ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რა ეტაპზეა „მზიური გარდენსის“ პროექტი?
19 სექტემბერი, 2022

შავი ზღვის სანაპიროზე, პრემიუმ კლასის აპარტამენტებისგან შემდგარი საცხოვრებელი და საინვესტიციო პროექტი „მზიური გარდენსის“ დასრულება რამდენიმე თვეში იგეგმება. „მზიური გარდენსი“ მახინჯაურში ზღვიდან სულ რამდენიმე მეტრში, ყოფილი სანატორიუმის ტერიტორიაზე მდებარეობს.

პროექტს ქართულ-ბრიტანული ვენჩერული კომპანია MRMU International-ი ახორციელებს, რომელმაც ყოფილი კურორტ „მახინჯაურის“ ტერიტორია კომპანია „სტატოტელის“ დამფუძნებელ „კაპიტან ჰოლდინგისგან“ 2017 წელს შეიძინა. თავის მხრივ „სტატოტელმა“ სანატორიუმ „მახინჯაურის“ ტერიტორია აჭარის მთავრობისგან პირდაპირი მიყიდვის წესით 2016 წელს 3 900 000 ლარად იყიდა, თუმცა ნაკისრი ვალდებულების შესრულება და საპრივატიზებო საფასურის გადახდა ვერ შეძლო. საბოლოოდ პროექტში კომპანია MRMU INTERNATINAL-ი ჩაერთო, რომელმაც მახინჯაურში პროექტის „მზიური გარდენსის“ განხორციელება დაიწყო. ის საცხოვრებელ აპარტამენტებთან ერთად 5*-იან Crowne Plaza-ს სასტუმროს და ბალნეოლოგიური კურორტს გააერთიანებს.

„მზიური გარდენსი“ 15000 კვ,მ -ზეა განთავსებული და ორ 15 სართულიან და ერთ 17 სართულიან შენობას აერთიანებს, რომელიც პრემიუმ კლასის 581 აპარტამენტისგან შედგება.

როგორც „მზიური გარდენსის“ ხელმძღვანელი ზურაბ ნასყიდაშვილი „კომერსანტთან“ აცხადებს, სასტუმროს მიმართულების ჯამური საინვესტიციო ღირებულება 120 მლნ ლარია, რომელიც ბალნეოლოგიურთან ერთად 194 სასტუმრო ნომერს გააერთიანებს. სასტუმრო Crowne Plaza 2023 წლის გაზაფხულიდან სტუმრებს უკვე მიიღებს, ხოლო ბალნეოლოგიურის მშენებლობა 2024 წლის ბოლომდე დასრულდება.

რაც შეეხება აპარტამენტებს, როგორც ნასყიდაშვილი აცხადებს, მათი ექსპლუატაციაში ჩაეშვება 2023 წლის გაზაფხულზე მოხდება. ამ დროისათვის აპარტამენტების უმეტესობა უკვე გაყიდულია. ზურაბ ნასყიდაშვილის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეების გარდა აპარტამენტები არაბეთის გაერთიანებული საამიროების, პოლონეთის, უკრაინის, რუსეთის და გერმანიის მოქალაქეებმა უკვე შეიძინეს.

„რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს გერმანელებმა საკმაოდ ბევრი ბინა შეიძინეს“, - აცხადებს ნასყიდაშვილი.
დღეს მდგომარეობით აპარტამენტებში 1 კვ/მ-ის ფასი 1700 დოლარიდან იწყება და მაქსიმალური ღირებულება 2500 დოლარია.

„მზიური გარდენსის“ ტერიტორიაზე ისტორიული მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტის აღდგენა და საერთაშორისო სტანდარტების მქონე 60-ნომრიანი სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრის მოწყობაც მიმდინარეობს.

პროექტის მიზანია აჭარა, კონკრეტულად კი მახინჯაური, აქციოს ოთხივე სეზონზე მიმზიდველ დასასვენებელ ლოკაციად, ამ გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამედიცინო ტურიზმის განვითარებას და ბალნეოკურორტით დაინტერესებული ვიზიტორების მიღებას მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან.

აღსანიშნავია, რომ Crowne Plaza მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სასტუმროების კომპანია, Inter Continental Hotels Group-ი (IHG) ნაწილია. ევროპაში IHG-ის პორტფოლიოს ბრენდების 600 სასტუმროა წარმოდგენილი, რომელთა შორისაცაა InterContinental Hotels & Resorts-ი, Holiday Inn-იდა Holiday Inn Express-ი. რაც შეეხება საქართველოს, აქ უკვე მუშაობს IHG-ის გამორჩეული ბრენდი – Holiday Inn Tbilisi და Crowne Plaza ბორჯომი.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.