ხშირად დასმული კითხვები ავტორიზაცია  |  რეგისტრაცია
სიახლეები
რა მიზანი დაისახა „ქინძმარაულმა“ 2006 წლის რუსეთის ემბარგოს შემდეგ?
15 ივლისი, 2019

“მართალია, რუსეთი საქართველოსთვის ნომერ პირველი ბაზარია, სადაც ქართული ღვინის 65% გადის, თუმცა ჩვენი კომპანიის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი არ აღემატება 5%-ს,”, ამის შესახებ “კორპორაცია ქინძმარაულის” გენერალურმა დირექტორმა ნუგზარ ქსოვრელმა გადაცემა “საქმიან დილაში” განაცხადა და აღნიშნა, რომ 2006 წლის შემდეგ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭომ მტკიცედ დასახა მიზანი, რომ არცერთი საექსპორტო ბაზრის წილი 25%-30%-ს არ უნდა აჭარბებდეს.

“ჩვენ ამას მივაღწიეთ, რისთვისაც მიზანმიმართული მუშაობა იყო საჭირო. შედეგად, დღეს 21 ქვეყანაში ვყიდით საქართველოს ჩათვლთ ღვინოებს. აქედან 7 ქვეყანა ევროპულია, თუ არ ჩავთვლით ბალტიისპირეთის ქვეყნებს. სტატისტიკურად კი, ევროპა ჩვენთვის მეოთხე ბაზარია, იმ დროს როდესაც რუსეთი მეთორმეტე ადგილას სახელდება. რაც შეეხება გამორჩეულ ქვეყანას, ასეთია გერმანია; ის თავისი შესაძლებლობებით, პოტენციალით, მოსახლეობის რაოდენობით, საქართველოს მიმართ მაღალი ცნობადობით და დამოკიდებულებით, ლიდერია”, – განაცხადა ნუგზარ ქსოვრელმა.

მისი თქმით, საქართველო ახალი გამოჩენილია მსოფლიო რუკაზე და ჯერ კიდევ ბევრმა განათლებულმა ადამიანმა არ იცის, რომ აქ იწარმოება მაღალი ხარისხის ღვინო. ამიტომ პირველ რიგში, ქვეყნის ცნობადობის გაზრდაა საჭირო და მიზანმიმართული მუშაობა იმ ბაზრებზე, სადაც საქართველოს შესახებ ცნობადობა პერმანენტულად იზრდება.

„წარმატებული ნაბიჯია ქვეყნისთვის ისიც, რომ ტურიზმი და ღვინო ერთმანეთთან დავაკავშირეთ. ეს ერთ-ერთი საუკეთესო რეკლამაა, რადგან ქვეყანაში ემოციების დაგროვების პარალელურად, ტურისტები ხდებიან ქართული ღვინის ელჩები თავიანთ ქვეყნებში. ხოლო თუკი ტურიზმის სტატისტიკას დავეყრდნობით, ქვეყანაში დაახლოებით, 8 მლნ ადამიანი შემოვიდა და უნდა ვივარაუდოთ, რომ ამდენივემ წაიღო ინფორმაცია ღვინის შესახებ, რაც ძალიან დიდი და კარგი პოტენციალია,” – აღნიშნა “კორპორაცია ქინძმარაულის“ გენერალურმა დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ “კორპორაცია ქინძმარაული” წელიწადში დაახლოებით, 2,5 მლნ ბოთლ ღვინოს ყიდის საქართველოსა და მსოფლიოში. უახლოეს მომავალში კი, სამხრეთ კორეის ბაზრის დამატებას გეგმავს.

bm.ge


© 2011-2017, TRAVEL IN GEORGIA.