რა გეგმების განახორციელებას გეგმავს მთავრობა ბაკურიანის საერთაშორისო კურორტად ქცევის მიზნით
მთავრობას ბაკურიანის საერთაშორისო დონის კურორტად ქცევა სურს. კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა უკვე დაწყებულია. მთავრობამ ბაკურიანის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა დაამტკიცა. გეგმა ინფრასტრუქტურის სწორ განვითარებასთან ერთად, მკაცრ რეგულაციებს მოიცავს.
როგორც პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ეს სამთავრობო გეგმის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულების - სივრცითი განვითარების მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი შეფასებით, ახალი რეგულაციები ხელს შეუწყობს ბაკურიანის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, ოთხი სეზონის სამთო კურორტად გარდაქმნას.
„წლების განმავლობაში ბაკურიანში მიმდინარე უსისტემო მშენებლობამ გამოიწვია, როგორც გარეგნული იერსახის დაზიანება, ასევე ტყის ფონდის განადგურება და ვიდრე ჯერ კიდევ გვიანი არ არის, დღეს უკვე პრაქტიკულად ვაწესებთ მკაცრ რეგულაციებს. გარდა იმისა, რომ გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურის სწორი განვითარება, გენერალური გეგმა მოიცავს სასრიალო ტრასების სიგრძის გაზრდას და ერთმანეთთან დაკავშირებას, ასევე ე.წ „წრის" შიდა ტერიტორიის პარკად ჩამოყალიბებას, მდინარე ბაკურიანულას რესურსის სარეკრეაციო გამოყენებას, რეკრეაციული სივრცეების შექმნას, საბავშო მოედნების, კემპინგების, საფეხმავლო გზების, პარკირების მოწესრიგებას და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, ამ რეგულაციების საშუალებით ბაკურიანი უნდა გადაიქცეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, ოთხი სეზონის სამთო კურორტად და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გეგმა ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს ამ უმნიშვნელოვანესი კურორტის განვითარებისთვის", - აღნიშნა პრემიერმა.
www.travelingeorgia.ge