ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
ქვეყნები, სადაც საქართველოს კომერციული ატაშეები ეყოლება, ცნობილია
15 ივლისი, 2017

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელმძღვანელის მარიანა მორგოშიას განცხადებით, პირველ ეტაპზე კომერციული ატაშეები 6 ქვეყანაში იქნება წარმოდგენილი.

„კომერციული ატაშეები გვეყოლება თურქეთში, აშშ-ში, ევროკავშირში, გაერთიანებულ სამეფოში, გალფის ქვეყნებსა და ჩინეთში. ქვეყნების შერჩევის კრიტერიუმი კონკრეტული იყო - სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყნები და ქვეყნები, რომლებთანაც თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს. კომერციული ატაშეების ძირთადი ფუნქცია იქნება როგორც მსხვილ შემსყიდველებთან კომუნიკაცია და კონტაქტი ჩვენი საექსპორტო პოტენციალის გაცნობის თვალსაზისით, ასევე, საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაცნობა. ატაშეებს მჭიდრო კავშირი ექნებათ ექსპორტის და ინვესტიციების მიმართულებასთან. მათი მხრიდანაც მოხდება ინფორმაციის მოძიება და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდანაც იქნება კოორდინაცია თუ რომელი კომპანიებია პრიორიტეტული იმ სექტორების და პროდუქტების გათვალისწინებით, რის ექსპორტსაც ვგეგმავთ და რა საინვესტიციო წინადადებებიც გვექნება", - განუცხადა „ანალიტიკას" მორგოშიამ.

მისივე თქმით, კომერციულ ატაშეებს ექნებათ ყოველთვიური გეგმები, რის მიხედვითაც მათი ეფექტიანობა მკაცრად შეფასდება.

კომერციული ატაშეების პოზიციაზე კადრები ჯერ შერჩეული არაა. ახალი ინსტიტუტი მიმდინარე წლის ბოლოსთვის უნდა ამოქმედდეს.

რაც შეეხება „აწარმოე საქართველოში" ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებას, მორგოშიას თქმით, ბიუჯეტი 1.5 მლნ ლარია. ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, საქართველოში 12 თანამშრომელი იმუშავებს, რასაც დაემატება 6 კომერციული ატაშე საზღვარგარეთ.

„თანამშრომლები ძირითადად 2 მიმართულებთ იმუშავებენ, ერთი მიმართულებაა - უცხოელებთან აქტიური კონტაქტი და საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ სავაჭრო პარტნიორებთან ინფორმაციის დროული მიწოდება, ესაა ფრონტ-ოფისის მიმართულება და ასევე პორტფოლიო მენეჯერების მიმართულება ანუ უკვე აქ ჩამოსული ინვესტორები სფეროების შესაბამისად გადანაწილდებიან პორტფოლიო მენეჯრებთან და ისინი ბოლომდე მიყვებიან ინვესტორებს, რომ განახორციელონ ინვესტიციები, დაეხმარებიან სხვადასხვა ინფორმაციების მოძიებაშიც. ასევე გვაქვს ე.წ. „აფთერ ქეარის" მიმართულებაც, რომლის ფარგლებშიც უკვე არსებულ ინვესტორებს დავეხმარებით რეინვესტირების გაკეთებაში და ახალი ინვესტიციების განხორციელებაში", - განუცხადა „ანალიტიკას" მარიანა მორგოშიამ.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.