ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რა ეტაპზეა საქართველოს მთავრობასა და Ryanair-ს შორის მოლაპარაკებები?
23 თებერვალი, 2023

პანდემიის დასრულების შემდეგ საქართველოს ავიაბაზარს უცხოური ავიაკომპანიების უმრავლესობა დაუბრუნდა, თუმცა საქართველოს ცაზე ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი ჯერჯერობით არ ჩანს. ავიაკომპანია იტალიის და საფრანგეთის ქალაქებიდან ფრენებს თბილისის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ასრულებდა და საკმაოდ დაბალტარიფიანი ბილეთებით საქართველოს მოქალაქეების ევროპასთან წვდომას და პირიქით
უზრუნველყოფდა.
AviaNews-ის მკითხველები და უბრალოდ მგზავრები ხშირად წერენ იმაზე, თუ რატომ აღარ ასრულებს Ryanair-ი საქართველოს მიმართულებით ფრენებს. მგზავრთა დიდი ინტერესების დასაკმაყოფილებლად შესაბამისი კითხვებით AviaNews-მა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას მიმართა:

– რა ეტაპზეა საქართველოს მთავრობისა და Ryanair-ის მოლაპარაკებები?

– მთავრობის აქტიური ძალისხმევით, ავიაკომპანია Ryanair-ი საქართველოს ბაზარზე, 2019 წელს შემოვიდა. 2020 წლის მარტში, როდესაც კოვიდ-პანდემიის გამო მსოფლიოს თითქმის ყველა ავიაკომპანიას შეექმნა პრობლემები, Ryanair-მაც შეაჩერა ოპერირება, მათ შორის საქართველოში.
იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების შემოყვანა ჩვენი საავიაციო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია, მუდმივი მოლაპარაკების რეჟიმში ვართ სხვადასხვა ავიაკომპანიასთან, მათ შორის Ryanair-თან. გვქონდა არაერთი სამუშაო შეხვედრა ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან, მათ შორის საერთაშორისო დონის საავიაციო ფორუმების ფარგლებში.
მიმდინარე წლის 22-24 თებერვალს, მაროკოში დაგეგმილ საავიაციო ფორუმზეც (CONNECT 2023) გვექნება შესაძლებლობა, შეხვედრა გავმართოთ ავიაკომპანიასთან და განვიხილოთ მოლაპარაკების მიმდინარე საკითხები.

– თუ მხარეებს შორის დიალოგი აქტიურია, მაშინ იქნებ მიპასუხოთ მოლაპარაკებები მიმდინარეობს ქუთაისის და თბილისის საერთაშორისო აეროპორტებში დაბრუნებაზე, თუ მხოლოდ თბილისზე ან მხოლოდ ქუთაისზე?

– როგორც უკვე აღვნიშნეთ, ავიაკომპანიასთან ვართ სამუშაო რეჟიმში და მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი, რომელიც არის ხანგრძლივი და კომპლექსური. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე მოკლებული ვართ შესაძლებლობას, მიმდინარე კომერციული მოლაპარაკებების კონკრეტული დეტალები გაგიზიაროთ.

– ცნობილი გახდა, Ryanair-ი სომხეთის ბაზარს უბრუნდება, უკრაინაში ომი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ავიაკომპანიამ უკრაინის ბაზისთვის ეკიპაჟის აყვანა დაიწყო, ამ გარემოებების გათვალისწინებით გეკითხებით, ისევ არის თუ არა ავიაკომპანია საქართველოს ბაზარზე დაბრუნებით დაინტერესებული?

– ის ფაქტი, რომ ავიაკომპანია ოპერირებდა საქართველოში და ამჟამადაც ვიმყოფებით მოლაპარაკების რეჟიმში ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით, თავისთავად ადასტურებს ორმხრივ ინტერესს. უნდა აღინიშნოს, რომ კოვიდ-პანდემიის შემდგომ საკმაოდ რთული მდგომარეობა შეექმნა ავიაციის სექტორს, რის გამოც მოლაპარაკებები და გადაწყვეტილებების მიღების პროცესები სტანდარტულზე უფრო გრძელვადიანი და კომპლექსური გახდა. ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებები ურთიერთსასარგებლო შედეგებით დასრულდება და საზოგადოებას მივაწვდით უფრო დეტალურ ინფორმაციას Ryanair-თან თანამშრომლობის თაობაზე.

avianews.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.