ქუვეითური კომპანია, "G Paradise" კახეთში 17 ჰექტარზე გაშლილ სასტუმრო კომპლექსს აშენებს. როგორც რადიო „კომერსანტთან" საუბარისას ინვესტორის იურიდიული ინტერესების დამცველი კომპანია „ელ ფი ეი"-ის იურიდიული დირექტორი ჯაბა გველებიანი აცხადებს, სასტუმროს მშენებლობა ამ ეტაპზე საბოლოო ფაზაშია. ვილების უმრავლესობა უკვე დასრულებულია და მიმდინარეობს საერთო სივრცეების, მოსასვენებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობა. კომპლექსი თელავის რაიონის სოფელ ჯუღაანში მდებარეობს და ამ ეტაპზე მის განხორციელებაში 10 მილიონ ლარამდეა დახარჯული.

გველებიანის თქმითვე, კომპლექსი 17 ჰექტარზეა გაშლილი და მოიცავს კომბინირებული ვილის მსგავს კოტეჯებს. სასტუმრო დაფუძნებულია აგრო-ტურისტული კომპლექსის კონცეფციაზე, რაც გულისხმობს საერთაშორისო და ადგილობრივი სტუმრებისთვის კომფორტული დასასვენებელი გარემოს შექმნას, რომ დამსვენებლებმა სრულად შეძლონ ადგილობრივი გარემოთი, ბუნებით, ლანდშაფტით, სოფლის მეურნეობითა და კულტურით სიამოვნება. ვილების გარდა კომპლექსში არის რესტორნები, საცურაო აუზი და სპა ცენტრი. აქვე იქნება სხვადასხვა ტურები მათ შორის, საცხენოსნო და სხვა აქტივობები. სასტუმრო მომარაგდება ადგილობრივი ფერმერებისგან შეძენილი ორგანული პროდუქციით.

კომპანიის იურიდიული ინტერესების დამცველის თქმით, სასტუმრო კომპლექსი იფუქნციონირებს „Paradise Investment Resort"-ის ბრენდის ქვეშ.

კომპლექსი გათვლილია საერთაშორისო ვიზიტორებსა და ტურისტებზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

გველებიანის ინფორმაციით, ინვესტორის მთავარი ინტერესის საგანი ამ ეტაპზე სასტუმრო კომპლექსის დასრულება და ოპერირებაა. ამასთან, მისივე მტკიცებით ქვეყნის მზარდი ტურისტული პოტენციალის გათვალისწინებით ეტაპობრივად განიხილევა სხვადასხვა სექტორში დამატებითი ინვესტიციების განხორციელებაც.
ავტორ(ებ)ი: სალომე სოსელია
COMMERSANT.GE