ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე ახალი პროექტების განხორციელება იგეგმება
დაცულ ტერიტორიებიზე ახალი პროექტების განხორციელება იგეგმება. ტერიტორიების შესაძლებლობებს ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან ერთად გაეცნო.
მინისტრებმა, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ის ტერიტორიები დაათვალიერეს, სადაც დაცულ ტერიტორიებზე მათ შორის, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იგეგმება.
წალკის მუნიციპალიტეტში მინისტრებმა დაშბაშის კანიონი დაათვალიერეს. კანიონის ტერიტორიაზე არსებული ჩანჩქერები, განსხვავებულ მიკროლანდშაფტს ქმნის დამახასიათებელი მიკროკლიმატით, თავისებური ფაუნით.
კანიონი უახლოეს მომავალში უამრავი ვიზიტორისთვის საინტერესო ობიექტი იქნება. რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მინისტრებმა ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა მომსახურების ცენტრიც მოინახულეს.
მაია ცქიტიშვილმა და ლევან დავითაშვილმა, ადგილობრივებთან ერთად, ფარავნისა და საღამოს ტბისთვის დამახასიათებელი იხტიოფაუნის სახეობების აღდგენის და სპორტულ-სამოყვარულო მეთევზეობისა და ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.
ლევან დავითაშვილის განცხადებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება, რაც არსებულ დაცულ ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის მოწყობას უკავშირდება.
„ინფრასტრუქტურის მოწყობით, ჩვენ შევძლებთ დამატებითი შემოსავლები გავუჩინოთ ადგილობრივ მოსახლეობას. ვიზიტორებისთვის და ტურისტებისთვის დაცული ტერიტორიები გავხადოთ უფრო მიმზიდველი და საინტერესო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის დაცვის მინისტრთან ერთად დავათვალიერეთ სხვადასხვა ობიექტი. უწყებების თანამშრომლობით შევძლებთ, ხელი შევუწყოთ რეგიონულ განვითარებას, შევქმნათ შემოსავლის მიღების ახალი წყაროები“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
„მნიშვნელოვანია საღამოს ტბის და ფარავნის ტბის პოტენციალის შესწავლა და განხილვა, თუ რამდენად შესაძლებელია ისინი ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებს დაემატოს. ეს იქნება ერთ-ერთი მიმართულება სოფლის განვითარების კუთხით, მეორე მხრივ, პროექტები, რომელიც მეცხოველეობის განვითარებას, მევენახეობას და იმ მიმართულებებს უკავშირდება, რომლის პოტენციალიც კონკრეტულ რეგიონში არსებობს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მთავრობის წევრებმა, ფოკის დედათა მონასტერს, აღნიშნული კლიმატის გათვალისწინებით, ყინვაგამძლე სახეობის ნერგები, კერძოდ, არყის ხე, ევროპული ნაძვი და ჩრდილოური ფიჭვი გადასცეს.
www.travelingeorgia.ge