ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რა არის “ქართული სახლი”? – საპარტნიორო ფონდის პროექტი ბელარუსში
03 აპრილი, 2019

ბელარუსის დედაქალაქ მინსკში “ქართული სახლი” შენდება. პროექტს სახელმწიფოს კუთვნილი უმსხვილესი საინვესტიციო ფონდი “საპარტნიორო ფონდი” ახორციელებს. 

ობიექტი ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმს, მარანს, ენოთეკას, საგამოფენო დარბაზებსა და ქართული პროდუქტების მაღაზიას გააერთიანებს. 

“საპარტნიორო ფონდის” მიერ მინსკში “ქართული სახლის” დაარსებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გასულ წელს საქართველოში ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტისას, მთავრობათშორისი მოლაპარაკებების დროს იქნა მიღებული. ბელარუსმა ამ პროექტისთვის “საპარტნიორო ფონდს” სპეციალური საიმპორტო კვოტები გამოუყო. გეგმის მიხედვით ღვინის ექსპორტმა მილიონ ბოთლს უნდა მიაღწიოს. “საპარტნიორო ფონდის” განმარტებით, ოფიციალური მინსკის მხრიდან ბელარუსიის ბაზარზე საქართველოდან ალკოჰოლური სასმელების გამარტივებული პირობებით შეტანის დაშვება ამ ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე უპრეცედენტო გადაწყვეტილებას წარმოადგენს.

ბელარუსში ქართული ღვინისა და ნატურალური პროდუქტების ექსპორტის მიზნით, ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად საპარტნიორო ფონდმა შვილობილი კომპანია  ООО «Грузинские Натуральные Продукты» დააფუძნა. კომპანიას ბელარუსის მთავრობამ მინსკის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე კუიბიშევას 48 ნომერში “ქართული სახლის” მოსაწყობად 1350 კვ/მ ფართი უსასყიდლოდ გადასცა. 

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, კომპანია “ქართული ნატურალური პროდუქტების” მიზანს ბელარუსის ბაზარზე მაღალი ხარისხის ქართული ალკოჰოლური და სხვა ნატურალური პროდუქტების პოპულარიზაცია და ექსპორტის მხარდაჭერა წარმოადგენს. ამ დროისთვის მინსკში ობიექტის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის მზადება მიმდინარეობს. ფონდის შვილობილი კომპანია პროექტზე $600,000-ს დახარჯავს. 
 

© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.