ქვევრისა და მოხატული ჭურჭლის ნატეხები - თელავში XVII-XVIII საუკუნის არქეოლოგიური ნაშთები აღმოაჩინეს
თელავში არქეოლოგიური ნაშთები აღმოაჩინეს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ძეგლთა დაცვის განყოფილების თანამშრომლებმა, თელავში ლაღიძის ქუჩა #37-ში მდებარე კერძო სასტუმროს ეზოში, პირველადი დათვალიერება მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ჩაატარეს.
ტერიტორიაზე აგურით ნაშენი მცირე ნაგებობის ნაშთები სამშენებლო სამუშაოებისას, შემთხვევით, აღმოაჩინეს. მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სავარაუდოდ ნაგებობა წარმოადგენს XVII-XVIII საუკუნეების კერამიკის გამოსაწველ ქურას. იქვე აღმოჩნდა დიდი ზომის ქვევრის ფრაგმენტები და მოხატული ჭურჭლის ნატეხი.
ინფორმაცია გადაეცა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, რის შემდეგაც უახლოეს მომავალში მოწვეული სპეციალისტების მიერ მოხდება არქეოლოგიური ნაშთების შეფასება და კვლევა.
www.travelingeorgia.ge