რა არის საჭირო საქართველოს აეროპორტების ინფრასტრუქტურული სრულყოფისთვის - ქუთაისსა და ბათუმში კარგო მიმართულების განვითარება განიხილება
რა არის საჭირო საქართველოს აეროპორტების ინფრასტრუქტურული სრულყოფისთვის, ამის შესახებ „კომერსანტთან“ საქართველოს აეროპორტების ხელმძღვანელმა თამარ არჩუაძემ ისაუბრა. მისი თქმით, ყოველთვის მიმდინარეობს მსჯელობა იმაზე, თუ რა სერვისი აკლია კონკრეტულ აეროპორტს და რა შესაძლებლობები არსებობს მისი სრულყოფისთვის.
„ვმსჯელობთ, იმაზე, თუ რა შეიძლება დაემატოს. განვიხილავთ იმას, რომ ქუთაისშიც და ბათუმშიც კარგო მიმართულების განვითარება იყოს შემდეგი ეტაპი. ამაზე კვლევები პერიოდულად ტარდება და ალბათ ახალი კვლევაც ჩატარდება, თუ რა რეალიებია და რა მოლოდინები მომდევნო წლების განმავლობაში.
იმისთვის, რომ სრულყოფილად ჩაერთოს კარგო გადაზიდვებში, ქუთაისის აეროპორტს სჭირდება უფრო გრძელი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი და ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
ჩვენ გავარემონტეთ არსებული ასაფრენ/დასაფრენი ზოლი, რომელიც 50-იან წლებშია აშენებული და შესაბამისად, ახლა უკვე არის 70 წელზე მეტი ხნის და წლების განმავლობაში ბევრჯერ გარემონტებული.
მიუხედავად იმისა, რომ ასაფრენ/დასაფრენი ზოლი უსაფრთხოა, ჩვენი, როგორც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ოპერატორი კომპანიის სურვილი ნამდვილად არის, რომ ავაშენოთ ახალი ასაფრენ/დასაფრენი ზოლი, რომელიც იქნება უფრო გრძელი და რაც საშუალებას მოგვცემს მივიღოთ უფრო დიდი ბორტები“, - განმარტა თამარ არჩუაძემ.
საქართველოს აეროპორტების ხელმძღვანელი თქმით, ქუთაისის აეროპორტში კარგო ტერმინალის მშენებლობისთვის განიხილება ორი ვარიანტი: ან სახელმწიფომ ააშენოს ტერმინალი და შემდეგ გაიცეს იჯარით, ან გამოიყოს მიწა და ტერმინალის მშენებლობაზე თავად ინვესტორმა კომპანიამ იზრუნოს.
„ძირითადად აეროპორტების ოპერატორები კარგო ტერმინალის ოპერირებით დაკავებულები არ არიან. ორი მოდელი არსებობს: ან აეროპორტი აშენებს ტერმინალს და შემდეგ გადაცემს კონკრეტულ კომპანიას ლიზინგით, ან მონიშნავს მიწას და ამ მიწას გადასცემს დაინტერესებულ კომპანიას, რათა ამ კომპანიამ იქ ააშენოს კარგო ტერმინალი. ორივე ვერსია განიხილება, იმისდა მიხედვით თუ რა ინტერესი დაფიქსირდება, ნაბიჯი შესაბამისი იქნება გადადგმული“, - განაცხადა არჩუაძემ.
როგორც ირკვევა ყველაზე პატარა, სასურველი ზომის ტერმინალის მშენებლობა დაახლოებით 3,5 მლნ დოლარი ჯდება და ამ თანხაში საუბარია მხოლოდ ტერმინალის აშენებაზე.
commersant.ge