საქართველოში სასტუმროების მომსახურების ფასები აგვისტოში უმნიშვნელოდ გაძვირდა. Policy and Management Consulting Group-ის (PMCG) კვლევის შედეგების მიხედვით, 2018 წლის აგვისტოში ივლისთან შედარებით სასტუმროეების ფასების ინდექსი 0,1%-ით გაიზარდა.
საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა 147 ლარი შეადგინა.
3-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი საშუალო ფასები რეგიონებს შორის სამეგრელო-ზემო სვანეთში - 177 ლარი და აჭარაში - 164 ლარი დაფიქსირდა. 3-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის დაბალი ფასებით გამოირჩეოდა ქვემო ქართლი - 89 ლარი და იმერეთი - 103 ლარი.
4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა აგვისტოში 253 ლარი შეადგინა. ამ თვალსაზრისით ყველაზე მაღალი საშუალო ფასები კახეთში - 299 ლარი და სამცხე-ჯავახეთში - 274 ლარი დაფიქსირდა. აგვისტოს თვეში 4-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის დაბალი ფასებით გამოირჩეოდა სამეგრელო-ზემო სვანეთი - 155 ლარი და იმერეთი - 233 ლარი.
5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო ფასმა აგვისტოში 455 ლარი შეადგინა. თბილისში, ამ ტიპის სასტუმროებში, სტანდარტული 2-ადგილიანი ნომრის საშუალო ფასმა 619 ლარი შეადგინა, აჭარაში - 393 ლარი, სამცხე-ჯავახეთში - 383 ლარი, ხოლო კახეთში - 357 ლარი.
www.travelingeorgia.ge