ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რა ცვლილებები იქნება წარმოდგენილი ახალ “ტყის კოდექსში”?
04 მარტი, 2019

მთავრობამ პარლამენტს დასამტკიცებლად ახალი “ტყის კოდექსი” გადაუგზავნა. 

დოკუმენტის მიხედვით დაგეგმილი ცვლილებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშილმა და ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა გადაცემა “საქმიან დილაში” ისაუბრეს. 

მათი განმარტებით, ახალი კოდექსის მიხედვით, ყველა სამართლებრივი დარღვევა აღმოფხვრილი იქნება. 

“მთავარი ცვლილება არის მრავალფუნქციური ტყით სარგებლობის დაფუძნება, სოციალური ჭრის ეტაპობრივად გაუქმება და გადასვლა მდგრადი ტყის მართვაზე და ტყეების კატეგორიზაცია”, – განაცხადა სატყეო დეპარტამენტის უფროსმა. 

ცვლილებები შეეხება ლიცენზიების გაცემასაც. ახალი კოდექსის მიხედვით, აღარ გაიცემა ხე-ტყით გრძელვადიანი სარგებლობის ლიცენზიები. 

“ამ ცვლილებების დედააზრი ის არის, რომ ჩვენი ტყეები, რომლებიც ქვეყნის სიმდიდრე გახლავთ, იყოს უფრო მდგრადად გამოყენებული: ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური მნიშვნელობით და უფრო მეტი ეკონომიკური სარგებელი მიიღოს ქვეყანამ, რასაკვირველია, მდგრადობის პრინციპის დაცვით”, – აცხადებს ნათია იორდანიშვილი. 

რაც შეეხება ეკონომიკურ გათვლებს, მათი თქმით, გათვლები ოპტიმისტურია და ისეთი ტყის მართვის ორგანოების ჩამოყალიბებას გულისხმობს, რომელთაც საკუთარი შემოსავლების მიღება შეეძლებათ და არ იქნებიან “სახელმწიფო ბიუჯეტზე ჩამოკიდებული”. 

ამასთან, ნათია იორდანიშილი ტყის ზედამხედველობის მიმართულებით დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ტყის ფიზიკური დაცვის ფუნქციას, რომელიც აქამდე ტყის მცველებს ჰქონდათ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში სპეციალიზებული ქვედანაყოფი შეითავსებს, რომელიც მხოლოდ ტყის კონტროლს მოემსახურება.


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.