საქართველო არა მხოლოდ ისტორიულ- არქეოლოგიური თუ კულტურული მემკვიდრეობით იქცევს მოგზაურთა ყურადღებას, არამედ ბუნების ხელთუქმნელი საოცრებებითაც გამორჩეულია. სწორედ ერთ-ერთი მათგანია ქვასაყდარა, ვულკანური წარმოშობის ძეგლი იმერეთში.
ბაღდათიდან 40 კილომეტრის გავლის შემდეგ, ალპურ ზონაში, ზღვის დონიდან 2222 მეტრზე, გაშლილ სივრცეში შორიდანვე მოკრავთ თვალს მინდორში მიმოფანტულ სხვადასხვა ზომისა და ფორმის ვულკანური წარმოშობის ქვასვეტებს. ეს ქვასაყდარაა, ადგილი სადაც მოგზაურობისა და პილიგრიმული ტურების მოყვარულებს დაუვიწყარი თავგადასავალი ელოდებათ...
გიორგი დვალაშვილი, გეოგრაფი, მოგზაური:
ქვასახტარა თუ ქვასაყდარა?
ბუნებრივი წარმოშობის ქვასვეტების ტოპონიმის წარმოშობის შესახებ, ორი ვერსია არსებობს, ორი სახელითაა ცნობილი. ერთ-ერთი ვერსიით, ქვასახტარა ეწოდება _ ქვებს თუ კარგად დააკვირდები, მისტიკურ ცხოველებს და ნაგებობებს მოგაგონებს, მართლაც, სახტად შეიძლებდა დატოვოს მნახველი. ერთ-ერთ ქვას მძინარე კაცის ქვას ეძახიან. ერთი ქვასვეტი სფინქსს მოგაგონებთ... მეორე ვერსის თანახმად, ამ ადგილზე ანდრია პირველწოდებულის დროინდელი ქვის საყდარი უნდა ყოფილიყო და ქვასაყდარაც ამის გავლენით ეწოდა. მართალია ისტორიულად დადასტურებული და აღიარებული არ არის, თუმცა მე მაინც მეორე ვერსიას უფრო ვემხრობი. ცნობილია, რომ აწყურიდან აფხაზეთისკენ მიმავალმა ანდრია პირველწოდებულმა მესხეთის ქედზე იმოგზაურა და სწორედ იმ პერიოდს შეიძლება დაუკავშირდეს ამ მიდამოებში ქვის საყდრის აგება. აგრეთვე ბუნებრივი ქვასვეტები მართლაც წააგავს ქვის საყდარს. ეს მონაკვეთი ტრანზიტული გზა იყო ერთმანეთთან აკავშირებდა სამხრეთ და დასავლეთ საქართველოს და შესაძლოა აქ საუკუნეების მანძილზე მართლაც ყოფილიყო ქვის საყდარი.
ისე არ უნდა გავიგოთ, რომ საყდარი ქვის სვეტებისგან იყო აგებული ბუნებრივი წარმოშობის ქვასვეტებში შესძლებოდა სალოცავის გამართვა. საერთოდ მესხეთის ქედი გამორჩეულია დიდი და პატარა ზომისა და ფორმის ბუნებრივი წარმოშობის ქვასვეტებით, რომელთაც ბუნება წლების მანძილზე აყალიბებდა, მაგრამ ამ ადგილას არსებული ქვასვეტები თავის ფორმებით და სხვადასხვა წარმოშობის ქანებითაც გამორჩეულია. Dრაც მთავარია, დანარჩენი ადგილებისგან განსხვავებით, ადვილად მისასვლელია. ექვსი თვის განმავლობაში (მაისიდან ნოემბრამდე) დაუბრკოლებლად შეიძლება ავიდეთ ნებისმიერი სახის ტრანსპორტით. მაღალი გამავლობის ტრანსპორტით და საფეხმავლო გზით, სხვა დროსაც ვიმოგზაურებთ. ირგვლივ უნიკალური ქედები და პანორამები იშლება; ეს ყველაფერი, ნამდვილად საოცრებას ქმნის. ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ადგილების მიმართულებით, უნიკალური და გამორჩეული ადგილია.
მთა რკინის ჯვარი
ამ ვერისას კიდევ უფრო ამტკიცებს ქვასაყდარას მახლობლად არსებული რკინის ჯვრის სახელით წოდებული უღელტეხილის არსებობაც. ცნობილია რომ ანდრია პირველწოდებული, საქართველოში აჭარიდან შემოვიდა, გადმოლახა გოდერძის უღელტეხილი, მოადგა ზეკარის უღელტეხილს და ზეკარის გზით გააგრძელა გზა აფხაზეთისკენ. სწორედ ამ ადგილზე აღმართა პირველი ჯვარიც, წმინდა სამების სახელზე, რომელიც რკინისა გახლდათ. მოგვიანებით, მთასაც ამ ფაქტის გავლენით მიუღია სახელწოდება...
ალპურ ზონაში, ზღვის დონიდან 2439 მეტრზე, მთა რკინის ჯვარი ხარაგაულის მუნიციპალიტეტშიც გვხვდება. ამ მთის სახელწოდებაც ანდრია პირველწოდებულის სახელს უკავშირდება. საქართველოში შემოსულ მოციქულს, რკინის ჯვარი ამ ადგილზეც აღუმართავს და მთასაც რკინის ჯვარი ეწოდა. წლებია, 12 მაისს, ანდრია მოციქულის ხსენების დღეს, რკინის ჯვარს უამრავი მომლოცველი და ვიზიტორი სტუმრობს. პილიგრიმები ხარაგაულში, რკინის ჯვარზე ფერისცვალებასაც ადიან.
წამოქვასაყდარაზე
12 მაისს, ანდრიობას, ასეთივე პილიგრიმული აქტივობის ტრადიციას შეიძლება ქვასაყდარაზე და ზეკარის უღელტეხილთან მდებარე რკინის ჯვარზეც ჩაეყაროს საფუძველი. მით უფრო, ეს დღე დასვენების დღედაა გამოცხადებული და ყველა მსურველი მოახერხებს ასვლას.
წლების წინ, ბუნების ამ საოცარი ძეგლის შესახებ, მხოლოდ ადგიობრივებმა იცოდნენ. სამეცნიერო ექსპედიციის დროს შევისწავლეთ და მას შემდეგ აქტიურად ვცდილობთ მისი ცნობადობის გაზრდას.
ვინც ქვასაყდარაზე იმოგზაურა, ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ არაფრით ჩამოუვარდება ბოლო დროს ძალიან პოპულარულ გომის მთას. გომის მთის მსგავსად, აქედან ულამაზესი პანორამული ხედები და პეიზაჟები იშლება. თანაც, თბილისიდან გაცილებით ახლოს მდებარეობს და ვიზიტორს ხუთასკილომეტრიანი წრიული მარშრუტის გავლის შემთხვევაში (ჩავიდეს იმერეთში, ავიდეს ქვასყდარაზე, გადავიდეს სამცხე-ჯავახეთში და ბორჯომის გავლით დაბრუნდეს თბილისში) ერთ დღეში შეუძლია მისი მონახულება. ჯერჯერობით გომის მთას უპირატესობა აქვს იმ მხრივ, რომ გამართულია ინფრასტრუქტურა.
წითელი მინდორი
კურორტ საირმიდან, ვიდრე ქვასაყდარასთან მოხვდები, ჯერ წითელ მინდორი უნდა გაიარო. საზოგადოებისთვის უფრო ეს ადგილი იყო ცნობილი. ზეკარის უღელტეხილი, ზეკარის ხეობა ანუ ქერშავეთის წყლის ხეობა და მეორე წაბლარასწყლის ხეობა საირმის მიმართულებით, მთავარი არტერია, მთავარი გადმოსასვლელი გახლდათ მტერ-მოყვარეს მიმოსასვლელად. პომპეუსის პერიოდიდან მოყოლებული, როდესაც დასავლეთ საქართველოს აოხრება ხდებოდა, მტერი ძირითადად ამ მხრიდან შემოდიოდა... გადმოცემის თანახმად იმერეთის მეფე სოლომონის დროს, მესხეთის ქედის ჩრდილოეთ ფერდობზე, სწორედ წითელ მინდვრად წოდებულ მიდამოებში გაიმართა ერთ- ერთი ბრძოლა. მინდორი მთლიანად მებრძოლთა დაღვრილი სისხლით გაწითლებულა და სახელწოდებაც ამის გავლენით მიიღო.
მტაცებელი ფრინველების გადაფრენის არეალი - `"ქვასაყდარას ძაბრი"
მესხეთის ქედი, მტაცებელი ფრინველების გადაფრენის არეალია, (ცნობილია კიდეც, როგორც მტაცებელი ფრინველთა გადაფრენის ძაბრი). ქვასაყდარა ყველაზე შემაღლებული ადგილია. ვიზიტორებს ერთი თვის განმავლობაში, აგვისტოს ბოლოდან ოქტომბრის დასაწყისამდე, შეუძლიათ გადამფრენ მტაცებელ ფრინველებზე დაკვირვება. ამ მხრივაც ძალიან მომგებიანი პოზიცია უჭირავს.
ავტორი: შორენა მერკვილაძე