ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
"რამდენიმე დღის წინ, ჩვენ უკვე განვახორციელეთ საინვესტიციო აქტივობა, ფონდმა $3 მლნ-ის კონტრიბუცია მოახდინა"
18 იანვარი, 2024

"ჩვენი სტრატეგიით, როგორც დამწყები, ასევე არსებული ბიზნესის გაფართოება მოიაზრება. სულ რამდენიმე დღის წინ, 2024 წლის იანვრის პირველ დღეებში ჩვენ უკვე განვახორციელეთ საინვესტიციო აქტივობა,"-ამის შესახებ "საქართველოს განვითარების ფონდის" აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ ბუგიანიშვილმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.

მისი განცხადებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, „ჰილტონის“ ბრენდის ქვეშ ოპერირებადი სასტუმროს მშენებლობა-განვითარებაზე "საქართველოს განვითარების ფონდმა" 3 მილიონი დოლარის კონტრიბუცია მოახდინა.  "პოზიტიური აქტივობით ვიწყებთ და ეს აქტივობები ცხადია, რომ გაგრძელდება. ამ პროექტის გარდა სხვა პროექტებზეც მიდის მუშაობა და ახალ პროექტებსაც ველოდებით“, - განაცხადა ბესიკ ბუგიანიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ფონდის სტრატეგიით როგორც დამწყები, ასევე არსებული ბიზნესის გაფართოება მოიაზრება

მისი ინფორმაციით, კომპანიების მიერ წარმოდგენილი პროექტები "საქართველოს განვითარების ფონდის" გაცხადებულ მიზნებსა და ამოცანებს აბსოლუტურად უნდა შეესაბამებოდეს.

„ჩვენთვის საინტერესოა მოგებაზე ორიენტირი კომპანიები, რომლებიც წარმოადგენენ საკმაოდ კარგად გაწერილ პროექტებს, რომელსაც აქვს ხარისხიანად მომზადებული ტექნიკური ნაწილი და ეკონომიკური მხარე. სწორედ ამ მიმართულებით მოხდება შერჩევა. წარმოდგენილი პროექტები უნდა შეესაბამებოდეს და სრულ თავსებადობაში იყოს ჩვენს გაცხადებულ მიზნებთან და ამოცანებთან, რომელიც ჩვენი სტრატეგიის ნაწილშია გაწერილი“, - აცხადებს ბესიკ ბუგიანიშვილი.

მისივე თქმით, ფონდის მხრიდან პროექტებში 30%-ზე მეტის დაფინანსება არ მოხდება.

„ფონდს კანონში აქვს სამართლებრივად განსაზღვრული შეზღუდვები, რაც გამოიხატება იმაში, რომ ჩვენი მონაწილეობა მინიმუმ 3 მილიონი ლარი უნდა იყოს, პროექტის 30%-ზე მეტის დაფინანსება არ მოხდება ჩვენი მხრიდან და ასევე, კაპიტალის ნაწილში ვიქნებით 49%-ში. ზედა ზღვარი როგორც ასეთი არ არსებობს და ეს გამომდინარეობს იმ საინვესტიციო ბიუჯეტიდან, რომელიც დაგეგმილი გვაქვს. აქაც ბევრი გამოწვევები იქნება, რადგან საერთაშორისო აქტივობებზე იქნება დამოკიდებული.

რაც შეეხება დაფინანსების წყაროებს - ფონდს აქვს თავისი საინვესტიციო საქმიანობა და აქედან მიღებული შემოსავლები, ფონდის მფლობელობაში მყოფი კომპანიების დივიდენდები. ცხადია, საერთაშორისო განვითარების ბანკებთან და ფონდებთანაც დაწყებულია მუშაობა და მათგანაც ველოდებით როგორც სესხებს ასევე, გრანტებს. ამასთან, გარკვეულწილად საერთაშორისო კომერციულ ინსტიტუტებსაც ვესაუბრებით კაპიტალის მოზიდვის კუთხით“, - განაცხადა ბესიკ ბუგიანიშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ფონდის პროექტში მონაწილეობა მაქსიმუმ 7 წლით არის განსაზღვრული.

„ჩვენ გვაქვს საკმაოდ დივერსიფიცირებული დაფინანსების ინსტრუმენტი. ეს შეიძლება იყოს კაპიტალში მონაწილეობა, მიზნობრივი სესხი, სუბორდინირებული სესხი, სინდიკატური სესხი, უპირატესი სესხი და ასევე, გარანტია. 6 ძირითადი ინსტრუმენტი გვაქვს და ყველას აქვს თავისი სპეციფიკა და შესაბამისად, გამოსვლის სტრატეგიებიც ამ ინსტრუმენტებიდან გამომდინარეობს, თუმცა სამართლებრივი კუთხით ჩვენი პროექტში მონაწილეობა მაქსიმუმ განსაზღვრულია 5-7 წლით, ანუ 7 წლის განმავლობაში ჩვენ ამ პროექტიდან უნდა გამოვიდეთ’, - აღნიშნა ფონდის დირექტორმა.

შეგახსენებთ, "საპარტნიორო ფონდი" ახალი სახელწოდებით (საქართველოს განვითარების ფონდი) სტრუქტურითა და განახლებული მენეჯმენტით აგრძელებს საქმიანობას.  სამეთვალყურეო საბჭოს წარდგინებით, ფონდის აღმასრულებელ დირექტორად ბესიკ ბუგიანიშვილი დაინიშნა, რომელიც ამავე დროს, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ფუნქციებსაც ასრულებს.

საბჭოს წევრების გადაწყვეტილებით, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა დავით საგანელიძე, თავმჯდომარის მოადგილედ - მერაბ კაკულია, ხოლო აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარედ - ავთანდილ სილაგაძე.

სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან ასევე (აუდიტის კომიტეტის წევრი) ვაზილ ჰუდაკი, რომელსაც საფინანსო და საინვესტიციო მიმართულებით მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორებში. მათ შორის, 2016-2019 წლებში იყო ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტი.

საბჭოს წევრია (აუდიტის კომიტეტის წევრი)  ნანა ადეიშვილი, რომელსაც აქვს მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება ეკონომიკური პოლიტიკის, კერძო სექტორის განვითარების, კონკურენტუნარიანობის, საინვესტიციო კლიმატის კვლევისა და ინოვაციური  პოლიტიკის შემუშავების, ევროინტეგრაციის საკითხების მიმართულებით ევროპისა და აზიის 13 განვითარებად ქვეყანაში როგორც მენეჯერის, ისე ექსპერტისა და კონსულტანტის რანგში.

bp.ge

 


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.