ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა “საქმიან დილაში” იმ სამ პრიორიტეტულ მიმართულებაზე ისაუბრა, რომლებიც კერძო სექტორთან შეხვედრის დროს გამოიკვეთა.
მისი თქმით, პირველი მომსახურების სფეროს გაუმჯობესებაა, მეორე მიმართულება ინფრასტრუქტურული ნაწილია, სადაც ყველაზე მწვავედ მაინც, სველი წერტილების საკითხი დგას, მესამე კი – ტრენინგების საჭიროება.
“ბოლო ორი კვირის განმავლობაში, გუნდმა ძალიან ბევრი იმუშავა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად, იმ 70 ტოპ–ლოკაციის იდენტიფიცირება მოახერხა, სადაც ყველაზე მეტად და ხშირად ხვდებიან ტურისტები. რა თქმა უნდა, 70 ლოკაცია არა არის საკმარისი, რომ მთელი საქართველო მოვიცვათ, თუმცა ჩვენ სწრაფი და მყისიერი რეაგირება გვინდა მოვახდინოთ პრობლემაზე. ამიტომაც დავიწებთ 70 ლოკაციით. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სველი წერტილების უმეტესობას, ანუ დაახლოებით 98%-ს, ხელახალი რეკონსტრუქცია ესაჭიროება”, – აღნიშნა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.
მისივე თქმით, დღეს ბევრი სტრუქტურა და მუნიციპალიტრეტია ჩართული ადმინისტრაციასთან ერთად, შიდა განხილვები მიმდინარეობს, თუ როგორი ფორმით მოხდება ამ პრობლემაზე მუშაობა.
მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემაში ასევე ისაუბრა პლატფორმაზე, რომელიც კერძო სექტორთან ინტენსიურ და კოორდინირებულ ურთიერთობას გულისხმობს.
“იმისათვის, რომ ადმინისტრაცია იყოს საზოგადოებისთვის გამჭვირვალე და მუდმივად დარჩეს კერძო სექტორთან ხაზზე, ჩვენ შევიმუშავეთ B2B პლატფორმა, რომელიც კერძო სექტორის წვდომაზე იქნება დამყარებული და სწორედ მისი საშუალებით, ჩვენ შევძლებთ გავუზიაროთ ადამიანებს არა მხოლოდ სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც იქნება გაცილებით სრულფასოვანი, არამედ, ამ პლატფორმის მეშვეობით დავაანონსებთ ყველა იმ აქტივობას, რასაც საერთაშორისო არეალზე ვაკეთებთ და გავაჭღერებთ მომდევნო 6 თვის და ერთ წლის სტრატეგიას. ასევე, თუკი ჩვენ შევდივართ ახალ ბაზარზე, კერძო სექტორს ეცოდინება, რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ, ამა თუ იმ ქვეყნიდან ტურისტის მოსაზიდად, ანუ შევუქმნით ბაზას, რომ მზად იყვნენ”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.