ქვეშეთი-კობის 22.7 კმ-იანი მონაკვეთის პროექტის განხორციელება გადაადგილების მანძილს 12 კმ-ით შეამცირებს. პროექტის დეტალური პრეზენტაცია კომპანია „გამა“ კონსალტინგმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში წარადგინა.
სამინისტროს ცნობით, პროექტზე თავდაპირველად არსებობდა 9 ალტერნატივა, საიდანაც შეირჩა 5 ალტერნატივა და საბოლოოდ განიხილებოდა 3, რომელთაგან გარემოზე ნაკლები ზემოქმედებისა და სხვა ყველა ფაქტორის გათვალისწინებით შეირჩა საბოლოო მიმართულება.
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში გათვალისწინებულია 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა, მათ შორის ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. გვირაბი, სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება, გვირაბი ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის. ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა დაყოფილია 2 ლოტად.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, პროექტის განხორციელების შედეგად, უფრო უსაფრთხო და საიმედო გახდება მგზავრობა ზამთრის პერიოდში გზით მოსარგებლე მგზავრებისთვის, გარდა ამისა ახალი გზა აარიდებს სატრანსპორტო ნაკადს ყაზბეგის ეროვნულ პარკს და გუდაურის ზამთრის კურორტს; გზა ასევე გაუუმჯობესებს ხეობაში დარჩენილ მოსახლეობას საარსებო პირობებს, რომელიც ამ დროისთვის ზამთარში მოწყვეტილია დანარჩენ სამყაროს და ხადას ხეობის სოფლები თითქმის დაცლილია.
ახალი გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, არსებული 35 კმ-იანი გზის ნაცვლად ქვეშეთიდან კობამდე გადაადგილების მანძილი 12 კმ-ით შემცირდება და 1 საათიანი მგზავრობის ნაცვლად გზის გავლა 20 წუთში იქნება შესაძლებელი.
www.travelingeorgia.ge