ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რა გამოწვევების წინაშე აყენებს ახალი კანონპროექტი ტურიზმის სექტორს?
22 ნოემბერი, 2023

20 ნოებერს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მეორე მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „ტურიზმის შესახებ“.

კანონპროექტით გათვალისწინებულია ტურიზმთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა, ტურიზმის სექტორში სამეწარმეო საქმიანობის რეგულირებისა და კოორდინაციის პრინციპების დადგენა, მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტების უზრუნველყოფა და სახელშეკრულებო ურთიერთობების რეგულირება.

კანონპროექტი ასევე ადგენს უფლებამოსილი ორგანოების ფუნქციებისა და მოვალეობების, სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მექანიზმებს, განსაზღვრავს ტურისტების უფლებებისა და მოვალეობების, ტურისტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ დებულებებს.

კანონის ძირითადად ასპექტებსა და მის შემოღებასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე Travel In Georgia-ს თავის მოსაზრებას პროექტის მენეჯერი - მიხეილ ნაკაშიძე უზიარებს:

„ფაქტია, რომ ტურიზმის სფეროში მოქმედი კანონი  ტურიზმისა და კურორტების შესახებ, რომელიც 1997 წლიდან მოქმედებს, ვეღარ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს და დიდი ხანია საჭიროებს მოდერნიზებას ან საერთოდ ახალი კანონის მიღებას, რომელიც გაითვალისწინებს განვითარებული ქვეყნების საუკეთესო საკანონმებლო პრაქტიკას,  შესაბამისობაში იქნება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან, ამოცანებთან და ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან.“

მიხეილ ნაკაშიძის თქმით, ეს კანონპროექტი ახალ ვალდებულებებს დააკისრებს გიდებსა და ტუროპერატორებს:

„კანონპროექტის მიხედვით, მაღალი რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების/აქტივობების სია და  განხორციელების წესი განისაზღვრება მთავრობის დადგენილებით/ტექნიკური რეგლამენტით.

სამთო, სათხილამურო და ალპური გამყოლის საქმიანობის უფლების მოპოვება ხდება აკრედიტირებული პროფესიული ორგანიზაციის მიერ  სერტიფიცირებული პირების მეშვეობით; 

ტურისტული გიდების მომსახურების ხარისხის  გაუმჯობესებისთვის და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მთავრობა  განსაზღვრავს შესაბამის ადგილებს, სადაც ტურისტული გიდის საქმიანობის განხორციელება შესაძლებელი იქნება მხოლოდ სახელმწიფო გიდის ოფიციალური მაიდენტიფიცირებელი ნიშნის მქონე პირებისთვის.

კანონპროექტით სავალდებულო ხდება ტურისტული საქმიანობების რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.

ევროპული პრაქტიკისა და ევროკავშირის დირექტივების გათვალისწინებით, განისაზღვრება ტუროპერატორისა და კომბინირებული ტურისტული ხელშეკრულების მიმწოდებლის  მიერ ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა შესაბამისი პასუხისმგებლობის დაზღვევით ან/და ფინანსური/საბანკო გარანტიით.

მაგალითად,  ტურაგენტი, რომელიც კანონპროექტის 25-ე მუხლით გათვალისწინებული ტუროპერატორის მიერ შექმნილი პაკეტის შემთხვევაში საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტებს სთავაზობს ტურისტულ პაკეტს ან ასეთი ტუროპერატორის სახელით ყიდის ამ პაკეტს - ვალდებულების უზრუნველყოფის ოდენობის სახით ტურისტულ ადმინისტრაციას უნდა წარუდგინოს  პაკეტების დაგეგმილი წლიური გაყიდვების არანაკლებ 7%-ისა, მაგრამ არანაკლებ 30 000 ლარისა;

მოვაჭრე (ტუროპერატორი და კომბინირებული მომსახურების მიმწოდებელი) ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას წარუდგენს შესაბამისი უზრუნველყოფის დამადასტურებელ ხელშეკრულების ერთ ეგზემპლარს.“

კანონპროექტი ასევე შეეხება ტურიზმის სფეროში ჩართულ კერძო პირებს, მცირე და საშუალო ბიზნესებს:

„აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის დირექტივები, რომელთან შესაბამისობაშიც მოდის აღნიშნული კანონპროექტი, არ ითვალისწინებს რაიმე სახის ვალდებულების უზრუნველყოფის ოდენობებს. შესაბამისად, აღნიშნული რედაქციით კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, არსებობს იმის საშიშროება, რომ ბევრი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი, რომელიც დასაქმებულია ტურიზმის სექტორში, ვეღარ შეძლებს საქმიანობის გაგრძელებას.“

კანონპროექტი  განსაზღვრავს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის შექმნის წინაპირობებსაც:

„მნიშვნელოვანი სიახლეა დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) შექმნის სამართლებრივი წინაპირობების განსაზღვრა. კანონპროექტით ტურისტული დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია არის ადგილობრივ დონეზე ტურიზმის განვითარებისა და კონკრეტული  დანიშნულების ადგილის პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით კერძო და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობის საფუძველზე შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს დანიშნულების მართვის ორგანიზაციის სტატუსი. დანიშნულების მართვის ორგანიზაციის დამფუძნებლები შეიძლება იყვნენ მუნიციპალიტეტ(ებ)ი და კერძო სამართლის კომერციული იურიდიული პირი ან/და არაკომერციული იურიდიული (ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებული ასოციაცია) პირი ან/და ფიზიკური პირი“ - ამბობს მიხეილი.

კანონპროექტს პარლამენტში ტურიზმის სექტორის აქტიური საჯარო ჩართულობის გარეშე განიხილავენ. უცნობია თარიღი, როდის ჩატარდება მეორე მოსმენა.

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.