ქუთაისში მაისის დასაწყისში საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი გაიმართება, ევროკავშირის ინიციატივით, ქალაქმა ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების გეგმა: „მერები ეკონომიკური ზრდისათვის“ შეიმუშავა. სფეროები, რომლის დაფარვასაც ფორუმის ფარგლებში მისი ორგანიზატორები გეგმავენ და შეთავაზება, რომელიც ადგილობრივ მთავრობას ბიზნესისათვის ექნება. ფორუმის დეტალებზე ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია გადაცემა „საქმიან დილაში“ საუბრობს.
ქუთაისის მერის თქმით, ფორუმი მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობისთვის, ამიტომ წერეთლის უნივერსიტეტის შენობაში 3-4 მაისს, მოეწყობა 80-მდე პავილიონი, სადაც ბიზნესის წარმომადგენლებს ექნებათ საშუალება წარმოაჩინონ წარმოებული პროდუქცია. ადგილობრივი ბიზნესმენების გარდა ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ბიზნესმენები მთელი იმერეთის მასშტაბით. პავილიონები ასევე მოეწყობა ტურისტული კომპანიებისათვის, რათა მათ ინფორმაცია მიაწოდონ უცხოელ ინვესტორებს.
„ქუთაისში ყოველწლიურად ტურისტების რაოდენობა 60-70%-ით იზრდება, ამიტომ ამ მიმართულებით აქტიურად დავიწყეთ მუშაობა, წამოვწიეთ პროექტი რიონის სანაპიროს განვითარების შესახებ, რომელიც მოიცავს წითელი ხიდიდადნ ჯაჭვის ხიდამდე მეცხრამეტე საუკუნის სახლების რეაბილიტაციას და გალერიის პროექტი, სადაც წარმოდგენილია უნიკალური ნაშრომები. ამ პროექტებთან ერთად იგეგმება სხვა მასშტაბური პროექტებიც, რომელიც ტურისტს საშუალებას მისცემს რამდენიმე დღე დარჩეს ქუთაისში.“ – განაცხადა ჭიღვარიამ.
ჭიღვარიას თქმით, მიმდინარეობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის რეაბილიტაცია, რის შემდეგაც იგი სამჯერ გაზრდილი ძალით მოემსახურება ტურისტულ ნაკადებს. მისივე თქმით, აქტიურად მიმდინარეობს სატრანსპორტო პროექტები აეროპორტის მიმართულებით. ვინაიდან ქუთაისი ლოჯისტიკური ცენტრი უნდა იყოს აუცილებლად თანხვედრაში იქნება რკინიგზა და აეროპორტი.
„ჩვენ გადავჭერით ძალიან ბევრი პრობლემა, მაგალითად დავარეგულირეთ გარევაჭრობა და ვმუშაობთ სატრანსპორტო და ტურისტულ სფეროებზე. აღნიშნული ფორუმი პირველად ტარდება ქუთაისში, რასაც გვინდა, რომ ყოველწლიური სახე ჰქონდეს, რათა უფრო მეტი ინვესტორები მოვიზიდოთ. ჩვენ წარვადგენთ პრეზენტაციას, რითაც ინვესტორებსა და ბიზნესმენებს გავუადვილებთ არჩევანს, თუ სად უნდა გაკეთდეს ინვესტიციები. ჩვენ ვცდილობთ, დავეხმაროთ ადგილობრივ ბიზნესმენებს, რომ გავიდნენ საერთაშორისო ასპარეზზე და აღნიშნული ფორუმი სწორედ ამაში გვეხმარება, რომ უფრო დიდ არეალზე წარმოადგინონ წარმოებული პროდუქცია და დავაკავშიროთ უცხოელ ბიზნესმენებთან.“ – განმარტავს ქუთაისის მერი.