ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქვევრის ხარისხი საქართველოში სავალალო მდგომარეობაშია - იაგო ბიტარიშვილი
08 მაისი, 2023

ქვევრის ხარისხი საქართველოში სავალალო მდგომარეობაშია, რაც ბუნებრივია, ნეგატიურად აისახება ქვევრის ღვინის წარმოებაზეც, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორთან“ კომპანია „იაგოს ღვინის“ დამფუძნებელი იაგო ბიტარიშვილი აცხადებს.

მისი თქმით, ქვევრის ღვინო იყო ერთ-ერთი ლოკომოტივი დასავლეთ ევროპის, ამერიკის თუ იაპონიის ბაზრებზე, რომელმაც ქართულ ღვინოს სახელი უფრო მეტად გაუთქვა.

„ქვევრის ღვინო მარკეტინგულად უფრო კარგად მუშაობს, განსხვავებული ტექნოლოგიაა, განსხვავებული ფერი აქვს, ძალიან დიდი ისტორიაა და ამიტომ. ქვევრის ღვინის პოტენციალი საექსპორტო მიმართულებით ძალიან დიდია.

დღეს,  გვაქვს ის სიტუაცია, როცა ქვევრის ხარისხი არის ძალიან სავალალო საქართველოში და ამას ვერ უშველის მხოლოდ ქვევრის ხელოსნების შრომა, ამაში უნდა ჩაერთოს როგორც კერძო სექტორი, ისე სახელმწიფო. სახელის მოხვეჭა ძალიან რთულია, მაგრამ ამ სახელის გაფუჭება - ძალიან ადვილი.  ნებისმიერ მეღვინეს რომ ჰკითხოთ, რომელსაც გარკვეული გამოცდილება აქვს ქვევრში ღვინის დაყენების, ყველა გეტყვით ამ პრობლემის შესახებ. 

ჩვენ ველოდებით, როდის მოგვარდება ეს საკითხი, ამას კოპლექსური მუშაობა სჭირდება როგორც კერძო ბიზნესის, ისე მეთუნეების მხრიდან. ასევე სახელმწიფოს ჩართულობაც არ იქნება ურიგო იმიტომ, რომ ჩვენ დიდი დრო არ გვაქვს, როდემდე უნდა ველოდოთ  სიტუაციის გაუმჯობესებას. საკმაოდ დიდი ხანი გრძელდება“, - განმარტა იაგო ბიტარიშვილმა.

ცნობისთვის, იაგო ბიტარიშვილს ვენახი მცხეთის რაიონის სოფელ ჩარდახში აქვს გაშენებული. ვენახი ბიომეურნეობაა, რადგან იქ ქიმიურ სასუქებს და შხამქიმიკატებს არ იყენებენ. 

"იაგოს მარანი" წელიწადში, დაახლოებით, 7000-8000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს. ღვინო ტრადიციული ქართული წესით, ქვევრში ინახება. 

business-partner.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.