანით. სხვა მოგზაურების მსგავსად საქართველოს ბუნებით აღფრთოვანებულია. „კომერსანტს“ იმ ემოციებს უზიარებს, რომელიც საქართველოში ყოფნის პერიოდში დაუგროვდა.
„საბედნიეროდ ჰოსტელის არცერთი მფლობელი ქართველი არ იყო. შესაბამისად, ქართველებთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. ქუთაისში ძალიან ბევრი ასაკოვანი ხალხი იყო და მომეჩვენა, რომ მათი უმეტესობა საბჭოთა პერიოდში არიან ჩარჩენილები. ვფიქრობდი, რომ ისინი უბრალოდ არსებობენ და არ ცხოვრობენ ბედნიერი ცხოვრებით. ბარებსა და რესტორნებში ადამინები საკმაოდ უხეშები იყვნენ. როცა ხვდებოდნენ რომ უცხოელი ვიყავი, ცდილობდნენ ჩემს მოტყუებას არასწორი ხურდის მოცემით და ა.შ. თბილისში ხალხმა საოცარი შთაბეჭდილება დამიტოვა, მათ არ ეზარებათ დახმარება და აქ უფრო ბედნიერები ჩანან ადამიანები, ვიდრე ქუთაისში. ვფიქრობ, რომ საქართველო ლამაზი ქვეყანაა – ქუთაისიდან თბილისში სამარშუტო ტრანსპორტით მგზავრობა ძალიან სახალისო აღმოჩნდა, ულამაზესი მთები გაქვთ. ჩემი აზრით, აქ ფასებიც ხელმისაწვდომია“, – ამბობს შონ ბრაუნი.
საბედნიეროდ, იმ მცირე დროში რომელიც შონმა საქართველოში გაატარა, ვერ შეძლო იმ სოციალური და ეკონომიკური პრობლემების დანახვა რის გამოც ქუთაისში ადამინები ბედნიერი ცხოვრებით არ ცხოვრობენ. მოგზაური საქართველოში 20 აგვისტომდე დარჩება, ამ პერიოდში გეგმავს დაათვალიეროს სიღნაღი, გორი, მცხეთა და ბათუმი რის შემდეგაც ის ახალი თავგადასავლების საძიებლად თურქეთში გაემგზავრება.
Commersant.ge