ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქვევრის ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი
12 აპრილი, 2017

2017 წლის 28 მარტს,საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მეკვიდრეობის კვლევის სამსახურის უფროსი გიორგი გაგოშიძე ვიზიტით იმყოფებოდა საფრანგეთის ერთ-ერთ უდიდეს საპორტო ქალაქ მარსელში,სადაც ძველი პორტის ტერიტორიაზე, 2013 წლიდან,მდებარეობს საქვეყნოდ ცნობილი არქიტექტორის რუდი რიჩიოტის დაპროექტებული ხმელთაშუაზღვისპირეთის (მედიტერანული) ცივილიზაციების ულტრათანამედროვე მუზეუმი (MUCEM).

მუზეუმის შენობა მოიცავს როგორც ძველ – სენ ჟანის ციხე-სიმაგრეს (XVII ს.), ასევე ახალ შენობას, რომელიც ზღვაშია აგებული და ექსტერიერის, დეკორით – წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს.

მუზეუმში საინტერესოდაა წარმოდგენილი ძველი არტეფქტები და თანამედროვე საშუალებებით გაცოცხლებული ისტორია. მთელი სამუზეუმო სივრცე თემატურად ოთხ ნაწილადაა დაყოფილი. პირველი ნაწილი მიწათმოქმედების წამოშობას უკავშირდება, სადაც მუზეუმის ექსპოზიციის ის ნაწილი, რომელიც მეღვინეობას ეხება, ჩვენთვის – ქართველებისთვის განსაკუთრებულად საინტერესოა.

გამოფენაზე წარმოდგენილია ქვევრი, ორშიმო, სამთითა, სარცხი, გიდელი, ექსპონატების ეტიკეტებზე განმარტებულია, რომ ეს ნივთები ჩამოტანილია საქართველოდან – კახეთის სოფ. მაღაროდან და რაჭიდან. გამოფენას ახლავს ვრცელი ექსპლიკაცია, სადაც საუბარია საქართველოში ქვევრში ღვინის დაყენების 5000 წლოვან ისტორიაზე, რომ მიწაში ჩაფლულ თიხის ჭურჭელში ხდება ღვინის ჩაწურვა და დაღვინების პროცესი, და რომ ეს ტრადიცია დღესაც ცოცხალია საქართველოში. ასევე აღნიშნულია, რომ ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ეს მეტად მნიშვნელოვანი ფაქტია, განსაკუთრებით მას შემდგომ რაც საქართველომ ევროპული ვიზალიბერალიზაცია მიიღო და ასეთი ექსპოზიცია, ესეთ მრავალეროვან და დიდ ევროპულ ქალაქში საქართველოს ცნობადობის ამაღლებას შეუწყობს ხელს.

#ქვევრიროგორცUNESCOარამატერიალურიკულტურულიმემკვიდრეობისძეგლი

#საქართველოსკულტურულიმემკვიდრეობა


ფოტოები
© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.