განსხვავებული კონცეფციის სასტუმრო "ქვევრები" 2024 წლის ზაფხულის სეზონისთვის სამზადისს იწყებს. როგორც სასტუმროს დამფუძნებელი გიორგი როჩიკაშვილი ‘'ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნავს, კომპანია გაზაფხულიდან ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებას გეგმავს.
წლის ბოლოს სასტუმრო უკვე წარმოდგენილი იქნება მაღალი სტანდარტის მრავალფეროვანი სერვისით, რაზეც აქტიური მუშაობა გაზაფხულიდან დაიწყება.
,,ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებას და ახალი სერვისების დამატებას ვგეგმავთ. პროექტზე მუშაობას გაზაფხულიდან დავიწყებთ. ვაპირებთ, რომ სასტუმროს დავამატოთ დახურული აუზი, საუნა, სპა ჯაკუზები, მოსასვენებელი ზონები, საბავშვო ოთახი და სხვა. ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტების ნაწილი, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ. გაცილებით მეტი პროექტი გვექნება მომავლისთვის, რაზეც ეტაპობრივად განვაცხადებთ“, - აცხადებს ‘’ქვევრების“ დამფუძნებელი.
გიორგი როჩიკაშვილი მიმდინარე ტენდენციაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ტურისტების სიმცირე შეიმჩნევა, რაც ზოგადი ტრენდია და კლება თითქმის ყველა მიმართულებას შეეხება.
,,რა სიტუაციაც ინდუსტრიაშია, საკმაოდ ნეგატიურია. ტურისტული ნაკადების გარკვეული კლება შეიმჩნევა. ჩვენ ამ მხრივ გაგვიმართლა, ინტერესი მეტნაკლებად არის და გარკვეული მოთხოვნაც შენარჩუნებულია, თუმცა ეს არ არის ის რაოდენობა, რის მოლოდინიც იყო. არ ვიცი, რა შეიძლება იყოს მიზეზი, კლება აბსოლუტურად ყველა სეგმენტიდანაა, იქნება ეს მაღალმხარჯველი თუ სხვა კატეგორიის ტურისტი, არ არის სახარბიელო მდგომარეობა“, - აცხადებს როჩიკაშვილი.
ცნობისთვის, სასტუმრო ‘’ქვევრები“ 2023 წელს შეიქმნა. ტერიტორია სამ ჰექტარზეა განთავსებული და მოიცავს 20 ქვევრ-ნომერს, ხოლო სამსართულიან სასტუმროში 17 ნომერია. ფუნქციონირებს ასევე რესტორანი და ბარი, საკონფერენციო სივრცე და ღია აუზი.
პროექტი "აწარმოე საქართველოს" მხარდაჭერით განხორციელდა და მთლიანი ინვესტიცია 10 მილიონ ლარამდეა.
bp.ge