ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რა გეგმები აქვს ბიზნესს ქვეყანაში ჰელისკის განვითარებისთვის - სპეციალურად შემოყვანილი ვერტმფრენი რეგისტრაციის ფაზას გადის
01 დეკემბერი, 2022

კომპანია „ჰელისკი ჯორჯია“ საქართველოში პანდემიის გამო შეფერხებული ჰელისკი ტურიზმის თავიდან აღორძინებას იწყებს. (ტერმინი „ჰელისკი“ ინგლისური სიტყვებიდან - „helicopter“ (ვერტმფრენი) და „skiing“ (თხილამურებზე სრიალი) მომდინარეობს და ის სასრიალო ბილიკებისგან შორს მდებარე მთების ფერდობებზე გაუკვალავ თოვლში სრიალს გულისხმობს. ამწე საშუალებად კი ვერტმფრენს იყენებენ.)

როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ვატო ასათაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა, ჰელისკის მიმართულებით ქვეყანაში კადრების დეფიციტია, რის გამოც ბიზნესები ამ მიმართულებაში ინვესტირებისგან თავს იკავებენ. ასათაშვილის განმარტებით, „ჰელისკი ჯორჯია“ კადრების გადამზადების პროგრამას უახლოეს თვეებში დაიწყებს.

„ჩამოვიყვანეთ ახალი ვერტმფრენი, რომელსაც სასწავლო მიზნებისთვის გამოვიყენებთ და გადავამზადებთ მფრინავებს.

ამდენი წელი გაჩერებული კომპანიის პირობებში ძალიან ბევრი თანამშრომელი წავიდა ამ სფეროდან და როგორც აღმოჩნდა, ახალი კადრების მოძიებაც საკმაოდ რთულია. მით უმეტეს, ისეთი სპეციალისტების, რომელიც ისედაც ცოტაა.

ამიტომ დავიწყეთ ახალი საპილოტე პროექტი და გადავწყვიტეთ, რომ ჯერჯერობით ჰელისკის მიმართულებით აქტიური ოპერირების ფაზაში არ გადავალთ, მაგრამ მაქსიმალურ აქცენტს გავაკეთებთ კადრების გადამზადებაზე და ახალი კადრების მოძიებაზე.

ქვეყანაში შემოყვანილია პატარა ზომის ვერტმფრენი, რომელიც ჯერ რეგისტრაციის ფაზას გადის. ამ ეტაპზე კომერციული ფრენების განხორციელებას არ დავიწყებთ და გვექნება მხოლოდ სასწავლო ფრენები. მაგ მიმართულებით ვიმუშავებთ მომდევნო წლის გაზაფხულიდან“, - აცხადებს ასათაშვილი, თუმცა ვერტმფრენის ტიპს და ტექნიკურ მახასიათებლებს ჯერჯერობით არ ასახელებს.

„კომერსანტის“ ინფორმაციით საუბარია Robinson R44-ის ტიპის ვერტმფრენზე, რომელიც აქამდე პოლონურ რეესტრში ირიცხებოდა და მას შემდეგ რაც ქართული ოპერატორი საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატს (Air Operator Certificate AOC) მიიღებს ფრენების განხორციელების საშუალებაც მიეცემა.

კომპანია „ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელი ამბობს, რომ კომპანიას აღნიშნული პროექტის რეალიზებისთვის 100 ათას დოლარამდე ინვესტიცია ესაჭიროება.

„ეს არის უხეშად 70 -დან 100 ათას დოლარამდე საინვესტიციო კაპიტალი, რასაც ეტაპობრივად განვახორციელებთ“, - ამბობს ბიზნესმენი.

ასათაშვილი განმარტავს, რომ საკუთარი და/ან პოტენციური თანამშრომლების გადამზადება/დასწავლის გარდა კადრების მომზადება განიხილება რეგიონული მასშტაბითაც.

„არამხოლოდ საკუთარი თანამშრომლების, არამედ ახალი თაობის გადამზადების ტალღა უნდა დავიწყოთ, რომელიც პრინციპში ამ პერსონალს გადაანაწილებს ქართულ ბაზარზე არსებულ კომპანიებში. ყველაზე მთავარი არის ის, რომ ვისაც ავიაცია აინტერესებს, თავს იკავებს ინვესტირებისგან, რადგანაც ფიზიკურად არავინ არ არის, ვისაც უნდა ჩააბაროს. ვინც იყვნენ, ისინიც ქვეყნიდან წავიდნენ. აქამდე მოთხოვნა ქმნიდა მიწოდებას, თუმცა ახლა გვინდა, რომ მიწოდება გავზარდოთ და გაზრდილი მიწოდების შემთხვევაში მოთხოვნის გენერირება მოვახდინოთ.

საინტერესოა ისიც, რომ სასწავლო პროგრამების კუთხით სამეზობლოში სომხეთში, აზერბაიჯანში და ახლო აღმოსავლეთში ფიზიკურად არ არის ვერტმფრენების გადამზადების პროგრამები და გვინდა, რომ ამ მიმართულებითაც გარკვეული პროგრამები გავაკეთოთ“, - აცხადებს ასათაშვილი.

commersant.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.