ბაღდათის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთ საინტერესო კუთხეს წარმოადგენს იმერეთში, გეოგრაფიული მდებარეობით, ტურიზმის განვითარების კუთხითა და ფლორა-ფაუნის სიუხვით, თუმცა ეს მოკლე ჩამონათვალი სრულად ვერ ასახავს იმ სიმდიდრეს, რასაც მუნიციპალიტეტი ფლობს და რისი პოტენციალიც რეალურად გააჩნია. პირველ რიგში, საინტრესოა მისი გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი.
"ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სუბალპურ და ალპურ ზონაში, მესხეთის ქედის სამხრეთ ფერდობზე არაერთი ვულკანური წარმოშობის ქვასვეტია აღმართული, რომლებიც დენუდაციური შთენილების სახით არის შემორჩენილი. ქვასვეტები ბუნებრივი კლიმატური პირობებისა და ატმოსფერული ნალექების ზემოქმედების შედეგად გარდაიქმნა და საინტერესო ბუნებივი ქვასვეტების ფორმა მიიღო. კურორტს საირმის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე წაბლარას აუზში, ზღვის დონიდან 2205 მეტრ სიმალეზე, ადგილ ,,წითელმინდორის” ზედა ნაწილში მდებარეობს რამდენიმე ქვის სვეტი, რომლებსაც ადგილობრივები ,,ქვასაყდარას” უწოდებენ. ეს ტურისტული ობიექტი მდებარეობს ბაღდათი-საირმე-აბასთუმანი-ახალციხის საავტომობილო გზის შუა მონაკვეთზე. ამ ადგილიდან საინტერესო პანორამული ხედები იშლება როგორც მესხეთის ქედის მიმართულებით, აგრეთვე მდინარე წაბლარასწყლის ხეობაზე. ხელსაყრელია ტურისტული ობიექტების მოსაწყობად. აღნიშნულ ადგილამდე მანძილი თბილისიდან 265 კმ. ბაღდათიდან 40 კმ, ხოლო ქუთაისიდან 70 კმ-ია," - ამბობს გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი გიორგი დვალაშვილი.