2019 წელს გასულ წელთან შედარებით მეღვინეების და გლეხების ნაწილი ჩასაბარებელი ყურძნის დაბალ ფასზე საუბრობს. მათი განმარტებით, რუსეთის მიერ გაზაფხულზე დაწესებულმა შეზღუდვებმა ექსპორტზე გასატან ღვინოზე და შესაბამისად, ქართული კომპანიების მიერ ყურძნის ჩაბარებაზეც იქონია გავლენა. თუმცა, მეღვინეების ნაწილი მიიჩნევს, რომ ჩასაბარებელი ყურძნის ფასის კლება მოსალოდნელი არ არის.
მეღვინე ნოდარ მდივნიშვილის განმარტებით, წელს ჩასაბარებელი ყურძნის ფასი გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 20 თეთრით ნაკლები იქნება.
„რუსეთის მიერ დაწესებულმა ემბარგომ გავლენა იქონია, გათვლა 100% რუსეთზე იყო. წელს კარგი ყურძენი 60 თეთრი ეღირება, რაც გასულ წელთან შედარებით 20 თეთრით გაიაფებული იქნება, რადგან შარშან ყურძენი 70-80 თეთრი ღირდა“ – განაცხადა მდივნიშვილმა.
რაც შეეხება ყურძნის გასაყიდ ფასს, ნოდარ მდივნიშვილის განმარტებით, ამაზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია, ხოლო ყურძნის ჩაბარების შემდეგ შესაძლებელი იქნება.
ჩასაბარებელი ყურძნის დაბალ ფასზე საუბრობს „ვარძიის ტერასების”, დამფუძნებელი გიორგი ნათენაძეც.
„ამაზე საუბრები მიდის, რომ ჩასაბარებელი ყურძნის ფასი შარშანდელთან შედარებით დაბალი იქნება, ეს გლეხებისგან ვიცი,“ – განაცხადა ნათენაძემ.
„რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის” მეღვინეობის დამფუძნებელი მეღვინე, გიორგი ალადაშვილის განმარტებით კი ლოგიკას თუ მივყვებით წარმოუდგენელია, რომ ფასი დაბალი იყოს.
“მაგალითად რქაწითელს სახელმწიფომ შარშანდელივით 70 თეთრი დაადო, ანუ ქარხანამ 80 თეთრი მაინც უნდა გადაიხადოს. რეალური სიტუაცია ახლა ასეთია და რაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ ფასი დაბალი იქნება?“ – აღნიშნავს ალადაშვილი.
bm.ge