ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რა ალტერნატივა აქვს ისრაელელი ტურისტების გარეშე დარჩენილ ქართულ ტურიზმს - „ჩვენი ზამთრის კურორტების მონაცემები ევროპელისთვის დამაკმაყოფილებელი არაა“
10 ნოემბერი, 2023

როგორ აისახება ტურიზმის სფეროზე, ისრაელიდან ტურისტების რაოდენობის შემცირება - აღნიშნულ თემაზე „კომერსანტის“ ეთერში რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა ისაუბრა.

შოთა ბურჯანაძის თქმით, ბოლო 5-6 წელიწადში ისრაელიდან ჩამოსული ტურისტების რიცხვი მნიშვნელოვნად იყო გაზრდილი. როგორც მან აღნიშნა, პრობლემა გაცილებით გლობალურია და მიმდინარე კონფლიქტის გახანგრძლივების შემთხვევაში, უარყოფითი შედეგები აისახება არა მხოლოდ ტურიზმის სფეროზე, არამედ მთლიანად რეგიონის მდგომარეობაზეც.

„პირდაპირი ჩარტერული რეისები იყო დღეში 3-ჯერ ბათუმში და შესაბამისად დიდი ნაკადი იყო, რომელიც არ ცხრებოდა არც ზამთარში და არც გაზაფხულზე. პრობლემა კიდევ უფრო ღრმაა, ძალიან ბევრი იქ მომუშავე ქართველი ბრუნდება ქვეყანაში და შესაბამისად ეს ქართულ ეკონომიკას დააკლდება. ისრაელის ომი ცალსახად გვეხება ჩვენ, შესაბამისად თუ ომი გახანგრძლივდა, პრობლემები შესაძლოა გამოუსწორებელი ხასიათის იყოს.“- განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

რომელ ქვეყანაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი მოკლევადიან პერიოდში, რათა ზამთრის სეზონზე ისრაელელი ტურისტების ნაკლებობამ ტურისტულ სექტორზე  მკვეთრი უარყოფითი გავლენა არ მოახდინოს. როგორც შოთა ბურჯანაძე აღნიშნავს, ალტერნატივად ამ ეტაპზე შეიძლება ყაზახეთის განხილვა, რომელიც დაინტერესებულია, როგორც ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელებით, ასევე ტურისტული ნაკადების შემოყვანით.

„ამ მიმართულებით თუ იმუშავებს ჩვენი სფერო იქნება კარგი. ინფრასტრუქტურის გამო ჩვენი ზამთრის კურორტების მონაცემები ევროპელი ტურისტისთვის დამაკმაყოფილებელი არ არის. მასთან შედარებით, ყაზახი ტურისტისთვის ეს ფასები და პირობები უფრო მეტად მისაღებია.“- აღნიშნა ბურჯანაძემ.

უვიზო რეჟიმის მიუხედავად მოკლევადიან პერიოდში საქართველოში ჩინელი ტურისტების რიცხვის მატება შოთა ბურჯანაძეს შეუძლებლად მიაჩნია. მისი თქმით ამ მხრივ ტურიზმის ადმინისტრაციას დიდი სამუშაო აქვს გასაწევი, რათა ჩინელი ტურისტმა გადაწყვიტოს მისთვის უცნობ 3.5 მილიონიან ქვეყანაში ფულის დახარჯვა. შოთა ბურჯანაძის თქმით, ამ მხრივ ხელშესახები შედეგის ხილვას 5 წელი მაინც დასჭირდება.

 

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.