თითქმის 2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პანდემიის გამო საქართველოში ღამის კლუბები დაკეტილია და არ ფუნქციონირებს.
მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა მიმართულებით შეზღუდვები უკვე მოიხსნა ან შემსუბუქდა, ეს ჯერჯერობით არ შეხებია ღამის კლუბებს.
თუმცა, რამდენიმე დღის წინ შრომის ინსპექციის სამსახურმა ღამის კლუბების ასოციაციასთან რიგით მე-5 შეხვედრა გამართა. მხარეებმა გასართობი ინდუსტრიის უსაფრთხოდ ფუნქციონირების პროტოკოლის შემუშავების საკითხი განიხილეს და შეთანხმდნენ, რომ შეხვედრის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები და შეჯერებული საკითხები განსახილველად საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება.
როგორც შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ განაცხადა, კლუბები საკოორდინაციო საბჭოს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში გაიხსნება.
1-ლი დეკემბრიდან საქართველოში მწვანე ზონების კონცეფცია ამოქმედდა, რომელიც გულისხმობს გარკვეულ ობიექტებზე მწვანე სტატუსის მქონე პირების დაშვებას. მწვანე სტატუსის მისანიჭებლად პირი უნდა იყოს კოვიდგადატანილი ან ორჯერადად ვაქცინირებული. ასევე, ჩატარებული უნდა ჰქონდეს 72-საათიანი ვალიდურობის PCR ან 24-საათიანი ვალიდურობის სწრაფი ტესტი.
„მწვანე ზონების კონცეფციის შექმნის მიზნით, ღამის კლუბების ეტაპობრივ ჩართვასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექცია, მერიისა და ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან ერთად, აქტიურად მუშაობს უსაფრთხო პროტოკოლის შექმნის საკითხებზე, რომლის შედეგადაც განხორციელდება სექტორის ფუნქციონირების განახლება.“ – ნათქვამია შრომის ინსპექციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აქვე, კლუბ ბასიანის თანადამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ 17 დეკემბერს კლუბები გაიხსნება:
„ელექტრონული მუსიკისა და საკლუბო კულტურის აღდგენის ფონდის და Act4culture / The Cultural and Creative Industries Union of Georgia-ს მიერ ინიცირებული უსაფრთხო ღონისძიებების იდეა მხარდაჭერილია.
სამოქმედო გეგმას საფუძვლად უდევს ღია და დახურულ სივრცეებში ჩვენ მიერ ჩატარებული ორი საპილოტე ღონისძიების კვლევის შედეგი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სახელმძღვანელო დოკუმენტში ტექნიკური საკითხების დაზუსტება, რომ ელექტრონული მუსიკის სივრცეებმა მოიპოვონ უსაფრთხო ღონისძიებისთვის საჭირო მწვანე სტატუსი.
17 დეკემბერს, თითქმის 2-წლიანი პაუზის შემდეგ, საქართველოს მასშტაბით კლუბების კარი გაიხსნება და იმედი მაქვს, აღარასდროს დაიხურება.“
ამჟამად არსებული შეზღუდვების მიუხედავად, 3 დეკემბერს გაიმართა კლუბ ხიდის ივენთი. შედეგად კი, შრომის ინსპექციამ კლუბი 10 000 ლარით დააჯარიმა და დალუქა.
რაც შეეხება, დასავლურ ქვეყნებში ღამის კლუბების ფუნქციონირებას, იქ ამ მიმართულებით განსხვავებული მიდგომები აქვთ.
„ბერლინის კლუბები შურისძიებით ბრუნდებიან“ – წერდა The New York Times ჯერ კიდევ სექტემბერში.
ზაფხულის დასაწყისში გერმანიის მთავრობამ დააფინანსა კვლევა, რომელიც დაადგენდა, შეეძლო თუ არა მაღალი სიზუსტის PCR ტესტს კლუბის სტუმრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. კვლევაში მონაწილეობდა დაახლოებით 2 000 ადამიანი. ისინი ერთი შაბათ-კვირის განმავლობაში ექვს კლუბში იმყოფებოდნენ.
შედეგების გასაჯაროებამდე, ადგილობრივმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება კლუბების სასარგებლოდ, რომლებიც ქალაქში, დახურულ სივრცეში, ცეკვის აკრძალვას აპროტესტებდნენ. სასამართლოს გადაწყვეტილებამ ბერლინის სენატი იძულებული გახადა, ღამის კლუბები გაეხსნათ. კლუბში შესვლა შეუძლიათ სრულად ვაქცინირებულ ან ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ ადამიანებს (დამადასტურებელი დოკუმენტით). შესვლისთვის ტესტირება არ არის საჭირო.
ჰოლანდიაში ღამის კლუბები ზაფხულში გახსნეს, თუმცა, მალევე ხელისუფლებამ მათი კვლავ დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. შემოდგომაზე კლუბები ისევ გაიხსნა, მაგრამ 13 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე, ჰოლანდიის ხელისუფლების მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი ჩაკეტვის გამო, ღამის კლუბები იხურება საღამოს 9:00 საათზე. როგორც ცნობილი იყო, 4 დეკემბრის შემდეგ აღნიშნული შეზღუდვა უნდა მოხსნილიყო, თუმცა, 28 ნოემბერს ძალაში ახალი შეზღუდვები შევიდა, რომლებიც 19 დეკემბრამდე გაგრძელდება. როგორც ჰოლანდიის ხელისუფლებაში აცხადებენ, ვითარებას მთავრობა 14 დეკემბერს გადააფასებს.
საფრანგეთმა ზაფხულის შემდეგ კლუბებს საშუალება მისცა, ვაქცინირებული ადამიანებისთვის ხელახლა გახსნილიყვნენ. წინასაახალწლოდ გარკვეული შეზღუდვები წესდება საფრანგეთშიც, თუმცა, ის ჯერჯერობით მხოლოდ 65 წელზე მეტი ასაკის პირებსა და რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს შეეხებათ, რომლებსაც არ გაუკეთებიათ მესამე აცრა.
წყარო: businessfeed.ge