საქართველოს მოქალაქეები კაშხლის დასათვალიერებლად მაშინ მიდიან, თუ უცხოელი სტუმრები ჰყავთ - ამის შესახებ „ენგური ატრაქციის“ დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ენგურჰესის კაშხალზე პირველი ტურისტული მარშრუტი ნოემბერში გაიხსნა. ნიკოლოზ ანთიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე მარშრუტის დამთვალიერებელთა რაოდენობა 300-ზე მეტია, აქედან, 100 ადამიანზე მეტი მხოლოდ მაისში ესტუმრა ატრაქციას, რაც მისი პოპულარობის ზრდაზე მიანიშნებს.
„ტურები ტარდება როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ რეჟიმშიც. ერთი ვიზიტორისთვის ღირებულება 20 ლარია დიდ მარშრუტზე, რაშიც შედის ავტობუსით მომსახურება, გიდი და 5 ლოკაციის დათვალიერება. ხოლო შედარებით მცირე ტური დროით და ლოკაციების კუთხითაც 10 ლარი ღირს. პარალელურად, ვმუშაობთ ახალი ტურისტული ლოკაციების დამატებაზეც. ახლა მიმდინარეობს საბიუჯეტო განხილვა თუ რა დაჯდება ვიზიტორთა ცენტრი, რომელიც იქნება მისასვლელში.
მარშრუტი ნოემბერში გაიხსნა, როცა ტურისტული სეზონი იმდენად აქტიური არ არის, ამიტომ ვერ დავიკვეხნით ბევრი დამთვალიერებლით, თუმცა ნამდვილად გვაქვს ზრდის პოზიტიური ტენდენცია. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ენგურისთვის სპეციალურად გამოყონ დრო ვიზიტორებმა, რადგან ჯერჯერობით ტურები ხორციელდება სვანეთში მიმავალი ტურისტებისთვის, ან მათთვის, ვინც უკან ბრუნდება სვანეთიდან. ამ ადამიანებს არ აქვთ ხოლმე ბევრი დრო გამოყოფილი და ვერ ახერხებენ ბოლომდე შეიგრძნონ საინჟინრო გენია, რომელთანაც საქმე გვაქვს.
ჯამში ნოემბრიდან დაწყებული 300 ვიზიტორი გვყავდა და აქედან მხოლოდ მაისში 120 ადამიანი გვესტუმრა. ეს ნიშნავს, რომ პროცენტულად მაისში მატება გვაქვს. თუმცა, ეს მაინც ახალი ობიექტია ჩვენი ქვეყნისათვის და მეტი პოპულარიზაცია სჭირდება, რასაც მუდმივად ვცდილობთ და იმედი გვაქვს, რომ სტუმრების ოდენობაც გაიზრდება“, - განაცხადა ანთიძემ.
მისივე თქმით, „სტუმრების უმეტესობა უცხოელები არიან. საქართველოს მოქალაქეები, კაშხალის დასათვალიერებლად მაშინ მიდიან, თუ უცხოელი სტუმრები ჰყავთ“.
ცნობისთვის, ენგურის თაღოვან კაშხალს ინდუსტრიული მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის კატეგორია 2015 წელს განესაზღვრა.
წყარო: ,,ბიზნესპრესნიუსი