ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქვეყანაში დღიურად გასაქირავებელი ბინების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება, მოთხოვნა კი მცირდება
31 იანვარი, 2024

დღიურად გასაქირავებელი ბინების რაოდენობა ქვეყანაში დღითი დღე იზრდება. ამაზე მიუთითებს ბინების გასაქირავებელ საერთაშორისო პლატფორმებზე საქართველოდან განთავსებული ბინების რიცხვი. მაგალითისთვის, Airbnb -ზე ამჟამად თბილისიდან და ბათუმიდან ჯამში 50 ათასამდე აქტიური განცხადებაა განთავსებული.

„ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას, საქართველოში Airbnb-ის მენეჯმენტი კომპანია Wehost-ის დამფუძნებელი ნიკა ანჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ბინების როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან გაქირავებაზე მოთხოვნის შემცირება 2023 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო. ის ამ ფაქტს მიგრაციის ეფექტს უკავშირებს და ამბობს, რომ  თუ რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, საქართველოში გაზრდილი მიგრაციის გამო, მოქალაქეები ბინების გრძელვადიან გაქირავებაზე გადავიდნენ, ახლა ეს ადამიანები კვლავ ბინების მოკლევადიანი გაქირავების სერვისს დაუბრუნდნენ, რამაც სექტორში კონკურენცია გაზარდა.

„მაგალითისთვის, 2023 წლის პირველ ნახევარში, Airbnb-ზე თბილისიდან გასაქირავებელი ბინების რაოდენობა თუ იყო 12-13 ათასი, დღეს ეს მაჩვენებელი 20 ათასამდეა გაზრდილი. გასაქირავებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნის შემცირება ევროპიდან ჩამოსული ტურისტული ნაკადების შემცირებასაც უკავშირდება. რეგიონში მიმდინარე ომის გამო, ევროპელი ტურისტები საქართველოში ჩამოსვლისგან თავს იკავებენ“, - აცხადებს ნიკა ანჯაფარიძე.

რაც შეეხება უძრავი ქონების გასაქირავებელ ფასებს - ნიკა ანჯაფარიძე აქაც კლებაზე მიუთითებს და ამბობს, რომ როცა მიწოდება აჭარბებს მოთხოვნას, შედეგად მცირდება როგორც ბინების მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი გაქირავების ფასებიც.

დღიური გაქირავების ნაწილში არასეზონური პერიოდიც ახდენს გავლენას. Wehost-ის ინფორმაციით, პირობითად, ყველაზე ძვირად ღირებული ბინა, დღიურად ზაფხულში თუ ღირდა 150 დოლარი, ახლა ღირს 45 დოლარი.

ფასების კლება დაწყებულია გრძელვადიან გაქირავებაზეც და „თიბისი კაპიტალის“ მონაცემებით, 2023 წლის დეკემბერში გასაქირავებელი ფასი 12 დოლარს გაუტოლდა, რაც წინა თვესთან შედარებით 1%-ით შემცირებული მაჩვენებელია. „თიბისი კაპიტალში“ ვარაუდობენ, რომ ქირა წელს კიდევ 16%-ით შემცირდება, 2023 წელთან შედარებით. თუმცა, მათივე განმარტებით, ქირის ფასის შემცირება არ ნიშნავს იმას, რომ საცხოვრებელი უძრავი ქონება არასაინტერესო დაზოგვის ინსტრუმენტი ხდება, რადგან აქ ამონაგები კვლავ საკმაოდ მაღალია.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.